Multitaskerებმა რა ვქნათ

თქვენც თუ ჩემსავით კითხულობთ ხოლმე დებილურ სტატიებს თვითმენეჯმენტზე მიხვდებოდით, რომ რვაფეხებს არ გვწყალობენ. აქაოდა მიხედეთ და ერთ რამეს მიაწექით, ფოკუსირდით, გაუმჯობესდით და მეტს მიაღწიეთო.

არადა, ვარსებობთ ადამიანები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე რამეს და ზოგადად მსოფლიოში ყველაფერს ვაკეთებთ, რომლებსაც გვწყინდება ერთი და იმავე აქტივობით დაკავება, ვერ ვახდენთ კონცენტრირებას და ერთ საქმეზე მუშაობისას სხვა საქმეზე გვეფიქრება, რადგან კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო და ძალიან მაგარი რამე არსებობს და თან სავალდებულო საქმეები მომენტალურად კარგავენ “მუღამს”.

თავს დავდებ ყველას გამოგიცდიათ – ერთი დიდი საქმე რომ გაბარიათ, გამოცდა იქნება, რამე ფეიფერის დაწერა, სამსახურის ინტერვიუ, შეხვედრა თუ რამე მსგავსი, და თან მოსამზადებლად საკმარისზე მეტი დრო გაქვთ. თან ეს რაღაც ერთი დიდი საქმე იმდენად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია, რომ ვერც გარეთ გადიხართ და არც ცხოვრებისეული სიამენი გერგებათ, გონება იმ რაღაცას უტრიალებს და საბრალოდ ოხრავთ და წუწუნებთ. როგორც წესი სცენარი ასეთია ხოლმე: მაინც ბოლო წუთამდე სისულელეებით ვავსებთ დროს და ბოლო რამდენიმე დღესა და ღამეს ვასწორებთ. შედეგი საშუალოა, დრო – გაფლანგული და უსაშველოდ გაწელილი.

ან, სცენარი N 2. სამსახური გაქვთ, ან რაღაც 1 ხდება მთელი დღის განმავლობაში, ისეთი, საშუალო დონის. მთელი დღე ისე ივსება ამ მოვლენით, რომ სხვას ვეღარაფერს ახერხებთ. არადა რომ ფიქრობთ არც თუ ისეთი დაკავებულ-დაღლილები უნდა იყოთ. მაგრამ დრო რაღაცნაირად გადის.

მოკლედ, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, საქმე რაშია:

რაც უფრო მეტ რამეს აკეთებთ, დროის აღქმაც იცვლება, დღე ხანგრძლივდება და ყველაფრისთვის გყოფნით 🙂

ან სხვანაირად, რამდენიმე საქმეს თუ არ აკეთებთ, ვერც ერთზე ვერ მუშაობთ ხარისხიანად.

warning: პრიორიტეტების დალაგებაში არ აგერიოთ, ასე თუ ისე მაინც უნდა იცოდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის დღის განმავლობაში, რომ ენერგია რაღაც შტერობებზე არ დაგეხარჯოთ.

უბრალოდ იმ ერთ პრიორიტეტულ რამეს სხვა საქმეები მიუმატეთ. იმ ერთსაც უკეთესად გაართმევთ თავს, სხვა საქმეებსაც და ბოლოს კმაყოფილებს და ბედნიერებს დაგეძინებათ.

ჰო, ვიცი, ცუდია ერთი მიზანი და ერთი მიმართულება რომ არ მაქვს, მაგრამ დიდი ხნის წინ გადავწყვიტე თავთან ბრძოლის მაგივრად მაქსიმალურად კომფორტულად მოვერგო საკუთარ თავს.

ჩემი აქტივობების წრე ასე გამოიყურება:

საქმეები: სწავლა – სტარტაფი – ონლაინ ბიზნესი – სამსახური.

დროის ფაქტორი:

უნივერსიტეტი – კვირაში 15 საათი; (ამჟამად 40+, ფეიფერებს ვწერ, თან რამდენიმეს ერთად რომ არ მომწყინდეს)

ონლაინ ფრილანსერობისთვის / ბიზნესის აწყობისთვის – კვირაში 15 საათი;

სტარტაფისთვის ცოტა ნაკლები, ზემოთხსენებული მიზეზების და საქმეების გამო – 10 საათი;

ახლა ახალ სამსახურს ვეძებ, დღეში 1-2 საათით (მერე კვირაში 20 საათს ვიმუშავებ).

დასვენება/კეთილდღეობა: მუსიკა-ვარჯიში-გარეთ გასვლა-სოციალიზაცია – ფილმები და ეშმაკის მანქანები

მუსიკა-ხელოვნებისთვის კვირა დღე არსებობს;

ვარჯიში, ფიტნესი, იოგა, სირბილი –  ყოველ დღე, გონებას წმენდს და ფიზიკურად გვაკაჟებს;

გარეთ გასვლაში რას გულისხმობო იკითხავთ. იმას, რომ სახლში და ხალათში გატარებული დღეები მეზიზღება. გარეთ გასვლა სულაც რამდენიმე წუთით ყველაფერს ცვლის, სხვა ენერგიით და აზრებით გვავსებს. დაკვირვებიხართ რა მაგარი იდეები მოგდით მეტროში ან მოგზაურობისას? ან ერთი სული არ გაქვთ ხოლმე სახლში როდის მიხვალთ რომ “აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ?”.

ჰოდა, სულ ვამბობ ხოლმე, რომ ბლოგპოსტებს ჩემთვის ვწერ.

მე მჭირდებოდა ახლა თავისთვის შეხსენება, რომ არაუშავრს თუ 20 წუთში მწყინდება. არაუშავრს, თუ ხალხს ვერ ვუხსნი რატომ მაინტერესებს ა და ჭ, რომ ერთი რამის კეთებისას ასი იდეა მომდის და მერე იმ ას რამეზე ვეძებ ინფორმაციას და ასივეს ვიწყებ. თუ სიტყვა “კომპლექსური” შეიძლება ადამიანს აღწერდეს, მაშინ მე ვარ კომპლექსური. კომპლექსური რვაფეხა.

მერე რა, we are awesome 🙂

მთავარია ძალა მოვიკრიბოთ, საკუთარ თავებს მოვუსმინოთ, სისტემა შევიმუშავოთ და მივყვეთ.

ონლაინ კურსები და რესურსები

Mooc

MOOC -ები (massive open online courses) განათლების მიღების უუუჭკვიანესი, გენიალური საშუალებაა! დასხედით და უყურეთ ბედნიერად ონლაინ ლექციებს, იკითხეთ, აკეთეთ დავალებები, თუ გჭირდებათ, სერთიფიკატებსაც აიღებთ. ვიდეოლექციების ყურება გაცილებით პროდუქტიულია, ვიდრე, მაგალითად, მუსიკალური ვიდეოების.

მე იმ საიტებს გაგიზიარებთ, რომლებსაც თვითონ ვიყენებ.

  1. https://www.coursera.org/ – სადაც ნახავთ საუკეთესო უნივერსიტეტების საუკეთესოდ “გამართულ” კურსებს, ყველა განხრით, ყველა თემაზე. ფავორიტი ფავორიტთა შორის!  ერთი ნაკლი აქვს – კურსების ვიდეოებს ყოველთვის ვერ ნახავ. კურსები სხვადასხვა დროს იწყება და მთავრდება, ძველი კურსების ვიდეოებს (ოღონდ თუ ამ კურსებზე დარეგისტრირება კურსის დამთავრებამდე მოასწარით) რაღაც პერიოდის განმავლობაში ნახავთ (ეს პერიოდი შეიძლება რამდენიმე თვიდან ერთ წლამდეც გაგრძელდეს), სხვა შემთხვევაში კურსის დაწყებას უნდა დაელოდოთ. გამოსავალი – შეგიძლიათ გახსნილ ან გამოცხადებულ კურსებზე დარეგისტრირდეთ და მერე თავისუფლად შეხვალთ როცა მოგესურვებათ (თუ ვიდეოები მალევე არ წაშალეს). საიტზე ყველაფერი ძალიან მარტივია.
  2. https://www.khanacademy.org/ – შეუდარებელი რამაა მათემატიკა, მეცნიერება, ხელოვნება, ტექნოლოგიებსა და ასეთ რამე-რუმეებში 🙂 ყველაფერი სულ ხელმისაწვდომია.
  3. https://iversity.org/ – კურსერასთან შედარებით ცოტა, მაგრამ ძალიან საინტერესო, მუდამ ღია კურსები აქვს, მათ შორის, დიდი ნაწილი, გერმანულ ენაზეც.
  4. https://www.udemy.com/ – აქ კურსების ნაწილი ფასიანია. მაგრამ, 6000 (!) კურსში უფასოც უუუამრავია. უბრალოდ, ძებნისას მიუთითეთ “free”
  5. http://ocw.mit.edu/courses/ &
  6.  http://online.stanford.edu/  – ამ ორით ჯერ არ მისარგებლია, მაგრამ კურსების სათაურები საინტერესოდ გამოიყურება 🙂
  7. https://www.sdsnedu.org/home – პროფესორი ჯეფრეი საქსი თავად უძღვება ისეთ კურსებს, როგორიცაა “The age of sustainable development”, “planetary boundaries of human opportunities”, “climate change and negotiations”. – მათთვის, ვისაც ეს თემატიკა აინტერესებს.
  8. http://www.codecademy.com/ – თვალებს ნუ დავხუჭავთ – კოდირება ჩვენი ცხოვრების მომავალია. რაც უფრო სწრაფად გავერკვევით და დავუმეგობრდებით, მით უკეთესი.
  9. http://codecombat.com/ – ეს საიტიც კოდირების ათვისებაში გვეხმარება.
  10. https://www.duolingo.com/ – ამით ენების ანა-ბანას ისწავლით. კონკრეტული ენების შესასწავლ რესურსებზე კი დიდი პოსტია დასაწერი.
  11. https://www.udacity.com/ – 11 უფასო, ხარისხიან კურსს გთავაზობთ კომპიუტერულ მეცნიერებაში და ასეთ რაღაცეებში 🙂
  12. https://www.edx.org/ – კურსერასავითაა. უფასო და მშვენიერი.

Continue reading “ონლაინ კურსები და რესურსები”

Brainstorming და სტრესის მართვა ( Toefl / TestDaF გამოცდებამდე რჩება….)

management

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საკუთარი უნივერსიტეტის სტუდენტი 🙂 (თანაც, lifelong). ზუსტად ჩემი ბლოგის შესაფერისი დასაწყისია 🙂

საკუთარ თავს დავუარსე უნივერსიტეტი (ნაკლებს როგორ ვაკადრებ), რომელშიც, დარგების მიხედვით გავაერთიანე ყველაფერი, რაც კი დედამიწის ზურგზე მაინტერესებს და რისი სწავლაც მინდა/მჭირდება, და დღის განმავლობაში საათების რაოდენობაც გამოვყავი. რის ხასიათზეც ვარ, იმის ვიდეოკურსებს ვუყურებ, წავიკითხავ, ა.შ. მოკლედ, კარგი რამეა 🙂

ამ უნივერსიტეტს, გარდა თეორიული დანიშნულებისა, პრაქტიკული მიზნებიც აქვს – შედეგები მაგიდაზე უნდა “დაიდოს”.

ჰოდა, დადგა ჟამი ჩემი უცხო ენათა მიმართულების ფაკულტეტმა ( 🙂 ) ჯაფის ნაყოფი გამოისხას და ენის სერთიფიკატებად გადაიქცეს. სხვა მიმართულებებს ამ პოსტში არ შევეხები 🙂

ა. ინგლისური ენა

სამწუხაროდ, IELTS მომდევნო გამოცდა მხოლოდ თებერვლის ბოლოსაა, შედეგები მარტის დასაწყისში მეცოდინება, რაც არ მაწყობს. ჩემთვის საინტერესო პროგრამების დედლაინები გაცილებით ადრეა.

ჰოდა, ისევ ძველ, ნაცად ტოიფელს მივუბრუნდი. გადავწყვიტე რაც შეიძლება სწრაფად გავიდე ტესტირებაზე, რომ მინიმალური რაოდენობის პროგრამები “გავმაზო” სერთიფიკატის მიღებამდე. იანვრის დასაწყისი გადავწყვიტე.

გამოცდამდე რჩება… 20 დღე.

ჰოდა, თუ გასვლაა, გასვლა იყოს –  ძველი ქულა 3 ნიშნა რიცხვამდე უნდა გავიუმჯობესო! -_- ჩელენჯ აქსეფთიდ.

ეხლა გადავიდეთ ამ ყველაფერში (კერძოდ, უდროობაში) დადებითი მხარეების აღმოჩენაზე.

1. რეალურად, brainstorming ყველაზე ეფექტური მეთოდია. წინ რომ 2 თვე მქონდეს, შვებით ამოვისუნთქავდი, მაგრამ, საკითხავია რეალურად რამდენი დღის განმავლობაში ვიმეცადინებდი, ან, ამ დღეებში რამდენი საათის განმავლობაში. Continue reading “Brainstorming და სტრესის მართვა ( Toefl / TestDaF გამოცდებამდე რჩება….)”

ჩემი გიჟური მაისის ბოლო დღეები

ბოლო მონაცემები და საქმეები
შევიტანე განაცხადი გერმანიის საელჩოში ვიზაზე და კონსულს 3 გვერდიანი წერილი დავუწერე ჩემი ჩახლართული სიტუაციის კოდირების გამარტივებისთვის :)))

  • შევიტანე განცხადება საფრანგეთის საელჩოში ნორვეგიის ვიზაზე; ამ კეთილმა ხალხმა ნება დამრთო პასპორტი უკან წამომეღო და პირველი ვიზის მიღების შემდეგ დამებრუნებინა უკან! გმადლობთ!!!
  • 28ში პასუხი მეცოდინება!!!
  • 11 დღეში მაქვს პირველი გამოცდა გერმანიაში;
  • ამ კვირის განმავლობაში უნდა ვწერო შუალედური და საბოლოო გამოცდა; კიდევ ერთი შუელედური და კიდევ ერთი საბოლოო გამოცდა…
  • კიდევ უნდა მოვიკლა თავი საბაკალავროს წერით! იმიტომ, რომ გაცილებით რთული საწერია ვიდრე წარომედგინა. რთულია და აუცილებელია დავწერო, თუ მინდა გასულ 4 წელს პატივი მივაგო და დიპლომი ავიღო. ჯობია აქ ვწერდე ვიდრე საზღვარგარეთ, თორემ დარდისაგან გული გამიჩერდება. იყო სხვა მიწაზე, თავგადასავლების სამყაროში და შენ კიდე საბაკალავრო გქონდეს საწერი…. ნამეტანია.
  • კიდევ მაქვს დასაწერი 2 თემა;
  • და კიდევ 3 თემა (საბაკალავრო ნაშრომამდე)
  • უნდა ვიმეცადინო ძალიან, ძალიან ბევრი, რომ იქ მიმიღონ, რისთვისაც ამდენი ვიწვალე.
  • უნდა დავდგა 2 ნომერი გამოცდებისთვის;
  • უნდა მოვემზადო გასაუბრებებისთვის;
  • ვიყიდო ბილეთები და მოვემზადო გზისთვის;
  • უნდა ვიზრუნო იმაზე, რომ არ მოვკვდე გამოცდამდე. მეტიც, ენერგიული და კაშკაშა უნდა ვიყო რომ ხმის ამოღება და ეფექტის მოხდენა შევძლო;
  • თქვენ წარმოიდგინეთ, იმიჯზეც უნდა ვიზრუნო;
  • წინასწარ პედაგოგებიც უნდა შევაბა, დავუკავშირდე, ვიდეოები გავუგზავნო და ა.შ.
  • ახლა ამოვისუნთქოთ და ვიპოვით საკუთარ თავში ძალა და მოტივაცია.

    (ადრეც მითქვამს, რომ პოსტებს, უპირველესად, საკუთარ თავს ვუწერ.)

    ყოველდღე ვუყურებ ჩემს საყვარელ დიზაინერებს, მეწარმეებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, მსახიობებს, მწერლებს… ისინი ქმნიან, ისინი არიან პროდუქტიულები. ყოველდღე მუშაობენ, ყოველდღე რაღაც ახალი ხდება მსოფლიოს ცხოვრებაში და ძალიან ვბრაზობ და განვიცდი, რომ მე ამ სიახლისა და სიცოცხლის ნაწილი არ ვარ. მსოფლიოს კულტურული, ეკონომიკური თუ სოციალური ცხოვრება ჩემს გარეშე მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ადარდე! დედამიწაზე  7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს და ჩემი შვილისა და შვილიშვილისთვის ესეც კი სასაცილო რიცხვი იქნება. გესმით რა დონის კონკურენციასა და ენერგიაზეა საუბარი?

    7 მილიარდი სული, და შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო – ყოვლისშემძლე სული (თუნდაც ეს არ იცოდნენ, ეკიდოთ ან არ სჯეროდეთ) დედამიწელთა ფიზიკურ სხეულში ცხოვრობს და მის რითმს მიყვება, თანაც, ამ წუთას.

    ნახევარს ძინავს, ნახევარს ღვიძავს.

    დიკაპრიო, მადონა, ჯარედ ლეტო – ერთია, მათ სურათებს და ცხოვრებას კი ათიათასობით ადამიანი აკვირდება და “მიყვება”. ასეა.

    მეც ვსქროლავ ინსტაგრამს, ტვიტერს, ფეისბუქის ინტერეს ლისტებს და ვხედავ – რამდენი ადამიანი ათენ-აღამებს, რომ პროდუქცია დადოს, ის იდეები, რომლებიც ტვინში უღიტინებს და რომლებიც ტყუილად არ მოდიან კოსმოსიდან, ფიზიკურ სხეულში გადმოიტანოს, გააცოცხლოს და წარმოგვიდგონოს. ახალი სიმღერა, ალბომი, ტანსაცმელი, შოუ, თეორია, რეფორმა, ინიციატივა, საწარმო…

    და ვბრაზობ, რომ მე ჯერ კიდევ დაბალპროდუქტიულ და დაბალშემოსავლიან შრეში ვმუშაობ, რომელსაც ვალდებულებების მოშორება ეწოდება.

    ეს ვალდებულებები კი ინერციით გადმომეცა და მხოლოდ ბოლო აკორდს დასვამს ჩემი ბაკალავრის დიპლომის გზაზე. ამჯერად მაბრკოლებს, ძალიან მაბრკოლებს.

    მაგრამ, დაე ასე იყოს! იმიტომ, რომ, პირველად უნდა დავაფიქსირო მადლიერება უნივერსიტეტის მიმართ!

    იმიტომ, რომ ჩემს მიმართულებაზე გავიცანი ყველაზე ჭკვიანი ადამიანები, ისინი, რომლებიც მომავალ საქართველოს გამოჭედავენ, რომლებსაც გვერდით დავუდგები და ჩვენ რამეს შევცვლით! ბევრ, ბევრ, ბევრ რამეს!

    იმიტომ, რომ ჩვენი საკონსერვო ქარხნიდან (უკაცრავად, სკოლიდან) გამოსული ვიყავი სულ სხვა ადამიანი და ახლა სხვა ვარ. არა იმიტომ, რომ შტერი ვიყავი – ძალიან კარგად ვსწავლობდი და ჩემს ესსეებზე ყველა გიჟდებოდა. არა, იმიტომ, რომ ვიყავი “სასკოლო ყაიდაზე” გამოჭედილი ბავშვი, მახასიათებდა  ჰომოფობია, ვიყავი ნამეტანი “პატრიოტი”,ბრმა თუ არა, ელამი მორწმუნე, ნაციონალისტი და ყველა უბედურება ერთად. იმიტომ, რომ პირველ კურსზე ჩემს ჯგუფელს ვეკამათე, თუ როგორ სჭირდებოდა საქართველოს (მიწას ჩვენსას და წყალს ჩვენსას) მესიანისტური იდეა გადარჩენისთვის. სირცხვილო! სირცხვილო! სირცხვილო!!!! და არა იმიტომ, რომ ლიბერალური მარცვალი არ იდო ჩემში, არა, იმიტომ, რომ ასე გვასწავლეს და ასე მჯეროდა. მიხარია, რომ სოც. პოლზე ვისწავლე. თუ სადმე უნდა მესწავლა საქართველოში, აქ.

    ჰოდა, მინდა დიპლომი წელსვე ავიღო.

    ახლა კი მინდა, სასწრაფოდ მოვიშორო ნებისმიერი ბორკილი, რომელიც მადევს და გავითავისუფლო დრო და ადგილი ჩემთვის პრიორიტეტული საქმეებისთვის.

    გული მისკდება, რომ ვუყურებ როგორი ინდიფერენტული საზოგადოება გვყავს, როგორი არაპროდუქტიული, როგორი ზარმაცი და ზლაზნია, როგორ უყვარს ყველას კოტრიალი, სიზარმაცე, ტელევიზორი და ფილოსოფოსობა. ამაზე იმდენი მიწერია, არაფერს არ დაგილინკავთ.

    და ეს ცხოვრების შენელებული რიტმი ჩემზეც ვრცელდება. როგორი ნელი და ზანტია აქაურობა!

    როცა ვამბობ, რომ ბოლო კურსზე ვარ, ყველა ულვაშებს აცმაცუნებს კმაყოფილებისგან – ვსიო, უმაღლესი დამთავრებული მექნება, ახლა დავიწყებ მუშაობას, ვიბარტყებ კიდევაც და მოვიწყობ ტკბილ, ზანტ და გემრიელ ბუდეს, სადაც ჩემი ზარმაცი და უმუშევარი დაქალები შემომიბენენ ხოლმე, დავლევთ ყავას, ვიჭორავებთ, თავიდან მიჭირს ბავშვების გაზრდა, თორემ მერე სკოლაში შევიყვან. კონსერვები ვახსენე, ხო? და სადაც ქმარს უნდა ველოდო, თუმცა, აქაური გოგოები სულ ქმარს ელოდებიან, მანამდეც კი, სანამ გათხოვდებიან. შენს ცხოვრებაში ხომ ერთი მამაკაცი უნდა იყოს, მანამდეც სიბნელე უნდა სუფევდეს შენს ბიოგრაფიაში (სისუფთავე – სიბნელე) და მის შემდეგაც ხომ საერთოდ. არა, ერთგულების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ნამდვილად. სხვა რამეს ვგულისხმობ, რაც მშვენივრად გაიგეთ.

    მაგრამ, არა! ულვაშებს მოწონებისგან ტყუილად აცმაცუნებთ! იმიტომ, რომ მეტი შემიძლია და “უმაღლესის დამთავრება” სწავლის დამთავრებასა და ბიოგრაფიის ნახევარს არ უდრის. არა!!!

    ახლა ხომ დავამთავრებ ბაკალავრიატს, მერე ევროპაში გავიქცევი, ძალიან ბევრს ვიმუშავებ და ვისწავლი, იმიტომ, რომ ვიყო საკუთარი საქმის პროფესიონალი, იმიტომ ვიმუშავებ, რომ საკმარისი თანხა შევაგროვო და ჩემს ყველა გიჟურ იდეას ფრთები შევასხა, იმიტომ, რომ ვიყო მეწარმე, მქონდეს საკუთარი ბიზნესი, საკუთარი სახელი და გვარი, იმიტომ, რომ ჩემს ხმას მოუსმინონ, იმიტომ, რომ განვახორციელო ცვლილებები და ეს სამყარო ოდნავ უკეთესი გავხადო.

    და არასოდეს მექნება სიზარმაცის ბუდე – ოჯახი, არა, მე მექნება ძლიერი, ძლიერი საწარმო ოჯახი, რადგან ჩემი მომავალი ქმარი იქნება ყველაზე განვითარებული, იდეალისტი, დახვეწილი და შემდგარი ადამიანი, ისევე, როგორც მე, და სხვას თვალს ვერ გააყოლებს თუ სიცოცხლე უნდა, და ჩემს შვილებს არასოდეს მივაბარებ კონსერვის ქარხანაში.

    ასეა, თუ ცხლილება გინდა, ბევრი უნდა იმუშაო!

    მე კი მინდა 100 ობით პროექტის განხორციელება – ბიზნეს ქსელების შექმნა. მინდა ვიყო ქალი რობერტ ბრენსონი!

    და დრო, ისევ დრო…

    11 დღე ცოტაა, მაგრამ დღე ერთი ერთეული არაა. ის დაახლოებით 16 “ფხიზელი” საათისგან შედგება, საიდანაც, სულ მცირე, 10 საათი შეგიძლია იმუშაო.

    არ გიხარიათ გაღვიძება?

    მე – კი!

    ცოტ-ცოტა ყველაფერი და ჩემი დედლაინების ნუსხა

    რადგან გადავწყვიტე, რომ საკუთარი პროდუქტიულობა და უნარები საჯაროდ გავიუმჯობესო (და რაღაცეების გახალტურების შემთხვევაში თავზე ლაფი საჯაროდ დავისხა 🙂 ), სამართლიანი იქნება ყველა ის მიზანი ჩამოვწერო, რომელთა მიღწევაც გულს სწადია – იმისთვის, რომ ვიამაყო საკუთარი თავით და იმაზე მაგარი გავხდე, ვიდრე დღეს ვარ.

    როგორ გამოიყურება ჩემი იდეალი: (როგორც პიროვნება & მისი უნარები)

    WARNING – პოსტის ავტორს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ აქვს, და, მისდა სამწუხაროდ, არცთუ ცოტა აკლია იდეალურობამდე, წარმოსახვით იდეალურ ხატებამდე. ეეჰ…

    1. ჩემი იდეალი ყველაზე ელეგანტური გოგოა;
    2. ძალიან მამაცი;
    3. განათლებული და ნაკითხი;
    4. კარგად ცეკვავს და ძალიან მოქნილია;
    5. ლაპარაკობს ინგლისურ, გერმანულ, ნორვეგიულ, იაპონურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე და თავში თუ ადგილი დარჩა კიდევ მიამატებს რამდენიმეს. (ჩინურს, კორეულს, იტალიურს, პორტუგალიურს… ამჯერად სხვა არაფერი ახსენდება); რა ზედმეტი მტკიცება იმას უნდა, რომ ყველას არაჩვეულებრივად ფლობს. (ეს გეგმა უკვე “ჩაშვებულია” და წარმატებით მიმდინარეობს. სხვაობები სხვადასხვა ენებს შორის დიდია, მაგრამ ვეცდები 25 წლამდე ყველაზე შემეძლოს წიგნის თავისუფლად წაკითხვა)
    6. ჰირომივით უკრავს პიანინოზე; ნუ კარგი, იყოს ვალენტინა ლისიტსა…
    7. ძალიან მაგრად მღერის (კლასიკა + “ესტრადა”. ცოდვა გამხელილი ჯობს, და ამჟამად პირველი უკეთ გამომდის…)
    8. ყველაზე ლამაზ სიმღერებს წერს;
    9. მუსიკის პროდიუსირებაში ერკვევა და კუსტარულადაც პროფესიონალურ დემოს ამზადებს.
    10. კარგად და საინტერესოდ წერს ძალიან მაგარ რაღაცეებს…
    11. ძალიან მხიარული, ოპტიმისტი, გამტანი და შრომისმოყვარეა (უკვე მშვენიერი ვარ 🙂 )
    12. არაჩვეულებრივად ერკვევა ფინანსებში, ეკონომიკურ ჯადოქრობებში და, რა თქმა უნდა, საკუთრი ბიზნესი აქვს! (coming earlier than expected…)
    13. აქვს ყველაზე მაგარი სტილი, გემოვნება და კარგად კერავს. (ამჟამად კი შემიძლია შემთხვევით საკუთარი თითები მივაკერო ერთმანეთს)
    14. შეუძლია მანქანის მართვა – ახლა კი საჭეზე ფიქრიც მაშინებს. მეტადრე, ცხოველების უნებლიე დაშავება, ავარიის გამოწვევა და ასეთი ამბები. საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი მგონია, რომ ან ვიღაცას ვეჯახებით (ჩაფიქრებულ, მაქსიმალურზე “აწეული” მუსიკით დამტკბარ და უკიდეგანობაში მზირალ ქვეითს, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე კი არა, გაჩერებასთან მიმდებარე ტრასაზე დგას. სულ მგონია, რომ სახეში სარკე მოხვდება, ან ოფიციალურად დავეჯახებით. არცთუ უსაფუძვლოდ….) ან ჩვენ გვეჯახება ვიღაც (ისე, დამუხრუჭებისა და გინებების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, მეტად საფუძვლიანი შიშები მაქვს). მოკლედ, ჩემს სათუთ არსს არ ძალუძს ამხელა ტრამვას გაუძლოს, თბილისის საგზაო მოძრაობა რომ ქვია… (ჰ) მაგრამ, მაინც ჩემი სასწავლია.
    15. კარგი კულინარია – სწრაფად ამზადებს მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოს კუთვნილ უგემრიელეს, ვეგეტარიანულ კერძებს! მოკლედ, მინდა შეფივით ვირტუოზი მზარეული ვიყო. ამჟამად კი ნამდვილად ასეთი ვარ – ოღონდ დამბლადაცემული. შემიძლია შემოგთავაზოთ დამწვარი კვერცხი, დამწვარი კარტოფილი, მაკარონი (რომელსაც სულ რაღაც აკლია და არ ვიცი რა), უფორმო მჭადები, ჩაცომებული პიცა და ა.შ. ჩემს ყველა წარუმატებელ ექსპერიმენტს ნუ ჩამომათვლევინებთ. მართლა ვწუხვარ.
    16. იდეების გენერატორია. კარგი, სწორი და მაგარი იდეების განმახორციელებელი! რომელიც ყველაფერს შეიძლება ეხებოდეს.
    17. დარწმუნებული ვარ, აქ კიდევ უნდა ეწეროს რაღაცეები…

    ასე განსაჯეთ, ეჭვი არ მეპარება, რომ ყველას შეგვიძლია ისეთები ვიყოთ, როგორებიც გვინდა, არც რამე სირთულეა ამაში. ყველაფერი იმაზე რთულად ჟღერს, ვიდრე სინამდვილეშია.

    ეს იდეალი რას ფლობს, რას აკეთებს და რას გააკეთებს, სხვა საქმეა. რა ენაღვლება, იდეალურია…

    წინა პოსტში დავწერე, რომ მინდა ძალიან სწრაფად გავაკეთო თუ მოვიშორო რაღაცეები.

    ამ პოსტის მეორე ნაწილში დედლაინებს და უახლოეს საქმეებს ჩამოვთვლი, პერიოდულად კი მოგაწვდით სხვადასხვა რესურსს და ინფორმაციას სხვდასხვა პუნქტის შესახებ.

    • 25 აპრილი – საბაკალავრო ნაშრომის დასრულების დღე; (ეს დიდი-დიდი 30 აპრილამდე შეიძლება გადაიწიოს)
    • 4 მაისი – მოვიშორო უნივერსიტეტის საგნები (დაჩქარებული წესით გავიარო სრული პროგრამა, გარკვეულ საგნებში მაინც – მაკროეკონომიკა, ნორვეგიული, და ყველაფერი ის, რის მომავალ რიდერებზეც ხელი მიმიწვდება)
    • გერმანული ავქაჩო მყარ ბ2.2 მდე. დედლაინი – 1 ივნისი.
    • 1 თვეში შპაგატში ჩავჯდე – 8 მაისამდე;
    • რადგან ივნისის შუა რიცხვებში ქვეყნის საზღვრებს გარეთ “გასვლითი” გამოცდები მაქვს, საჭიროა 20 მაისამდე ყველაფერში ძალიან მყარად ვგრძნობდე თავს. (სულიერი სიმშვიდისა და ფსიქიკური წონასწორობისთვის) ეს სულ რაღაც 1 თვეა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საბაკალავრო ნაშრომის წერა საზიზღარი და გაწელილი პროცესია. გამოცდები 6 ნაწილისგან შედგება.
    • მაისის ბოლომდე (31) ბიზნესის ქართულ ნაწილს უნდა მივხედო. ეს ბევრი არაა.
    • 10 ივნისამდე უნდა ვისწავლო 5 გემრიელი კერძის დამზადება მაინც!
    • თმა უნდა შევიღებო და ვარცხნილობა შევცვალო. ეს ყველაზე მარტივი რამეა.
    • ამ ყველაფრის პარალელურად, ზემოთჩამოთვლილი პუნქტების მუსიკალური ნაწილი უნდა გავიუმჯობესო. ეს ხანგრძლივი და მშვენიერი პროცესია, მაგრამ შრომას ნამდვილად მოითხოვს!
    • ვისწავლო ადრე ადგომა! უკვე 3 ჯერ გამომივიდა!

    წვრილ-წვრილი და უამრავი ყოველდღიური საქმით თავს როგორ შეგაწყენთ!

    აი, ჩემი მნიშვნელოვანი დედლაინების კალენდარი.

     

    გეგმა “ა”, გეგმა “ბ”, ა.შ…

    noplanb13 მარტი თენდება. როგორც იქნა, მოვიცალე ჩემი ბლოგის მოსანახულებლად, ჭიქა ყავა მოვიდგი და…

    და ისევ ჩემზე მოგიყვებით.

    საკმაოდ რთულია ერთდროულად შეძლო იყო კრეატიული, თავით გადაეშვა იდეების სამყაროში, მეორე ხელით კი საბაკალავროს წერდე, გრანტებს იძიებდე, ინგლისურის ტესტის შედეგის გაუმჯობესებაც გინდოდეს (ე.ი. ტოიფელის 3ნიშნა რიცხვამდე აწევა), თან ვიზის ამბებს არკვევდე და მოკლედ, შენი სურვილებისთვის რეალურ ბაზას ქმნიდე.

    საკუთარ თავს კარგად ვიცნობ. ვცდილობ გავიაზრო რა მინდა, რა შემიძლია, საორიენტაციოდ თვალი გადავავლო ჩემი აზრით იდეალური მომავლის წარმოსახვით რუკას და საკუთარ თავს ვუსმინო. საკუთარი თავის შესაცნობად პირადი ზოდიაქოც კი შესწავლილი მაქვს.

    ჰო, აქ ერთი-ორი (და სხვა მრავალი) ბრაკი თვისება დამაფერთხა თავს გალაქტიკამ.

    ამ პოსტისთვის ყველაზე რელევანტური შემდეგია:

    თავს ვერ ვარიდებ შეჯიბრებებს.

    უფრო სწორად, ქვეცნობიერად სულ ვცდილობ საუკეთესოს/ჩემზე უკეთესს “გავეჯიბრო”, ვიყო ყველაზე მაგარი ყველაფერში, ვიღაცას თუ რაღაც შეუძლია, მეც უნდა გავაკეთო, ა.შ…. ეს თითქოს ცუდი არ არის, მაგრამ გამჭრიახმა ავტორმა სწორად შენიშნა – ფრთხილად იყავი, ენერგია სწორი მიმართულებით წარმართე და რაც არ გჭირდება იმასთან ჭიდილს თავი დაანებეო.

    გასაგებია ანა, მაგრმ გეგმა “ა” და გეგმა “ბ” რა შუაშიაო, იკითხავთ. ახლავე აგიხსნით.

    ჩემი გეგმა “ა”  მუსიკალური კარიერის აწყობაა; Continue reading “გეგმა “ა”, გეგმა “ბ”, ა.შ…”

    სად არ უნდა ჩააბაროთ

    Image

    ჩემი და წელს აბარებს და მეც სერიოზულად დავფიქრდი, სად შეიძლება ჩაბარება, რომელი პროფესიებია პრაქტიკული, პერსპექტიული და ა.შ.

    დავიწყოთ იმ ფაკულტეტებით, სადაც უახლოესი ათი წელი მაინც არ უნდა ჩააბაროთ თუ თავისთვის კარგი გინდათ. ეს არ ნიშნავს, რომ ჩამოთვლილთაგან რომელიმე უინტერესო ან ღირებულებას მოკლებულია. უბრალოდ, მგონი, სამსახურების გარეშე დარჩებით…

    Continue reading “სად არ უნდა ჩააბაროთ”

    სემესტრი N 6

    Image

    არა არა არა!!!

    არ მინდა არ მჯერა და არა! ჯერ არ დამისვენია, ოდნავადაც არ ვარ დასვენებული, პირიქით, და ყველაზე ნაკლებად ახლა სწავლის გაგრძელება მწყურია.

    ამ შემართებით ვიწყებ. ^^^

    ასე ემართება ყველას, ვისაც გართობის და დასვენების კ უ ლ ტ უ რ ა არ აქვს. მე ას ვარ და ძალიან ვნანობ. (გარშემო იმდენი საქმეა გასაკეთებელი!) ხოდა, ასე ვიწყებ… დაღლილი და გამოფიტული…

    მაგრამ, როცა ჩემს იდეალურ დღეს წარმოვიდგენ, ისეთი დაკავებული ვარ ხოლმე, რომ 1 წამიც არ მაქვს თავისუფალი. მგონი, ბევრი ასეთი “იდეალური” დღე მელის.

    როგორი იქნება ჩემი მეექვსე სემესტრი? მოლოდინები:

    1. კარგად ვისწავლი;
    2. წინასწარ დავწერ რეფერატებს ბოლოს რომ არ ვიწვალო;
    3. ბევრს ვიმუშავებ, რომ ბევრი ფული შევაგროვო;
    4. მე რომ მინდა იმ ბიზნესსაც დავიწყებ;
    5. ბეეევრ გამოცდას ჩავაბარებ, რომ საზღვარგარეთ ვისწავლო ჩემს შეგულიანებულ ოცნების ფაკულტეტზე;
    6. ყველა საგანმანათლებლო პროგრამის გასაუბრებას წარმატებით გავივლი;
    7. თსუ ს გამოცდებსაც კარგად ჩავაბარებ;
    8. ცეკვაზე ვივლი ^_^
    9. დაბადების დღემდე საკუთარ თავს ბეეევრ საჩუქარს გავუკეთებ; (ანუ რასაც 1 წლის წინ დავპირდი იმეებს შევასრულებ)
    10. მართვის მოწმობასაც ავიღებ, მაგრამ ეს არ მეჩქარება;
    11. გიტარას ვიყიდი და სწავლას შევუდგები;
    12. არ ვიწუწუნებ და მემახსოვრება, რომ ბევრი შრომა ჩემი ნამდვილი, ოცნების ცხოვრებისთვისაა სჭირო;
    13. მოკლედ, შუაზე გავსკდები და “გადავხტები”, აუცილებლად!

    განსაკუთრებით მაინტერესებს სწავლის და მუშაობის “კოჰაბიტაციის” ამბავი, მაგრამ ორივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

    რამდენი გასათენებელი ღამე და დატვირთული დღე მიდევს წინ… ოღონდ ხვალ არ იწყებოდეს…

    p.s. მაგრამ გაზაფხულია… ყველაფერი მზით იქნება გაჟღენთილი, უფრო მარტივი და ლამაზი იქნება ვიდრე წარმომიდგენია… იმედია.