მე და ჩემი ნაბადი 101

გამოხდა ერთი წელი.

როგორც ჩანს, ბლოგს მკითხველი მოემატა (?), ამიტომ დროა რამე დავწერო.

მოგიყვებით ამ მთისას და იმ ბარისას და ყურადღებას გავამახვილებ საკუთარ თავთან ურთიერთობის 101 ზე: სტოიციზმსა და სხვა პრაქტიკებზე, რომლებიც სიმშვიდეს, სიმყუდროვეს, რწმენასა და კომფორტს გვიქმნიან მიუხედავად იმისა მარტოები ვართ თუ არა, სახლში ვართ თუ გარეთ, კარგად ვართ თუ ცუდად.

ამ მთითა და იმ ბარით დავიწყებ = ძალიან მოკლედ, საკუთარ თავზე მოგიყვებით.

აგერ უკვე 2,5 წელია ბერლინში ვცხოვრობ.  მინიმუმ 1 წელი ალბათ ისევ აქ ვიქნები, მერე მოვიფიქრებ სად წავტანტალდე. ამასობაში დავამთავრე მაგისტრატურა, ბევრი ახალი რამ ვისწავლე, დავღვინდი (23 წლის გონებაგაფანტული გოგო ჩამოვედი და 1 კვირაში 26 წლის გაწონასწორებული ქალი (?) გავხდები).

მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, ალბათ პირველად მაქვს შანსი ყურადღება არ მივაქციო ვიზას, დებილურ სანერვიულო რაღაცეებს და ჩემი დრო, ცხოვრება და ბედ-იღბალი თავად გამოვჭედო. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადამიდგამს იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო, ან სხვა გამოსავალი არ მქონდა. ასე როცა ვიქცევით საბოლოოდ გამოდის ხოლმე, რომ ჩვენი ცხოვრება შემთხვევითობების ჯამია და ყველაფერს გარემოებები განსაზღვრავს, არადა როდის იყო გარემოებები ჩვენ გვერგებოდა, ან ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებდა.

ხოდა ჩვენი იღბალი და ცხოვრება თავად უნდა გავიკაფოთ. მე მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, მე ასე მინდა, მე ასე მიმაჩნია, მოკლედ, საკუთარი თავები ჩვენ უნდა მოვნიშნოთ რუკაზე.

ჯანსაღი რაოდენობის ეგოიზმი არის ხსნა ხორცისა, მერმე სულისა. თუ ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, უკვე სხვების სურვილები და გეგმები წაგვმართავენ.

გარემო

საკუთარი ხმის ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა “ჩამოთრეული” ხარ. საკუთარ ქვეყანაში შეგიძლია ხმა ამოიღო, ის სერვისი მოითხოვო რაც გჭირდება, თუ საჭიროა გაატრაკო, მივარდე და მოვარდე, ხმალი იშიშვლო, მთავრობა ლანძღო და რაც გინდა ის აკეთო. ადამიანურად, კომფორტულად, ხმამაღლა და “ჯიგრულად.” უცხოეთში რაღაც მომენტში აღმოაჩენ, რომ მაღაზიაში ფეხაკრეფით დადიხარ, ცდილობ შეუმჩნეველი, ზრდილი და ღიმილიანი იყო, შეიძლება რაღაც გაინტერესებდეს და კითხვა მოგერიდოს, ან სადმე ვერ დარეკო იმის შიშით რომ შეიძლება რამე ვერ გაიგო, ან ვინმეს ნერვები მოეშალოს იმის გამო, რომ ინგლისურად უფრო გიადვილდება კომუნიკაცია (ვიდრე გერმანულად, ჩემ შემთხვევაში). ერთხელ აღმოაჩენ, რომ ისეთი დასტრესილი ხარ, რომ მობიბინე ხეები გულს არ გიხარებს, ან, სულაც ვერ შენიშნე ახლადაყვავებული ყვავილების სურნელი, რომ სახლებს აღარ ათვალიერებ, ქუჩაში აღარ ცმუკავ, სახლშიც აღარ გემღერება. ამას რაც უფრო სწრაფად დააფიქსირებ, მით უკეთესი. ასეთ დროს იოგას ხალიჩა უნდა აიღო, დაჯდე, ა დან ჰ მდე ყველა კუნთი გაავარჯიშო, ღრმად ჩაისუნთქო, წელში გაიმართო და გარემო მოათვალიერო. ჯერ შენი ტერიტორია უნდა მონიშნო, შენი სახლი: ერთი ნახატი დაკიდო შენი გემოვნებით, ფოტოები, მერე სახატავი მასალა იყიდო, ყვავილები დაალაგო ფანჯრის რაფაზე ან ფარდები შეცვალო. უნდა გაიფიქრო, რომ შენი სახლი შენი ციხე-სიმაგრეა. ყველა, ყველა პრობლემას მოევლება, მთავარია ის საწყისი მინიმუმი იპოვო, რაც აუცილებლად გჭირდება, სადაც არ უნდა წახვიდე. აუცილებლად უნდა იყოს იაფი, მსუბუქი და ყველგან ხელმისაწვდომი. მერე მუსიკა უნდა ჩართო და იცეკვო, გარეთ რომ გახვალ ოდნავ ხმამაღლა უნდა იღიღინო, ბოლოს ნანახ-გაგონილი სასაცილო ისტორიები გაიხსენო და გარემოს დააკვირდე.

jared-sluyter-342881-unsplash.jpg

ჩემი გონება

 

ტვინის კონტროლი თუ ვიცით, ემოციებსაც ვმართავთ, შესაბამისად, რაციონალურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, უკეთესად ვმოქმედებთ (perform better) და მთლიანობაში, ჩვენი ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება. მოდი და ნუ იტყვი, რომ ტვინის კონტროლი ყველაფრის გასაღები არაა. რამდენჯერ ვყოფილვარ რაღაც აბსტრაქტული სცენარებით დამფრთხალი, დასტრესილი, შრომისუუნარო და ძილისგუდა.

mark-daynes-34970-unsplash.jpg

  1. წარმოიდგინე, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და გაიღიმე. ნეგატივი ეგრევე პასიურს გვხდის და ყველანაირ ენერგიას გვართმევს. საქმე იმაშია, რომ ტვინი ყველა ჩვენ ქმედებას სერიოზულად მიიჩნევს. თუ გავიღიმებთ (ან თუნდაც კრიჭს შევკრავთ და ღიმილის იმიტაციას შევქმნით), ტვინი გაიფიქრებს, რომ ყველაფერი რიგზეა. რამდენიმე წუთში თავს გაცილებით უკეთესად ვიგრძნობთ.
  2. ფორთოხალი არის მზე. მზისა და სინათლის მნიშვნელობას და როლს ვერ ვაცნობიერებთ (განსაკუთრებით, საქართველოში, მზით განებივრებულები), სიბნელეს და ნაცრისფერ წვიმიან დღეებს თან ახლავს “ის”, რაღაც უიმედობა, უხასიათობა და მოწყენა. თუ ცუდად ხარ, და აუცილებლად ხარ ხოლმე თუ გარეთ ბნელა, ერთი-ორი ფორთოხალი იტკუცე, ან მზიან მხარეში განიავდი.
  3. ივარჯიშე, ბევრი, ბევრი ივარჯიშე. გაოფლიანდი, ირბინე, კუნთები გაიმაგრე და უამრავი ბედნიერების ჰორმონი გამოგეყოფა. თან, ერთი ბონუსი აქვს: ყველანაირი სხვა ქმედება, გონებრივი აქტივობაა თუ დიდი ნაბიჯის გადადგმა, ამაზე გაცილებით ადვილად მოგეჩვენება, თან ვარჯიში დისციპლინას გვინერგავს და გონებრივად გვაკაჟებს. თუ იაფი ფიტნეს დარბაზი არ მოიპოვება, იოგა მატი, YouTube და გარეთ სირბილი საკმარისზე მეტია.
  4. გარეთ გადი და სოციალიზდი. მეგობრებთან ერთად დალიე (პასუხისმგებლობით!), საერთო ინტერესის მქონდე ხალხს შეხვდი (meetup ის შესახებ გსმენია?), სუფთა ჰაერი ჩაყლაპე. ამ პუნქტის ნაწილია მოგზაურობაც. სოციალიზაცია ახანგრძლივებს ცხოვრებას, სხვა კი არაფერი.
  5. მართე შიში. შიშის მართვა არის უმთავრესი. ჯერ ერთი, რამე მოვლენის მიმართ შიში იმ მოვლენის მიმართ დაცვას გვიხსნის, და ხშირად ზუსტად ის გვემართება რისიც გვეშინოდა. აიღე წიგნაკი და ჩამოწერე ყველაფერი, რისი შიშიც გაქვს. ეს შეიძლება იყოს ირაციონალური შიში ან კონკრეტული სცენარის შიში. აი, ახლა, აიღე ფურცელი და ვერტიკალურად ჩამოწერე. დაახლოებით 10 წუთი სჭირდება (ახლა, ამ ბლოგპოსტის ხათრით ახალი სია შევადგინე და დავტესტე) მომდევნო წინადადება არ წაიკითხო. ————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————-ახლა წაშალე ყველაფერი, რაზეც გავლენის მოხდენა არ შეგიძლია. ატომური აფეთქება, ავიაკატასტროფა, შენობიდან ჩამოვარდნილი აგური ან მთვრალი მძღოლის მიერ გამოწვეული ავტოკატასტროფა. დატოვე შიშები, რომლებზეც ზემოქმედება შეგიძლია. გვერდით, გასწვრივ, ჩამოწერე რისი გაკეთება შეგიძლია თავიდან ასარიდებლად. შემდეგი გრაფაა რა გავაკეთოთ თუ მოხდა რისიც გვეშინია და მეოთხე ბოლო გრაფაა როგორ მოვიშოროთ შიში. ჩემი ჩანაწერი ასე გამოიყურებაIMG_20180322_150657.jpgჩვენი შიშებისთვის თვალის გასწორება არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ასეთი მარტივი სქემაც უზარმაზარ შვებას მოგგვრით. მეორე გვერდზე შეგიძლიათ უფრო ჩაუღრმავდეთ თითოეულ პუნქტს, ან, სულაც დროში გაწეროთ, თქვენი გეგმების მიხედვით.
  6. დააიგნორე ყველაფერი, რისი შეცვლაც არ შეგიძლია. სულ ყველაფერი. მე ასეთი და არა ისეთი “ოჯახიშვილი” ვარ, ასე გამოვიყურები, მაღალი ვარ, დაბალი ვარ, იმას არ მოსწონს ჩემნაირები, იმათ არ სჭირდებათ ჩემნაირი კანდიდატურა, ა.შ. don’t give a voice to whatever you can’t change. ვითომ არც არსებობს ის ლიმიტები. სტოიციზმის მაგალითია: შეიძლება მე მონა ვარ, მაგრამ ჩემი გონება თავისუფალია. ვერ შევცვლი ა ს, მაგრამ ბ ხელმეწიფება. გამოიმუშავე პოზიტიური კუთხით აზროვნება, შეჩერდი წუთიერად და შეატრიალე სცენარი. ნებისმიერი ცუდი ამბავი გადააქციე კარგ ამბად. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, საკუთარ ტვინს როგორ ავუხსნით ამა თუ იმ ამბავს. ხელმოცარული სცენარი გადააქციე გამარჯვებულის სცენარად. ალბათ ისე არ მოხდა (x) როგორც მე მინდოდა, ახლა ასე ვარ, მაგრამ, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არც მჭრდებოდა, შემაფერხებდა, ა.შ. მოკლედ, ჩვენ როგორც შევატრიალებთ ამბავს, ტვინიც ისე აღიქვამს. რეალობა არ შეიცვლება, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი, ჩვენი ხედვა შეიცვლება.
  7. დრო. არ დაგავიწყდეს, რომ ყველაფერს ეშველება გაფლანგული დროის გარდა. შეიძლება უცებ ტუზი დაგეცეს, გამდიდრდე, ენერგიასაც მოუვლი მეტ-ნაკლებად, მაგრამ დრო ცხოვრებისთვის ერთადერთია, რაც გაგვაჩნია. მოეშვი სასიცოცხლო ენერგიების დებილობებზე ხარჯვას. you have equal chances to fail in everything. მოლარე-ოპერატორი ხარ თუ პრეზიდენტი, ერთნაირი წარმატებით შეიძლება ორივეგან ჩაფლავდე. ბარემ ის აკეთე რაც გაინტერესებს, საკუთარი დრო მიმართე საკუთარი თავის საამებლად. ბოლოს ყველა დავიხოცებით, არ გკიდია მართლა გარემო(ებები)? (თან ის გარემო, რომელსაც შენი კეთილდღეობა კიდია). “Alexander the Great and his mule driver both died and the same thing happened to both” – Marcus Aurelius. ერთადერთი ვალდებულება ისაა, რომ პასუხისმგებლობა არ მოიხსნა საკუთარ ქმედებებზე. სხვების კეთილდღეობას თუ არ ვნებ, მორჩა, მიხედე საკუთარ თავს.
  8. ყველა სხვაც ადამიანია, რომელიც კეთილი და საყვარელი იბადება. ძალიან ჰიპურად ჟღერს, მაგრამ მიუხედავად “კოსტუმებისა” და თანამდებობისა, ყველას ყველაფერს ურჩევნია სიცილი, მეგობრები, ოჯახი და ის, რომ ვინმეს უყვარდეთ. მოუსმინეთ სხვებს, სხვების ამბებს, ისტორიებს და ისწავლეთ. არაფერი არ ვიცით. იმის გაფიქრება, რომ ვიღაც 40+ წლის მკაცრ სახიანი ხალხი სახლში მიდის, ტასაცმელს იცვლის და ოჯახის წრეში ბუნჩულდება, გულს მითბობს და ცხოვრებას ცოტათი მეტად მაყვარებს. არავინაა ღმერთი, ინფორმაციის მიღებას არაფერი არ უნდა, იმის სწავლას რაც მათ იციან, არაფერი უნდა რამდენიმე რიდერის და რამდენიმე კვირის გარდა. თუ რამე აქვთ ისიც იმიტომ, რომ რეპუტაციის შექმნა იციან საკუთარი თავის გარშემო (რაზეც მოგვიანებით დავწერ). მოკლედ, ყველას ისე მიუდექით, როგორც ადამიანს. იყავით სასიამოვნოები და ყველაზე ოფიციალურ იმეილებს და შეხვედრებსაც კი ადამიანური, პიროვნული ხასიათი შესძინეთ. ასე ყველას უფრო მეტად მოეწონებით, თან თქვენი სტრესის დონე მოიკლებს. andrew-pons-9713-unsplash.jpg

 

სხვა მნიშვნელოვანი გაკვეთილები, რომელთა “მისაკლიკადაც” საკმარისზე დიდი დრო დამჭირდა.

  1. იყავი შეუპოვარი. რამდენიმე დღის წინ ერთი სტატია წავიკითხე, რომელმაც შეუპოვრობაზე, როგორც ძალიან მაგარ თვისებაზე დამაფიქრა. დედააზრი ესაა: რომ იცოდე, რომ შენი 32-ე (რამე ნებისმიერი, მაგალითად, სიმღერა) გახდება ჰიტი, ან მე-60 სტატია მოგიტანთ დიდებას, დაწერდი 60 სტატიას ან გამოუშვებდი 32 სიმღერას? ყველაფერი, ყველაფერი პროცენტული თამაშია, a numbers game, როგორც ამბობენ. არადა მიმწოლობა და შეუდრეკელობა ყველაზე იშვიათი ნიჭი და თვისებაა, შესაბამისად, შეზღუდული რესურსია = დიდი მნიშვნელობის და ფასეული. საერთოდ, გამოიმუშავე რეზისტენტულობა. უმეტესი სიკეთეები ცხოვრებაში ბევრი ცდით მოდის. მაგალითად, კარგი სამსახური, ან ნებისმიერი რამ, რაც ძალიან გინდა. ბევრი ცდიდან ერთი გაამართლებს, ყველა შემთხვევაში. მთავარია მანამდე მისაღწევი უარები დააიგნორო. კარგი ამბავი: ეს დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გაგიადვილდება.
  2. არაფერი არ არის რბოლა. არავის არ ეჯიბრებით. ხშირად “დამპალი კაპიტალიზმი” იმის ილუზიას გვიქმნის, რომ ყველა ჩვენნაირია, ყველა ჩვენი კონკურენტია, ა.შ. გააჩნია რითი ვზომავთ. პროფესიით? კი, ბევრია ჩვენნაირი, ჩვენზე უკეთესები, თანაც, მილიონობით. ეროვნებით? კი, ვმეორდებით. ასაკით? კი. და მაინც, მიუხედავად ამისა, არავის არ ვეჯიბრებით, საერთოდ. როგორც Terry Crews იტყოდა (ჩემდა გასაოცრად, საოცრად საინტერესო ტიპია, შეგიძლიათ აქ მოუსმინოთ), კონკურენცია კრეატიულობის ანტონიმია. მოეშვით კონკურენციაზე ფიქრს (რას ცვლის საერთოდ), გამოიყენეთ წარმოსახვა და იაზრონეთ კონკურენციისგან დამოუკიდებლად, იმიტომ, რომ შენ ერთადერთი ხარ, მხოლოდ ერთია დედამიწაზე შენ.  ცხოვრება კონკურენცია და რბოლა არ არისო, ამ კარგმა კაცმა თქვა. მორბენალი ხომ გარშემო არ იყურება, წინ მირბისო. არა, რბოლა კი არა, მარათონიაო, მთავარია დისტანცია დაფაროო. არა, მარათონიც კი არა, ველზე სირბილიაო. თუ რამის მიღება გინდა, იმ მთის  მიღმაა, უბრალოდ მიხვალ და აიღებ, ესაა და ეს, და სულ ესაა კრეატიულობაო. ნუ ეცდები რაც უკვე არსებობს იმას გაეჯიბრო, შენი ხელწერა გამოიყენეო. –ჰო, შენი კატეგორია შექმენი, უკვე არსებულში კი ნუ დაიწყებ შერკინებასო, ტიმ ფერისმა დასძინა. მიდი და შეეკამათე.
  3. ფოკუსირდი. გონებაში შექმენი ქსელი, რითად 1 მოვლენა მომავალში მეორეს დაუკავშირდება და ასე განვითარდება, მაგრამ ორის მაგივრად ერთით დაიწყე. მე ის ფიზიკური პირი ვარ ყველაფერს რომ ვეკვეთები ხოლმე, მაგრამ მორჩა, მივხვდი რომ არამცთუ ას რამეზე არ უნდა გაიგიჟო თავი, პირიქით, ერთი უნდა დაყო სულ ერთი ციდა, უსაფრთხო, პაწია და ადვილ საფეხურებად. მე ის ადამიანი ვარ, საკუთარი წარმოსახვის ძალა რომ მსრესდა და ყოვლად აღელვებულს და ძალაგამოცლილს მიმაგდებდა. დავაგდებდი ერთ სიტყვას (მაგ: მე გავხდები ესა და ეს, ასეთი და ასეთი) და მერე იმდენად მიხაროდა და ისე არხეინად ვიყავი, ვერაფერიც ვერ გავბატონდი. არა, მოეშვი. აიღე ერთი რამე, რაც გაინტერესებს და მთელი გულით გინდა, დაყავი ას პატარა ნაწილად და ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითი-დღე მიყევი. ესაა სხვაობა უვიც (with a touch of ცანცარა) და ცოტა დამჯდარ-დალაგებულ ადამიანებს შორის.

    თუ არ იცი რომელ პორტს მიეშურები, არცერთი ქარი იქნება ზურგის – Seneca.

 

მოკლედ, გავიმეოროთ:

გავიღიმოთ, ფორთოხალი მივირთვათ, ჩვენი სახლი “მოვნიშნოთ”, ყოველ დღე ვივარჯიშოთ, მეგობრებს ხშირად შევხვდეთ და ყველა ადამიანს სიყვარულით მოვექცეთ, დღიური ვაწარმოოთ აუცილებლად საკუთარი თავის კარგად გასაცნობ-შესაცნობად და საკუთარ შიშებს სერიოზულად მოვეკიდოთ, არ დავისტრესოთ და რაც გვინდა უბრალოდ მივიდეთ და ავიღოთ, ერთი რამე ვაკეთოთ ერთ ჯერზე, შეუპოვრები გავხდეთ, რაც არ გამოგვდის ან არ მოგვწონს დავაიგნოროთ, და უბრალოდ, კეთილად მოვექცეთ საკუთარ თავებს და მისი სიამოვნებისთვის ვიცხოვროთ ტკბილად და ბედნიერად, სხვა არც არავინ გაგვაჩნია.

 

Advertisements