NASA presents…

ეს სურათები უნდა გაგიზიაროთ.

უკომენტაროდ…

Advertisements

აი, ეს წამი

image

ახლა საკუთარ ოთახში ვზივარ, თვალში ფერადი, ღია ფერის კედლები მხვდება. ეს ჩემი ფიზიკური ადგილსამყოფელია, ჩემი გეოგრაფიული სივრცე.
კიდევ ვხედავ საკუთარ თმას, ცხვირის მცირე ნაწილს, თითებს, რომლებითაც პლანშეტზე ტექსტს ვკრეფ და საბანგადაფარებულ მუხლებს.
17 თებერვალი გათენდა. განუმეორებელი დღე, რადგან ყოველი დღე რაღაც დოზით განუმეორებელია. 2014 წლის 17 თებერვალი აღარ დადგება. ჩვენს წელთაღრიცხვაში მაინც.
დედამიწამ კიდევ ერთხელ დაარტყა მზეს საპატიო წრე, პლანეტის დასავლეთ ნახევარსფერო საზიზღარი ორშაბათის დადგომისთვის ემზადება. აქ კი უკვე გათენდა.
სადღაც ჩანჩქრები გრუხუნებენ, ტყეებში ჩიტების (და მაიმუნებისაც 🙂 გნიასი და ჟივილ-ხივილი ისმის, სადღაც ლავა თუხთუხებს, არწივი დაფრინავს, ფოთოლი ვარდება, ტომის ბელადი კოცონს ანთებს,  ჩვენ კი დედამიწის პატარა ადგილას ვართ შეყრილები და ჩვეულებრივი, კაპიტალისტური დღისთვის ვემზადებით. ვინ როგორ.
დღეს ათასობით ბავშვი დაიბადება და ათასობით ადამიანი გულამოსკვნილი იტირებს, მილიონობით ცხოველი ინადირებს და მილიონობით ტელეფონი იწკრიალებს…
მაინც როგორი მოკლეა დღეები. არაფერი არაა ერთი დღე, როცა  ერთი ადამიანი ხარ. რაც არ უნდა გააკეთო, მაინც უფრო მეტი შეგეძლო. ყველაფერი კი მაინც ძალიან ცოტაა, თუ შენი გადაწყვეტილება ან ქმედება ტალღის პრინციპით არ გადაეცემა სხვებს.

ამას ვწერ და ჩამესმის ის გამაყრუებელი ხმაური, რომელსაც დედამიწა გამოსცემს, მთელი სიცხადით ვგრძნობ საიდანღაც ჩამოყრილი ჰომოსაპიენსების არსებობას, ნაბიჯებს, სიცილს, ლაპარაკს, სიარულს, მუშაობას, დასვენებას, სიხარულს, დაღლას, სევდას, სირბილს, ძილს, სიმღერას, გულისცემას.

მხოლოდ ეს წამი არსებობს და სულ ასე იქნება.
და ისიც წარსულია.
მომავალი კი ის მომენტია, რომელიც გვაწყობს. ჩემთვის მომავალი ის წუთია, როცა გავიფიქრებ, რომ ყველაფერი მაქვს, რაც მინდოდა.
5 წამის შემდეგაც მომავალია, მაგრამ ის არ მაწყობს და არაფრად ვაგდებ.

მე ერთი რაღაც ვიცი. ესაა კონტაქტი საკუთარ თავთან. და მხოლოდ ასე დაიჭერთ იმ წამს, ახლა რომ გრუხუნებს, თქვენთან ერთად თუ მის გარეშე.

მილიარდობით ადამიანი სუნთქავს, დადის, ჩქარობს თუ ნეტარებით იზმორება.
მაგრამ ცოტა თუ გრძნობს იმას, როგორ დადიან მანქანები, ცოტა თუ აქცევს ყურადღებას ფეხის თითოეულ ნაბიჯს, სუნთქვას, საკუთარი ცხვირის წვერს თუ იმ ფიზიკურ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება.  წარმოიდგინე, რომ ფილმის პერსონაჟი ხარ, მაგრამ ფილმს ფონად შენი სხეულის ხმა ადევს.

გათენდა ის დღე, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი მოსწრებადი და შესაძლებელია, რადგან აქ ვართ, ამ დედამიწაზე,  არაამქვეყნიური გონი გვაქვს და რადგან ვიღაც სრულად ტკბება სიცოცხლით, ე.ი. ეს ჩვენც შეგვიძლია, ეს ჩვენც უნდა გავაკეთოთ.
ქვეყნიერება მხოლოდ ამ წამს არსებობს და თითოეულ წამს თავიდან იქმნება, რადგან წამზე უფრო ხანგრძლივი არაფერი გამოგონილა.

დღეს კი, ვეცდები, იმაზე უკეთესი გავხდე, ვიდრე ვარ. გავუმჯობესდე, გავძლიერდე და იმ წამს, როცა შესაძლებლობის წინაშე ვიდგები, თავაწეული შევხვდე. ესაა დღეს ჩემი გეგმა.

დილა მშვიდობისა!
image

image

image

image

image

image

image