მე და ჩემი ნაბადი 101

გამოხდა ერთი წელი.

როგორც ჩანს, ბლოგს მკითხველი მოემატა (?), ამიტომ დროა რამე დავწერო.

მოგიყვებით ამ მთისას და იმ ბარისას და ყურადღებას გავამახვილებ საკუთარ თავთან ურთიერთობის 101 ზე: სტოიციზმსა და სხვა პრაქტიკებზე, რომლებიც სიმშვიდეს, სიმყუდროვეს, რწმენასა და კომფორტს გვიქმნიან მიუხედავად იმისა მარტოები ვართ თუ არა, სახლში ვართ თუ გარეთ, კარგად ვართ თუ ცუდად.

ამ მთითა და იმ ბარით დავიწყებ = ძალიან მოკლედ, საკუთარ თავზე მოგიყვებით.

აგერ უკვე 2,5 წელია ბერლინში ვცხოვრობ.  მინიმუმ 1 წელი ალბათ ისევ აქ ვიქნები, მერე მოვიფიქრებ სად წავტანტალდე. ამასობაში დავამთავრე მაგისტრატურა, ბევრი ახალი რამ ვისწავლე, დავღვინდი (23 წლის გონებაგაფანტული გოგო ჩამოვედი და 1 კვირაში 26 წლის გაწონასწორებული ქალი (?) გავხდები).

მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, ალბათ პირველად მაქვს შანსი ყურადღება არ მივაქციო ვიზას, დებილურ სანერვიულო რაღაცეებს და ჩემი დრო, ცხოვრება და ბედ-იღბალი თავად გამოვჭედო. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადამიდგამს იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო, ან სხვა გამოსავალი არ მქონდა. ასე როცა ვიქცევით საბოლოოდ გამოდის ხოლმე, რომ ჩვენი ცხოვრება შემთხვევითობების ჯამია და ყველაფერს გარემოებები განსაზღვრავს, არადა როდის იყო გარემოებები ჩვენ გვერგებოდა, ან ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებდა.

ხოდა ჩვენი იღბალი და ცხოვრება თავად უნდა გავიკაფოთ. მე მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, მე ასე მინდა, მე ასე მიმაჩნია, მოკლედ, საკუთარი თავები ჩვენ უნდა მოვნიშნოთ რუკაზე.

ჯანსაღი რაოდენობის ეგოიზმი არის ხსნა ხორცისა, მერმე სულისა. თუ ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, უკვე სხვების სურვილები და გეგმები წაგვმართავენ.

გარემო

საკუთარი ხმის ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა “ჩამოთრეული” ხარ. საკუთარ ქვეყანაში შეგიძლია ხმა ამოიღო, ის სერვისი მოითხოვო რაც გჭირდება, თუ საჭიროა გაატრაკო, მივარდე და მოვარდე, ხმალი იშიშვლო, მთავრობა ლანძღო და რაც გინდა ის აკეთო. ადამიანურად, კომფორტულად, ხმამაღლა და “ჯიგრულად.” უცხოეთში რაღაც მომენტში აღმოაჩენ, რომ მაღაზიაში ფეხაკრეფით დადიხარ, ცდილობ შეუმჩნეველი, ზრდილი და ღიმილიანი იყო, შეიძლება რაღაც გაინტერესებდეს და კითხვა მოგერიდოს, ან სადმე ვერ დარეკო იმის შიშით რომ შეიძლება რამე ვერ გაიგო, ან ვინმეს ნერვები მოეშალოს იმის გამო, რომ ინგლისურად უფრო გიადვილდება კომუნიკაცია (ვიდრე გერმანულად, ჩემ შემთხვევაში). ერთხელ აღმოაჩენ, რომ ისეთი დასტრესილი ხარ, რომ მობიბინე ხეები გულს არ გიხარებს, ან, სულაც ვერ შენიშნე ახლადაყვავებული ყვავილების სურნელი, რომ სახლებს აღარ ათვალიერებ, ქუჩაში აღარ ცმუკავ, სახლშიც აღარ გემღერება. ამას რაც უფრო სწრაფად დააფიქსირებ, მით უკეთესი. ასეთ დროს იოგას ხალიჩა უნდა აიღო, დაჯდე, ა დან ჰ მდე ყველა კუნთი გაავარჯიშო, ღრმად ჩაისუნთქო, წელში გაიმართო და გარემო მოათვალიერო. ჯერ შენი ტერიტორია უნდა მონიშნო, შენი სახლი: ერთი ნახატი დაკიდო შენი გემოვნებით, ფოტოები, მერე სახატავი მასალა იყიდო, ყვავილები დაალაგო ფანჯრის რაფაზე ან ფარდები შეცვალო. უნდა გაიფიქრო, რომ შენი სახლი შენი ციხე-სიმაგრეა. ყველა, ყველა პრობლემას მოევლება, მთავარია ის საწყისი მინიმუმი იპოვო, რაც აუცილებლად გჭირდება, სადაც არ უნდა წახვიდე. აუცილებლად უნდა იყოს იაფი, მსუბუქი და ყველგან ხელმისაწვდომი. მერე მუსიკა უნდა ჩართო და იცეკვო, გარეთ რომ გახვალ ოდნავ ხმამაღლა უნდა იღიღინო, ბოლოს ნანახ-გაგონილი სასაცილო ისტორიები გაიხსენო და გარემოს დააკვირდე.

jared-sluyter-342881-unsplash.jpg

ჩემი გონება

 

ტვინის კონტროლი თუ ვიცით, ემოციებსაც ვმართავთ, შესაბამისად, რაციონალურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, უკეთესად ვმოქმედებთ (perform better) და მთლიანობაში, ჩვენი ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება. მოდი და ნუ იტყვი, რომ ტვინის კონტროლი ყველაფრის გასაღები არაა. რამდენჯერ ვყოფილვარ რაღაც აბსტრაქტული სცენარებით დამფრთხალი, დასტრესილი, შრომისუუნარო და ძილისგუდა.

mark-daynes-34970-unsplash.jpg

  1. წარმოიდგინე, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და გაიღიმე. ნეგატივი ეგრევე პასიურს გვხდის და ყველანაირ ენერგიას გვართმევს. საქმე იმაშია, რომ ტვინი ყველა ჩვენ ქმედებას სერიოზულად მიიჩნევს. თუ გავიღიმებთ (ან თუნდაც კრიჭს შევკრავთ და ღიმილის იმიტაციას შევქმნით), ტვინი გაიფიქრებს, რომ ყველაფერი რიგზეა. რამდენიმე წუთში თავს გაცილებით უკეთესად ვიგრძნობთ.
  2. ფორთოხალი არის მზე. მზისა და სინათლის მნიშვნელობას და როლს ვერ ვაცნობიერებთ (განსაკუთრებით, საქართველოში, მზით განებივრებულები), სიბნელეს და ნაცრისფერ წვიმიან დღეებს თან ახლავს “ის”, რაღაც უიმედობა, უხასიათობა და მოწყენა. თუ ცუდად ხარ, და აუცილებლად ხარ ხოლმე თუ გარეთ ბნელა, ერთი-ორი ფორთოხალი იტკუცე, ან მზიან მხარეში განიავდი.
  3. ივარჯიშე, ბევრი, ბევრი ივარჯიშე. გაოფლიანდი, ირბინე, კუნთები გაიმაგრე და უამრავი ბედნიერების ჰორმონი გამოგეყოფა. თან, ერთი ბონუსი აქვს: ყველანაირი სხვა ქმედება, გონებრივი აქტივობაა თუ დიდი ნაბიჯის გადადგმა, ამაზე გაცილებით ადვილად მოგეჩვენება, თან ვარჯიში დისციპლინას გვინერგავს და გონებრივად გვაკაჟებს. თუ იაფი ფიტნეს დარბაზი არ მოიპოვება, იოგა მატი, YouTube და გარეთ სირბილი საკმარისზე მეტია.
  4. გარეთ გადი და სოციალიზდი. მეგობრებთან ერთად დალიე (პასუხისმგებლობით!), საერთო ინტერესის მქონდე ხალხს შეხვდი (meetup ის შესახებ გსმენია?), სუფთა ჰაერი ჩაყლაპე. ამ პუნქტის ნაწილია მოგზაურობაც. სოციალიზაცია ახანგრძლივებს ცხოვრებას, სხვა კი არაფერი.
  5. მართე შიში. შიშის მართვა არის უმთავრესი. ჯერ ერთი, რამე მოვლენის მიმართ შიში იმ მოვლენის მიმართ დაცვას გვიხსნის, და ხშირად ზუსტად ის გვემართება რისიც გვეშინოდა. აიღე წიგნაკი და ჩამოწერე ყველაფერი, რისი შიშიც გაქვს. ეს შეიძლება იყოს ირაციონალური შიში ან კონკრეტული სცენარის შიში. აი, ახლა, აიღე ფურცელი და ვერტიკალურად ჩამოწერე. დაახლოებით 10 წუთი სჭირდება (ახლა, ამ ბლოგპოსტის ხათრით ახალი სია შევადგინე და დავტესტე) მომდევნო წინადადება არ წაიკითხო. ————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————-ახლა წაშალე ყველაფერი, რაზეც გავლენის მოხდენა არ შეგიძლია. ატომური აფეთქება, ავიაკატასტროფა, შენობიდან ჩამოვარდნილი აგური ან მთვრალი მძღოლის მიერ გამოწვეული ავტოკატასტროფა. დატოვე შიშები, რომლებზეც ზემოქმედება შეგიძლია. გვერდით, გასწვრივ, ჩამოწერე რისი გაკეთება შეგიძლია თავიდან ასარიდებლად. შემდეგი გრაფაა რა გავაკეთოთ თუ მოხდა რისიც გვეშინია და მეოთხე ბოლო გრაფაა როგორ მოვიშოროთ შიში. ჩემი ჩანაწერი ასე გამოიყურებაIMG_20180322_150657.jpgჩვენი შიშებისთვის თვალის გასწორება არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ასეთი მარტივი სქემაც უზარმაზარ შვებას მოგგვრით. მეორე გვერდზე შეგიძლიათ უფრო ჩაუღრმავდეთ თითოეულ პუნქტს, ან, სულაც დროში გაწეროთ, თქვენი გეგმების მიხედვით.
  6. დააიგნორე ყველაფერი, რისი შეცვლაც არ შეგიძლია. სულ ყველაფერი. მე ასეთი და არა ისეთი “ოჯახიშვილი” ვარ, ასე გამოვიყურები, მაღალი ვარ, დაბალი ვარ, იმას არ მოსწონს ჩემნაირები, იმათ არ სჭირდებათ ჩემნაირი კანდიდატურა, ა.შ. don’t give a voice to whatever you can’t change. ვითომ არც არსებობს ის ლიმიტები. სტოიციზმის მაგალითია: შეიძლება მე მონა ვარ, მაგრამ ჩემი გონება თავისუფალია. ვერ შევცვლი ა ს, მაგრამ ბ ხელმეწიფება. გამოიმუშავე პოზიტიური კუთხით აზროვნება, შეჩერდი წუთიერად და შეატრიალე სცენარი. ნებისმიერი ცუდი ამბავი გადააქციე კარგ ამბად. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, საკუთარ ტვინს როგორ ავუხსნით ამა თუ იმ ამბავს. ხელმოცარული სცენარი გადააქციე გამარჯვებულის სცენარად. ალბათ ისე არ მოხდა (x) როგორც მე მინდოდა, ახლა ასე ვარ, მაგრამ, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არც მჭრდებოდა, შემაფერხებდა, ა.შ. მოკლედ, ჩვენ როგორც შევატრიალებთ ამბავს, ტვინიც ისე აღიქვამს. რეალობა არ შეიცვლება, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი, ჩვენი ხედვა შეიცვლება.
  7. დრო. არ დაგავიწყდეს, რომ ყველაფერს ეშველება გაფლანგული დროის გარდა. შეიძლება უცებ ტუზი დაგეცეს, გამდიდრდე, ენერგიასაც მოუვლი მეტ-ნაკლებად, მაგრამ დრო ცხოვრებისთვის ერთადერთია, რაც გაგვაჩნია. მოეშვი სასიცოცხლო ენერგიების დებილობებზე ხარჯვას. you have equal chances to fail in everything. მოლარე-ოპერატორი ხარ თუ პრეზიდენტი, ერთნაირი წარმატებით შეიძლება ორივეგან ჩაფლავდე. ბარემ ის აკეთე რაც გაინტერესებს, საკუთარი დრო მიმართე საკუთარი თავის საამებლად. ბოლოს ყველა დავიხოცებით, არ გკიდია მართლა გარემო(ებები)? (თან ის გარემო, რომელსაც შენი კეთილდღეობა კიდია). “Alexander the Great and his mule driver both died and the same thing happened to both” – Marcus Aurelius. ერთადერთი ვალდებულება ისაა, რომ პასუხისმგებლობა არ მოიხსნა საკუთარ ქმედებებზე. სხვების კეთილდღეობას თუ არ ვნებ, მორჩა, მიხედე საკუთარ თავს.
  8. ყველა სხვაც ადამიანია, რომელიც კეთილი და საყვარელი იბადება. ძალიან ჰიპურად ჟღერს, მაგრამ მიუხედავად “კოსტუმებისა” და თანამდებობისა, ყველას ყველაფერს ურჩევნია სიცილი, მეგობრები, ოჯახი და ის, რომ ვინმეს უყვარდეთ. მოუსმინეთ სხვებს, სხვების ამბებს, ისტორიებს და ისწავლეთ. არაფერი არ ვიცით. იმის გაფიქრება, რომ ვიღაც 40+ წლის მკაცრ სახიანი ხალხი სახლში მიდის, ტასაცმელს იცვლის და ოჯახის წრეში ბუნჩულდება, გულს მითბობს და ცხოვრებას ცოტათი მეტად მაყვარებს. არავინაა ღმერთი, ინფორმაციის მიღებას არაფერი არ უნდა, იმის სწავლას რაც მათ იციან, არაფერი უნდა რამდენიმე რიდერის და რამდენიმე კვირის გარდა. თუ რამე აქვთ ისიც იმიტომ, რომ რეპუტაციის შექმნა იციან საკუთარი თავის გარშემო (რაზეც მოგვიანებით დავწერ). მოკლედ, ყველას ისე მიუდექით, როგორც ადამიანს. იყავით სასიამოვნოები და ყველაზე ოფიციალურ იმეილებს და შეხვედრებსაც კი ადამიანური, პიროვნული ხასიათი შესძინეთ. ასე ყველას უფრო მეტად მოეწონებით, თან თქვენი სტრესის დონე მოიკლებს. andrew-pons-9713-unsplash.jpg

 

სხვა მნიშვნელოვანი გაკვეთილები, რომელთა “მისაკლიკადაც” საკმარისზე დიდი დრო დამჭირდა.

  1. იყავი შეუპოვარი. რამდენიმე დღის წინ ერთი სტატია წავიკითხე, რომელმაც შეუპოვრობაზე, როგორც ძალიან მაგარ თვისებაზე დამაფიქრა. დედააზრი ესაა: რომ იცოდე, რომ შენი 32-ე (რამე ნებისმიერი, მაგალითად, სიმღერა) გახდება ჰიტი, ან მე-60 სტატია მოგიტანთ დიდებას, დაწერდი 60 სტატიას ან გამოუშვებდი 32 სიმღერას? ყველაფერი, ყველაფერი პროცენტული თამაშია, a numbers game, როგორც ამბობენ. არადა მიმწოლობა და შეუდრეკელობა ყველაზე იშვიათი ნიჭი და თვისებაა, შესაბამისად, შეზღუდული რესურსია = დიდი მნიშვნელობის და ფასეული. საერთოდ, გამოიმუშავე რეზისტენტულობა. უმეტესი სიკეთეები ცხოვრებაში ბევრი ცდით მოდის. მაგალითად, კარგი სამსახური, ან ნებისმიერი რამ, რაც ძალიან გინდა. ბევრი ცდიდან ერთი გაამართლებს, ყველა შემთხვევაში. მთავარია მანამდე მისაღწევი უარები დააიგნორო. კარგი ამბავი: ეს დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გაგიადვილდება.
  2. არაფერი არ არის რბოლა. არავის არ ეჯიბრებით. ხშირად “დამპალი კაპიტალიზმი” იმის ილუზიას გვიქმნის, რომ ყველა ჩვენნაირია, ყველა ჩვენი კონკურენტია, ა.შ. გააჩნია რითი ვზომავთ. პროფესიით? კი, ბევრია ჩვენნაირი, ჩვენზე უკეთესები, თანაც, მილიონობით. ეროვნებით? კი, ვმეორდებით. ასაკით? კი. და მაინც, მიუხედავად ამისა, არავის არ ვეჯიბრებით, საერთოდ. როგორც Terry Crews იტყოდა (ჩემდა გასაოცრად, საოცრად საინტერესო ტიპია, შეგიძლიათ აქ მოუსმინოთ), კონკურენცია კრეატიულობის ანტონიმია. მოეშვით კონკურენციაზე ფიქრს (რას ცვლის საერთოდ), გამოიყენეთ წარმოსახვა და იაზრონეთ კონკურენციისგან დამოუკიდებლად, იმიტომ, რომ შენ ერთადერთი ხარ, მხოლოდ ერთია დედამიწაზე შენ.  ცხოვრება კონკურენცია და რბოლა არ არისო, ამ კარგმა კაცმა თქვა. მორბენალი ხომ გარშემო არ იყურება, წინ მირბისო. არა, რბოლა კი არა, მარათონიაო, მთავარია დისტანცია დაფაროო. არა, მარათონიც კი არა, ველზე სირბილიაო. თუ რამის მიღება გინდა, იმ მთის  მიღმაა, უბრალოდ მიხვალ და აიღებ, ესაა და ეს, და სულ ესაა კრეატიულობაო. ნუ ეცდები რაც უკვე არსებობს იმას გაეჯიბრო, შენი ხელწერა გამოიყენეო. –ჰო, შენი კატეგორია შექმენი, უკვე არსებულში კი ნუ დაიწყებ შერკინებასო, ტიმ ფერისმა დასძინა. მიდი და შეეკამათე.
  3. ფოკუსირდი. გონებაში შექმენი ქსელი, რითად 1 მოვლენა მომავალში მეორეს დაუკავშირდება და ასე განვითარდება, მაგრამ ორის მაგივრად ერთით დაიწყე. მე ის ფიზიკური პირი ვარ ყველაფერს რომ ვეკვეთები ხოლმე, მაგრამ მორჩა, მივხვდი რომ არამცთუ ას რამეზე არ უნდა გაიგიჟო თავი, პირიქით, ერთი უნდა დაყო სულ ერთი ციდა, უსაფრთხო, პაწია და ადვილ საფეხურებად. მე ის ადამიანი ვარ, საკუთარი წარმოსახვის ძალა რომ მსრესდა და ყოვლად აღელვებულს და ძალაგამოცლილს მიმაგდებდა. დავაგდებდი ერთ სიტყვას (მაგ: მე გავხდები ესა და ეს, ასეთი და ასეთი) და მერე იმდენად მიხაროდა და ისე არხეინად ვიყავი, ვერაფერიც ვერ გავბატონდი. არა, მოეშვი. აიღე ერთი რამე, რაც გაინტერესებს და მთელი გულით გინდა, დაყავი ას პატარა ნაწილად და ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითი-დღე მიყევი. ესაა სხვაობა უვიც (with a touch of ცანცარა) და ცოტა დამჯდარ-დალაგებულ ადამიანებს შორის.

    თუ არ იცი რომელ პორტს მიეშურები, არცერთი ქარი იქნება ზურგის – Seneca.

 

მოკლედ, გავიმეოროთ:

გავიღიმოთ, ფორთოხალი მივირთვათ, ჩვენი სახლი “მოვნიშნოთ”, ყოველ დღე ვივარჯიშოთ, მეგობრებს ხშირად შევხვდეთ და ყველა ადამიანს სიყვარულით მოვექცეთ, დღიური ვაწარმოოთ აუცილებლად საკუთარი თავის კარგად გასაცნობ-შესაცნობად და საკუთარ შიშებს სერიოზულად მოვეკიდოთ, არ დავისტრესოთ და რაც გვინდა უბრალოდ მივიდეთ და ავიღოთ, ერთი რამე ვაკეთოთ ერთ ჯერზე, შეუპოვრები გავხდეთ, რაც არ გამოგვდის ან არ მოგვწონს დავაიგნოროთ, და უბრალოდ, კეთილად მოვექცეთ საკუთარ თავებს და მისი სიამოვნებისთვის ვიცხოვროთ ტკბილად და ბედნიერად, სხვა არც არავინ გაგვაჩნია.

 

Advertisements

Multitaskerებმა რა ვქნათ

თქვენც თუ ჩემსავით კითხულობთ ხოლმე დებილურ სტატიებს თვითმენეჯმენტზე მიხვდებოდით, რომ რვაფეხებს არ გვწყალობენ. აქაოდა მიხედეთ და ერთ რამეს მიაწექით, ფოკუსირდით, გაუმჯობესდით და მეტს მიაღწიეთო.

არადა, ვარსებობთ ადამიანები, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე რამეს და ზოგადად მსოფლიოში ყველაფერს ვაკეთებთ, რომლებსაც გვწყინდება ერთი და იმავე აქტივობით დაკავება, ვერ ვახდენთ კონცენტრირებას და ერთ საქმეზე მუშაობისას სხვა საქმეზე გვეფიქრება, რადგან კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო და ძალიან მაგარი რამე არსებობს და თან სავალდებულო საქმეები მომენტალურად კარგავენ “მუღამს”.

თავს დავდებ ყველას გამოგიცდიათ – ერთი დიდი საქმე რომ გაბარიათ, გამოცდა იქნება, რამე ფეიფერის დაწერა, სამსახურის ინტერვიუ, შეხვედრა თუ რამე მსგავსი, და თან მოსამზადებლად საკმარისზე მეტი დრო გაქვთ. თან ეს რაღაც ერთი დიდი საქმე იმდენად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია, რომ ვერც გარეთ გადიხართ და არც ცხოვრებისეული სიამენი გერგებათ, გონება იმ რაღაცას უტრიალებს და საბრალოდ ოხრავთ და წუწუნებთ. როგორც წესი სცენარი ასეთია ხოლმე: მაინც ბოლო წუთამდე სისულელეებით ვავსებთ დროს და ბოლო რამდენიმე დღესა და ღამეს ვასწორებთ. შედეგი საშუალოა, დრო – გაფლანგული და უსაშველოდ გაწელილი.

ან, სცენარი N 2. სამსახური გაქვთ, ან რაღაც 1 ხდება მთელი დღის განმავლობაში, ისეთი, საშუალო დონის. მთელი დღე ისე ივსება ამ მოვლენით, რომ სხვას ვეღარაფერს ახერხებთ. არადა რომ ფიქრობთ არც თუ ისეთი დაკავებულ-დაღლილები უნდა იყოთ. მაგრამ დრო რაღაცნაირად გადის.

მოკლედ, სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, საქმე რაშია:

რაც უფრო მეტ რამეს აკეთებთ, დროის აღქმაც იცვლება, დღე ხანგრძლივდება და ყველაფრისთვის გყოფნით 🙂

ან სხვანაირად, რამდენიმე საქმეს თუ არ აკეთებთ, ვერც ერთზე ვერ მუშაობთ ხარისხიანად.

warning: პრიორიტეტების დალაგებაში არ აგერიოთ, ასე თუ ისე მაინც უნდა იცოდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის დღის განმავლობაში, რომ ენერგია რაღაც შტერობებზე არ დაგეხარჯოთ.

უბრალოდ იმ ერთ პრიორიტეტულ რამეს სხვა საქმეები მიუმატეთ. იმ ერთსაც უკეთესად გაართმევთ თავს, სხვა საქმეებსაც და ბოლოს კმაყოფილებს და ბედნიერებს დაგეძინებათ.

ჰო, ვიცი, ცუდია ერთი მიზანი და ერთი მიმართულება რომ არ მაქვს, მაგრამ დიდი ხნის წინ გადავწყვიტე თავთან ბრძოლის მაგივრად მაქსიმალურად კომფორტულად მოვერგო საკუთარ თავს.

ჩემი აქტივობების წრე ასე გამოიყურება:

საქმეები: სწავლა – სტარტაფი – ონლაინ ბიზნესი – სამსახური.

დროის ფაქტორი:

უნივერსიტეტი – კვირაში 15 საათი; (ამჟამად 40+, ფეიფერებს ვწერ, თან რამდენიმეს ერთად რომ არ მომწყინდეს)

ონლაინ ფრილანსერობისთვის / ბიზნესის აწყობისთვის – კვირაში 15 საათი;

სტარტაფისთვის ცოტა ნაკლები, ზემოთხსენებული მიზეზების და საქმეების გამო – 10 საათი;

ახლა ახალ სამსახურს ვეძებ, დღეში 1-2 საათით (მერე კვირაში 20 საათს ვიმუშავებ).

დასვენება/კეთილდღეობა: მუსიკა-ვარჯიში-გარეთ გასვლა-სოციალიზაცია – ფილმები და ეშმაკის მანქანები

მუსიკა-ხელოვნებისთვის კვირა დღე არსებობს;

ვარჯიში, ფიტნესი, იოგა, სირბილი –  ყოველ დღე, გონებას წმენდს და ფიზიკურად გვაკაჟებს;

გარეთ გასვლაში რას გულისხმობო იკითხავთ. იმას, რომ სახლში და ხალათში გატარებული დღეები მეზიზღება. გარეთ გასვლა სულაც რამდენიმე წუთით ყველაფერს ცვლის, სხვა ენერგიით და აზრებით გვავსებს. დაკვირვებიხართ რა მაგარი იდეები მოგდით მეტროში ან მოგზაურობისას? ან ერთი სული არ გაქვთ ხოლმე სახლში როდის მიხვალთ რომ “აქეთ გორასა წიხლსა ვკრავ?”.

ჰოდა, სულ ვამბობ ხოლმე, რომ ბლოგპოსტებს ჩემთვის ვწერ.

მე მჭირდებოდა ახლა თავისთვის შეხსენება, რომ არაუშავრს თუ 20 წუთში მწყინდება. არაუშავრს, თუ ხალხს ვერ ვუხსნი რატომ მაინტერესებს ა და ჭ, რომ ერთი რამის კეთებისას ასი იდეა მომდის და მერე იმ ას რამეზე ვეძებ ინფორმაციას და ასივეს ვიწყებ. თუ სიტყვა “კომპლექსური” შეიძლება ადამიანს აღწერდეს, მაშინ მე ვარ კომპლექსური. კომპლექსური რვაფეხა.

მერე რა, we are awesome 🙂

მთავარია ძალა მოვიკრიბოთ, საკუთარ თავებს მოვუსმინოთ, სისტემა შევიმუშავოთ და მივყვეთ.

Simplify, Minimize, Eliminate

ეს პოსტი იმაზე იქნება, როგორ ვცდილობ ჩემი ტვინიდან “catch” ები წავშალო, უფრო მარტივი გავხადო ყველაფერი და გაცილებით ეფექტიანი გავხდე.

ჩემს ერთ-ერთ საყვარელ აპლიკაციას გადავხედე და ასობით შენახული სტატია წავშალე. უმეტესობა პროდუქტიულობის თემაზე იყო. აი, რას გეტყვით:

დაივიწყეთ ყველაფერი, რაც წაგიკითხავთ ამ თემაზე. ზედმეტი ნაგვით ტვინი არ დაიტვირთოთ.

საბაზისო პაკეტში შედის:

  1. ყველანაირი გეგმა გაამარტივე, საერთოდ, ყველაფერი გაამარტივე ან წაშალე. როცა ძალიან ბევრს ფიქრობ, უბრალოდ, გაჩერდი. მორჩი ბევრ ფიქრს. ადექი და რამე გააკეთე მაგის სანაცვლოდ. ან, უბრალოდ, ცარიელი ყუთი წარმოიდგინე. გახსოვს yin & yang ზე რომ ვილაპარაკეთ? დაისვენე.
  2. თქვი “არა”. ძალიან ხშირად. საკუთარ თავს უთხარი “არა”. ფეისბუქზე უნდა შეხვიდე? -არა! ახლა ჯერ ამას წავიკითხავ/ვუყურებ/ვიზამ და მერე მივხედავ “იმას”? – არა! ავუკრძალოთ საკუთარ თავებს რაღაცეები. სისულეელეები. ასეთი სისულელეების კეთებას მიაქვს ჩვენი დროის 90%, მერე ვამბობთ, რომ დაკავებულები ვიყავით. ერთია საქმიანი სახით ჯდომა/სიარული და მეორეა პროდუქტიულობა. უბრალოდ, სულაც ნუ გააკეთებ რაღაც იდიოტობებს.
  3. დღე წინასწარ დაგეგმე და სულ რამდენიმე უმნიშვნელოვანესი საქმე მოინიშნე. დანარჩენი ყველაფერი ზედმეტია. ის საქმეებიც ეცადე დილითვე მოიშორო. დაჯექი და მოიშორე. თანაც, სულ პირველად ყველაზე “რთული” საქმე გააკეთეთ. მერე ნახე რა ბედნიერება მოაქვს კონტროლს.
  4. დანარჩენი დრო არაფრის კეთებას კი არა, სასიამოვნო საქმეების კეთებას დაუთმე. ცხოვრებით ისიამოვნე. იმოგზაურე ან გარეთ გადი, მეგობრებს შეხვდი, მუსიკაზე იარე, ცეკვა ისწავლე ან ბუნებაში გაისეირნე. გართობა დროის კარგვა კი არა, ჩვეულებრივი საქმეა. ის საქმე, რისთვისაც ვცხოვრობთ. ოჯახის, მეგობრების და ზოგადად, სიამოვნების გამო.

არც ეს პოსტი იყო დიდი. იმიტომ, რომ ძალიან ბევრი უსარგებლო წინადადება წავშალე.

დროებით!

პ.ს. წაიკითხეთ: Tim Ferriss “4 hour work week”

რა ამბებია ბერლინში

0ZkgMrBkKQ8მოკლედ, გიყურებთ მთელი ოჯახით ბერლინიდან.

აქ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის გრილა, მე გავიყინე უკვე და ქურთუკზე ზრუნვა დავიწყე, თუმცა ფასებით არ ვარ აჟიტირებული და ჯერ ძებნის პროცესში ვარ. მაგრამ, რა დროს ქურთუკია, იმდენი საქმე მაქვს!

  1. პირწმინდად უნდა შევასრულო დაკისრებული მოვალეობანი;
  2. ვისწავლო გერმანული, რამეთი შეუფერხებლად ვიცხოვრო და ვიმუშავო;
  3. დავფუძნდე – მოვაგვარო ვიზების ამბები, გავიგრძელო და ა.შ.;
  4. დავაარსო ჩემი სტარტაპი;
  5. ავყვავდე ეტაპობრივად 🙂
  6. CV ს ამბებს მივხედო, ჩემს პროფესიაშიც ვიღონო რამე;
  7. შევხვდე მუსიკოსებს;
  8. შევხვდე ადგილობრივ entrepreneur ებს
  9. ხალხი გავიცნო, მეგობრები შევიძინო, გავერთო;
  10. ფული ვიშოვო კიდევ ერთხელ, რაც ძალიან მჭირდება.

მოკლედ, ბერლინი არის მწვანე. სუფთა. პასუხისმგებლობით სავსე. ლამაზი. ჰიპსტერული. მუსიკალური. ბოჰემური. გრილი. Continue reading “რა ამბებია ბერლინში”

6 მარტივი გზა უცხო ენის სასწავლად

10569049_443208629155326_7828143323388014491_nძალიან მსიამოვნებს ახალი ენების სწავლა.

ენის სწავლა არ ნიშნავს ჩვენი ბედკრული სკოლების (საბჭოთა) მეთოდების გამოყენებას, (ეგ საერთოდ სისხლის სამართლის დანაშაულია). სწორედ ასე ვახერხებ სიამოვნება მივიღო ახალი ენის სწავლით.  10-10 საათი ჯდომა და სავარჯიშოების ზედმიწევნით კეთება ნამდვილად გადამრევდა.

მთავარია ის ენა მართლა გიყვარდეს და იმ კულტურაზე გიჟდებოდე, გქონდეს მოტივაცია, მოგწონდეს ხალხი და იქ ყოფნა ძალიან გინდოდეს.  Continue reading “6 მარტივი გზა უცხო ენის სასწავლად”

As I began to love myself

აწ ამ წუთიდან ვაპირებ ახალ ეტაპზე გადავიდე, რომელსაც ეწონდება “არ მაინტერესებს, საერთოდ აღარ მაინტერესებს ვინ რას აკეთებს, ვინ როგორ ცხოვრობს,  ვინ რა როგორ მიიღო/რას მიაღწია და რა საშუალებებით, ვისთან იყო, რა ურთიერთობა აქვთ…” და მისთანნი.

მოკლედ, სამყაროს აღქმის ახალ ეტაპზე გადავდივარ, რომელსაც ქვია “მე”

კი, თეორიულად ყველამ ყველაფერი ვიცით, და მაინც, ყოველ დღეს სხვისი თავგადასავლებისა და ნიუსების გაცნობით ვიწყებთ, სხვისი დაწერილი მუსიკის მოსმენით, სხვისი სურათების დათვალიერებით, სხვასთან საუბრით და სხვისი აზრის მოსმენით.

თქვენი არ ვიცი და, მე ამას ბოლოს ვუღებ. Continue reading “As I began to love myself”

ფოკუსირების 11 საშუალება

ყურადღების გაფანტვა ჩვენი საძულველი procrastination ის ნაწილია. ეს ის ამბავია, სწავლა/მუშაობის დროს კედლის ყურებაც ერთი ათასად საინტერესო რომ ხდება ხოლმე.

ჰოდა, დღეს Entrepreneur Magazine მა კიდევ ერთი ინფოგრაფიკი დააშეარა.

1420832715-focus-infoფოკუსირებისთვის საჭირო ყოფილა:

საჭმელი მაგიდაზე (რადგან გლუკოზა ტვინს ფოკუსირებაში ეხმარება);

გათალეთ ვაშლები (რადგან 1 ვაშლი გაცილებით უკეთ აფხიზლებს, ვიდრე 1 ჭიქა ყავა და უამრავ სასარგებლო რამეს შეიცავს), მოიმარაგეთ მანდარინები, ფორთოხალი და რაც გაქვთ, ყველაფერი. ჰო, ბოთლით წყალიც დაიდგით, რომ მაგის გამო არ ირბინოთ, ჩვენ ტვინებს მეტი რა უნდათ! თანაც, ხომ იცით, დღეში 1-2 ლიტრი წყალი აუცილებელია!

გამორთული მობილური ტელეფონი

Continue reading “ფოკუსირების 11 საშუალება”

9 ჩვევა 2015 წლისთვის

ახალი წლის შემდეგ სიცოცხლე გაცილებით საყვარელი ხდება ხოლმე ხალხისთვის. ბუნებრივიცაა.. ახალ წელს სიახლის განცდა მოაქვს. დეკემბრის დადგომის წუთიდან ყველას ერთი სული აქვს როდის მოვა ახალი წელი, რომ თავს ძველი ცოდვები მიუტევოს, დროზე მოახჩოს ძველი წელი, ახალი გეგმები შეადგინოს, თავი “დაირეფრეშოს” და საკუთარ თავს ინერტული ცხოვრების ცვლილებების შანსი მისცეს. თითქოს ახალი წელი რაღაც ჯებირია, რომელიც გაძლევს საშუალებას შეიცვალო, დილით სხვა ადამიანმა გაიღვიძო და ის გააკეთო, რაც გინდა (მაგრამ, რატომ არ შეიძლება ასეთი დღე იყოს, ვთქვათ, 20 იანვარი ან 27 მაისი? 31 დეკემბრით, უბრალოდ, კალენდარი მთავრდება. ეს უკვე სხვა თემაა). უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ ხალხს ჰაერივით სჭირდება ისეთი რაღაც, რაც ნათლად მიანიშნებს – ძველი დრო დამთავრდა და ახალი ეტაპი იწყება.

ეხლა კი, ახლოს პოსტის შინაარსთან…

ვერანაირ ცვლილებას ვერ განახორციელებ, თუ კონკრეტულ ჩვევებს ვერ გამოიმუშავებ.

მე თუ, ვთქვათ, ღორმუცელა ვარ, 15 იანვრიდან ( 🙂 ) კი დავჯდები დიეტაზე, 5 კილოსაც დავიკლებ, მაგრამ 30 იანვარს კვლავ მკლავებს ავიკაპიწებ. იმიტომ, რომ ზომიერად და სწორად კვების ჩვევა არ მექნება გამომუშავებული.

მეც ბევრი ჩვევის გამომუშავება მინდა.

  1. მინდა ადრე ავდგე. Night Owl დან ტოროლად გადავიქცე, რაღაც პერიოდით მაინც. სტატისტიკაა, რომ ყველაზე პროდუქტიული ადამიანები ადრე დგებიან. ანა ვინტური 5 საათზე ჩოგბურთს თამაშობს, ჩემი ერთ-ერთიო სულიერი მამა (რიჩარდ ბრენსონი, სტივენ ტაილერის და დევიდ ბოვის მხარდამხარ))), ასევე უთენია წამოფრინდება ხოლმე. უი, ჩვენი ქვეყნის უმდიდრესი მოქალაქე ხომ გახსოვთ? 🙂 მოკლედ, სიას არ გავაგრძელებ. ჩვევის გამომუშავებას 21 დღე სჭირდება. დღეს პირველი დღეა (ადგომის დრო 06:40).
  2. მინდა თვითდისციპლინა ახალ დონეზე ავიყვანო.
  3. თვითგანათლებაც;
  4. გავანაწილო არა დრო, არამედ ენერგია. სისულელეა იმაზე დროის დახარჯვა, რაც ნაკლებადღირებულია. მომკალით და, ჩემ მიერ შედგენილ 30$ იან სქემაზე უკეთესი მეთოდი ჯერ არსად შემხვედრია. მაინც სისულელეებში მეხარჯება უამრავი დრო… ჰოდა, ყველაფრის პრიორიტეტების მიხედვით დახარისხება უნდა ვისწავლო. 
  5. არ გავატარო არცერთი დღე უქმად! თქვენი არ ვიცი და, ნებისმიერი არანაყოფიერი დღე (თუ წინასწარ არ გადავწყვიტე, რომ ასეთი დღე მქონდეს), ძალიან დიდ მორალურ დარტყმას მაყენებს. ჩემთვის მოქმედება და ბედნიერება ერთმანეთის სინონიმებია. მხოლოდ მოქმედებას მოაქვს სიხარული, თვითკმაყოფილება და მინარჩუნებს იმედებს, მოტივაციას, საკუთარი თავის პატივისცემას… პრინციპში, ესეც თვითდისციპლინის ნაწილია.
  6. ვიზრუნო ჯანმრთელობასა და სხეულზე. ეს სავალდებულოა!
  7. ვიყო გაცილებით უფრო ძლიერი. ძლიერი, რომ შევძლო და დავდგე ყოფით პრობლემებზე მაღლა, გადავლახო ის პრობლემები, რომელბიც ჩემი იდეების რეალიზებაში მიშლის ხელს, ძლიერი, რომ გადავლახო სიბრაზე კონკრეტული ადამიანების თუ გარემოებების მიმართ… ალბათ, ესეც თვითკომუნიკაციის ნაწილია.
  8. ვიყო გაწონასწორებული, დალაგებული და მშვიდი. როგორ მიჭირს ხოლმე… (ამ ცეცხლოვანებას ვერაფერს ვუხერხებ 😀 😀 😀 )
  9. PROCRASTINATION – ნებისმიერი გეგმის მთვარი მტერია, რომლის მართვაც უნდა ვისწავლო. (თარგ. გაჭიანურება, გადადება). ესაა გონების ბუნებრივი მოთხოვნილება არ დაიწყოს საქმე, რომელიც ერთულება, ედიდება და ა.შ. ამიტომაა, რომ მუშაობის წინ (განსაკუთრებით, თუ ეს საქმე უუუმნიშვნელოვანესია), შეიძლება ყველაფერი “იკადროთ” 🙂 – უყუროთ სასაცილო ვიდეოებს, დააკრიალოთ ოთახი, გაგახსენდეთ კლასელი, უყუროთ, რავიცი, ირონია სუძბის 🙂 მუშაობის დაწყებამდე გონებას ავტომატურად ეფიქრება ყველა იმ რთულ მოქმედებაზე, რომელიც უნდა შეასრულოს. მისი გადალახვის რამდენიმე მეთოდი არსებობს.

ა. დავყოთ მოქმედებები სულ პატარა ნაწილებად და გონებას ვაგრძნობინოთ, რომ გვაქვს ბევრი დრო და არანაირი სტრესი (თუნდაც ცეცხლი გვეკიდებოდეს!). აი, მაგალითად, თუ ძალიან ბევრი გაქვთ სამეცადინო ტესტისთვის (მალე უნდა გავბრძანდე ტოიფელზე), თქვით, რომ უნდა ისწავლოთ 5 სიტყვა 1 საათში. თქვენ ასე წარმოიდგინეთ…

ბ. უბრალოდ, უნდა ავდგეთ და დავიწყოთ რამის კეთება. ადრე დავწერე, რომ არსებობს Zeigarnik Effect – გონების მოთხოვნილება დაამთავროს დაწყებული საქმე. ჰოდა, ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ  მოქმედების დაწყების შემდეგ თქვენში არნახული პერფექციონისტი გაიღვიძებს, რომელსაც ძალიან უნდა საუკეთესო შედეგები მიიღოს. ერთ რამედ ღირს ეს გრძნობა!

გისურვებთ დიდი ნაბიჯების გადადგმას, წარმატებებს, საკუთარი თავით სიამაყეს, ბევრ თავგადასავალს, მოგზაურობას, ევროკავშირს და ძალიან, ძალიან პროდუქტიულ 2015 წელს.

ჰოდა, ცვლილებების დრო ხომაა ახალი წელი… დღეს 4 იანვარია, იმედია ცოტა მოგბეზრდათ უსაქმურობა, თან იცით, რომ თუ ცვლილება და მოქმედებაა, მალეც უნდა დაიწყოთ… იმედია, ჩემი დილის პოსტი ნაბახუსევზე გესიამოვნებათ 🙂

მურაკამი, ინერცია და ნებისყოფა

This slideshow requires JavaScript.

იცით, რომ ჰარუკი მურაკამი ყოველ დღე დარბის?

Without a solid base of physical strength, you can’t accomplish anything very intricate or demanding. That’s my belief. If I did not keep running, I think my writing would be very different from what it is now

წყარო

Some day, if I have a gravestone and I’m able to pick out what is carved on it, I’d like it to say this:

Haruki Murakami
1949-20**
Writer (and Runner)
At Least He Never Walked

წყარო 2

ჰარუკი-სან დილით 5 საათზე დგება, უჯდება საწერ მაგიდას და რამდენიმე საათის განმავლობაში მხოლოდ სამუშაოზეა კონცენტრირებული. ნიჭი, კონცენტრირების უნარი და ამტანობა – კარგი მწერლის უდავო თვისებებია. (იხილეთ ჩემი საყვარელი ინტერვიუ)

შემდეგ ვარჯიშობს, მერე კი სახლიდან გადის და დარბის. არაერთ კილომეტრს. წლების განმავლობაში. “ჩაუგდებლად”

ყოველ დღე სულაც არ ეხალისება, მაგრამ ახტება “მაგ” რაღაცას და დარბის. ეს ეხმარება ყოველდღე იცხოვროს. ამას ნებისყოფა ეწოდება.Times_Murakami

ჩემთვის კი სირბილს სხვა ფიზიკური თუ გონებრივი აქტივობები ანაცვლებს. ესაა ვარჯიში, მუსიკა… და სავალდებულო საქმეები, რომლებსაც მაშინვე მოვისვრი, როცა აღარ დამჭირდება. და ყოველ დღე მეც ძალიან მიჭირს. ვერ ვარ მთლად მურაკამი-სანის ნებისყოფის პატრონი. (თუმცა, ამ “დილით” უკვე დავწერე, რომ მინდა საკუთარი ნებისყოფა გავიუმჯობესო.)

ჰოდა, მანამდე კიდევ ერთი პოსტით ადრე დავწერე, რომ არ უნდა მივაქციოთ წარსულს ყურადღება, თუ ის ბორკილებს გვადებს. ასე, რომ ეს პოსტი უფრო მეტად საკუთარ თავს მივუძღვენი. აი, რატომ:

თუ მე გუშინ რომელმე (ან არცერთი) ჩემი აქტივობა არ “განვახორციელე” (სტილისტურიშეცდომა.ცომ), არ ნიშნავს, რომ ეს უფლებას მაძლევს დღესაც გავაცდინო. საერთოდ, დაუწერელი “კანონი” არსებობს, რომ თუ ერთხელ “ფეხი აგიცდა”, ასეც გაგრძელდება. ეს ეხება ყველაფერს – თუ ერთხელ გააცდინე სამსახური, მეორედაც გააცდენ (რა მოვხიე), თუ ერთხელ შესცოდე რამე, მეორედაც შესცოდავ :)), თუ მოწიე კიდევ მოწევ… თუ ნარკოტიკს გაეკარე, იგივე, თუ ერთხელ უღალატე ვინმეს მეორედაც იზამ და ა.შ…….

იმის თქმა მინდა, რომ ასე არაა.

ვითომ გუშინდელი დღე არც ყოფილა. ის მხოლოდ კალენდარულ ისტორიას შემორჩა. რეალურად არ ყოფილა.

ყოველი დღე ახალი ეპოქაა, ახალი დასაწყისი და ბატონი ჰარუკი იმიტომ არ დარბის რომ გუშინაც ირბინა, არამედ იმიტომ, რომ დღეს თუ არ ირბენს თავს ხელში ვერ აიყვანს, ვეღარ იქნება ის, ვინც უნდა რომ იყოს და ვერ ემონება იმ ცხვარს, გონებაში რომ უზის.

ამის თქმა მინდოდა. დღეს ახალი დღეა, რომელშიც ინერციის ხათრით არაფერი უნდა გავაკეთოთ. სულ არაფერი.

რა მნიშვნელობა აქვს რა ვქენი მე გუშინ? იმის წინ, იმის წინ…

დღეს ახალი შანსი მაქვს.

 

ისტორია და/თუ მომავალი

რა თქმა უნდა, ისეთ პოსტს არ დავწერ 13-14 წლის ასაკში რომ ვგიჟდებოდი ხოლმე და ფორუმებზეც ვნერვიულობდი, მაგრამ მინდა ერთდროულად ვილაპარაკო ისტორიულ გამოცდილებაზე, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს აწმყოსა და მომავალზე. იქნება ეს პიროვნების თუ სახელმწიფო დონეზე. მოსაწყენად დავიწყე, მაგრამ ასე არ გავაგრძელებ.

ინერცია – ჩემი მტერი.

რატომ მივყვებით ინერციას?
ყოველ წამს ხომ სხვები ვართ, სამყარო ჩვენს გარშემო თითოეულ წამს სასწაულებს სჩადის, ქმნის სიტყვებს, სიცოცხლებს, ვარსკვლავებს, იდეებს, სქემას… ჩვენ კი რატომ ვართ ერთი და იგივე?

1) ადამიანი სოციალური ცხოველია. მე გამზადეს, აღმზარდეს და ათასი საჭირო თუ გამოუსადეგარი ინფორმაცია ჩამიტენეს თავში. ეს იყო ინფორმაცია საზოგადოებაზე, სამშობლოზე, რელიგიაზე, ყველაფერზე. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ინფორმაციის და გენების წყალობით ვარ ის, ვინც ვარ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ცაში ადამიანს ვერ აღზრდი, მასზე სხვებს აქვთ გავლენა. და იმისათვის, რომ ადამიანი იყოს ადამიანი, მას სჭირდება უკვე არსებულ ადამიანთა ჯგუფი.

2) ვერ ვპოულობ იმ წერტილს, როცა დამოუკიდებლად აზროვნება დავიწყე. ვერც მიზეზს ვერ ვპოულიბ ვერსად. “მე” სად დაიბადა და როდის, არ ვიცი.

ჩავთვალოთ, რომ მე, როგორ მე, ვარ ათვლის წერტილი, ჩვეულებრივი, მოაზროვნე (არა აუცილებლად დიდი მოაზროვნე) ადამიანის მაგალითი. მე კი არ მაქვს რეცეპტი, როგორ შევიქმენი ისეთად, როგორიც ვარ. მიუხედავად იმისა, რომ შემონახული მაქვს ალბათ ათობით დღიური 11 წლის ასაკიდან მოყოლებული, მაინც არ ვიცი რამ შემქმნა დღევანდელ პიროვნებად.

3) ფაქტია – ყველა დღიურში ცალკე ვარ მე, მე-პიროვნება და ის მოვლენები, რომლებიც ჩემ გარშემი ხდება. მე ვაკვირდები მათ, დასკვნებს ვაკეთებ და შესაბამისად ვიქცევი. მოვლენები განაპირობებენ ჩემს ქცევას, მრავალფეროვან ქცევას, მაგრამ ფაქტია – მე უწყვეტი ჯაჭვი ვარ, შემდგარი ადამიანი.

4) აი, ადამიანი რომ ადამიანად იქცევა და უკვე მყარად ფიქრობს, მერე როგორ უნდა მოწყდეს მიღებულ ინფორმაციას, დაიწყოს მათი გადაფასება (რაც აუცილებლად უნდა მოხდეს!) და, საერთოდ, როგორ უნდა მოშორდეს საფუძვლებს, რომელიც მას გუშინდელ დღესთან აკავშირებს? ეს კავშირი ხომ ნებაყოფლობითი უნდა იყოს და არა სავალდებულო.

და სადამდე შეიძლება მოვწყდეთ ამ ჩარჩოებს? და სადამდე შეუძლია ადამიანს წინ წასვლა?… 10251889_10152179867311840_6939927888367980005_n

აი, რა ძალით ჩატენილი შეხედულებები დავანგრიე მე (მცირე ნაწილი):

ა. ადამიანი იბადება ქვეყანაში, მაგრამ იმიტომ, რომ დედამიწის თითოეული სანტიმეტრი რომელიმე ქვეყანას ეკუთვნის. ჩვენ ქვეყნის კი არა, პლანეტის შვილები ვართ. შესაბამისად, მეტი ან ნაკლები რესურსის, შესაძლებლობების ქონა ქვეყნების მიხედვით დიდი უსამართლობაა. მე ვარ სული, რომელმაც რაღაც უნდა გავაუმჯობესო  და ეს საკუთარი თავით უნდა დავიწყო. მე თუ არ გამიმართლა და განუვითარებელ ადგილას მოვხვდი, ვერაფერსაც ვერ ვაკეთებ; სულ რომ არაფერი, ჩემი პოტენციალი შეიძლება სუბკულტურამ (ან კულტურის არარსებობამ) იმსხვერპლოს. სამწუხაროდ, სულებს არ მოყვებათ თვისებების და აზრების სასტარტო პაკეტი, ყველაფერი აქ იქმნება. აუ, ეს სასტარტო პაკეტი რა კარგი რაღაც იქნებოდა…

ბ. ჩემთვის არავის უკითხავს როგორი თვალები, სიმაღლე ან კანის ფერი მინდოდა. Continue reading “ისტორია და/თუ მომავალი”

ცოტ-ცოტა ყველაფერი და ჩემი დედლაინების ნუსხა

რადგან გადავწყვიტე, რომ საკუთარი პროდუქტიულობა და უნარები საჯაროდ გავიუმჯობესო (და რაღაცეების გახალტურების შემთხვევაში თავზე ლაფი საჯაროდ დავისხა 🙂 ), სამართლიანი იქნება ყველა ის მიზანი ჩამოვწერო, რომელთა მიღწევაც გულს სწადია – იმისთვის, რომ ვიამაყო საკუთარი თავით და იმაზე მაგარი გავხდე, ვიდრე დღეს ვარ.

როგორ გამოიყურება ჩემი იდეალი: (როგორც პიროვნება & მისი უნარები)

WARNING – პოსტის ავტორს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ აქვს, და, მისდა სამწუხაროდ, არცთუ ცოტა აკლია იდეალურობამდე, წარმოსახვით იდეალურ ხატებამდე. ეეჰ…

  1. ჩემი იდეალი ყველაზე ელეგანტური გოგოა;
  2. ძალიან მამაცი;
  3. განათლებული და ნაკითხი;
  4. კარგად ცეკვავს და ძალიან მოქნილია;
  5. ლაპარაკობს ინგლისურ, გერმანულ, ნორვეგიულ, იაპონურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე და თავში თუ ადგილი დარჩა კიდევ მიამატებს რამდენიმეს. (ჩინურს, კორეულს, იტალიურს, პორტუგალიურს… ამჯერად სხვა არაფერი ახსენდება); რა ზედმეტი მტკიცება იმას უნდა, რომ ყველას არაჩვეულებრივად ფლობს. (ეს გეგმა უკვე “ჩაშვებულია” და წარმატებით მიმდინარეობს. სხვაობები სხვადასხვა ენებს შორის დიდია, მაგრამ ვეცდები 25 წლამდე ყველაზე შემეძლოს წიგნის თავისუფლად წაკითხვა)
  6. ჰირომივით უკრავს პიანინოზე; ნუ კარგი, იყოს ვალენტინა ლისიტსა…
  7. ძალიან მაგრად მღერის (კლასიკა + “ესტრადა”. ცოდვა გამხელილი ჯობს, და ამჟამად პირველი უკეთ გამომდის…)
  8. ყველაზე ლამაზ სიმღერებს წერს;
  9. მუსიკის პროდიუსირებაში ერკვევა და კუსტარულადაც პროფესიონალურ დემოს ამზადებს.
  10. კარგად და საინტერესოდ წერს ძალიან მაგარ რაღაცეებს…
  11. ძალიან მხიარული, ოპტიმისტი, გამტანი და შრომისმოყვარეა (უკვე მშვენიერი ვარ 🙂 )
  12. არაჩვეულებრივად ერკვევა ფინანსებში, ეკონომიკურ ჯადოქრობებში და, რა თქმა უნდა, საკუთრი ბიზნესი აქვს! (coming earlier than expected…)
  13. აქვს ყველაზე მაგარი სტილი, გემოვნება და კარგად კერავს. (ამჟამად კი შემიძლია შემთხვევით საკუთარი თითები მივაკერო ერთმანეთს)
  14. შეუძლია მანქანის მართვა – ახლა კი საჭეზე ფიქრიც მაშინებს. მეტადრე, ცხოველების უნებლიე დაშავება, ავარიის გამოწვევა და ასეთი ამბები. საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი მგონია, რომ ან ვიღაცას ვეჯახებით (ჩაფიქრებულ, მაქსიმალურზე “აწეული” მუსიკით დამტკბარ და უკიდეგანობაში მზირალ ქვეითს, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე კი არა, გაჩერებასთან მიმდებარე ტრასაზე დგას. სულ მგონია, რომ სახეში სარკე მოხვდება, ან ოფიციალურად დავეჯახებით. არცთუ უსაფუძვლოდ….) ან ჩვენ გვეჯახება ვიღაც (ისე, დამუხრუჭებისა და გინებების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, მეტად საფუძვლიანი შიშები მაქვს). მოკლედ, ჩემს სათუთ არსს არ ძალუძს ამხელა ტრამვას გაუძლოს, თბილისის საგზაო მოძრაობა რომ ქვია… (ჰ) მაგრამ, მაინც ჩემი სასწავლია.
  15. კარგი კულინარია – სწრაფად ამზადებს მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოს კუთვნილ უგემრიელეს, ვეგეტარიანულ კერძებს! მოკლედ, მინდა შეფივით ვირტუოზი მზარეული ვიყო. ამჟამად კი ნამდვილად ასეთი ვარ – ოღონდ დამბლადაცემული. შემიძლია შემოგთავაზოთ დამწვარი კვერცხი, დამწვარი კარტოფილი, მაკარონი (რომელსაც სულ რაღაც აკლია და არ ვიცი რა), უფორმო მჭადები, ჩაცომებული პიცა და ა.შ. ჩემს ყველა წარუმატებელ ექსპერიმენტს ნუ ჩამომათვლევინებთ. მართლა ვწუხვარ.
  16. იდეების გენერატორია. კარგი, სწორი და მაგარი იდეების განმახორციელებელი! რომელიც ყველაფერს შეიძლება ეხებოდეს.
  17. დარწმუნებული ვარ, აქ კიდევ უნდა ეწეროს რაღაცეები…

ასე განსაჯეთ, ეჭვი არ მეპარება, რომ ყველას შეგვიძლია ისეთები ვიყოთ, როგორებიც გვინდა, არც რამე სირთულეა ამაში. ყველაფერი იმაზე რთულად ჟღერს, ვიდრე სინამდვილეშია.

ეს იდეალი რას ფლობს, რას აკეთებს და რას გააკეთებს, სხვა საქმეა. რა ენაღვლება, იდეალურია…

წინა პოსტში დავწერე, რომ მინდა ძალიან სწრაფად გავაკეთო თუ მოვიშორო რაღაცეები.

ამ პოსტის მეორე ნაწილში დედლაინებს და უახლოეს საქმეებს ჩამოვთვლი, პერიოდულად კი მოგაწვდით სხვადასხვა რესურსს და ინფორმაციას სხვდასხვა პუნქტის შესახებ.

  • 25 აპრილი – საბაკალავრო ნაშრომის დასრულების დღე; (ეს დიდი-დიდი 30 აპრილამდე შეიძლება გადაიწიოს)
  • 4 მაისი – მოვიშორო უნივერსიტეტის საგნები (დაჩქარებული წესით გავიარო სრული პროგრამა, გარკვეულ საგნებში მაინც – მაკროეკონომიკა, ნორვეგიული, და ყველაფერი ის, რის მომავალ რიდერებზეც ხელი მიმიწვდება)
  • გერმანული ავქაჩო მყარ ბ2.2 მდე. დედლაინი – 1 ივნისი.
  • 1 თვეში შპაგატში ჩავჯდე – 8 მაისამდე;
  • რადგან ივნისის შუა რიცხვებში ქვეყნის საზღვრებს გარეთ “გასვლითი” გამოცდები მაქვს, საჭიროა 20 მაისამდე ყველაფერში ძალიან მყარად ვგრძნობდე თავს. (სულიერი სიმშვიდისა და ფსიქიკური წონასწორობისთვის) ეს სულ რაღაც 1 თვეა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საბაკალავრო ნაშრომის წერა საზიზღარი და გაწელილი პროცესია. გამოცდები 6 ნაწილისგან შედგება.
  • მაისის ბოლომდე (31) ბიზნესის ქართულ ნაწილს უნდა მივხედო. ეს ბევრი არაა.
  • 10 ივნისამდე უნდა ვისწავლო 5 გემრიელი კერძის დამზადება მაინც!
  • თმა უნდა შევიღებო და ვარცხნილობა შევცვალო. ეს ყველაზე მარტივი რამეა.
  • ამ ყველაფრის პარალელურად, ზემოთჩამოთვლილი პუნქტების მუსიკალური ნაწილი უნდა გავიუმჯობესო. ეს ხანგრძლივი და მშვენიერი პროცესია, მაგრამ შრომას ნამდვილად მოითხოვს!
  • ვისწავლო ადრე ადგომა! უკვე 3 ჯერ გამომივიდა!

წვრილ-წვრილი და უამრავი ყოველდღიური საქმით თავს როგორ შეგაწყენთ!

აი, ჩემი მნიშვნელოვანი დედლაინების კალენდარი.

 

აი, ეს წამი

image

ახლა საკუთარ ოთახში ვზივარ, თვალში ფერადი, ღია ფერის კედლები მხვდება. ეს ჩემი ფიზიკური ადგილსამყოფელია, ჩემი გეოგრაფიული სივრცე.
კიდევ ვხედავ საკუთარ თმას, ცხვირის მცირე ნაწილს, თითებს, რომლებითაც პლანშეტზე ტექსტს ვკრეფ და საბანგადაფარებულ მუხლებს.
17 თებერვალი გათენდა. განუმეორებელი დღე, რადგან ყოველი დღე რაღაც დოზით განუმეორებელია. 2014 წლის 17 თებერვალი აღარ დადგება. ჩვენს წელთაღრიცხვაში მაინც.
დედამიწამ კიდევ ერთხელ დაარტყა მზეს საპატიო წრე, პლანეტის დასავლეთ ნახევარსფერო საზიზღარი ორშაბათის დადგომისთვის ემზადება. აქ კი უკვე გათენდა.
სადღაც ჩანჩქრები გრუხუნებენ, ტყეებში ჩიტების (და მაიმუნებისაც 🙂 გნიასი და ჟივილ-ხივილი ისმის, სადღაც ლავა თუხთუხებს, არწივი დაფრინავს, ფოთოლი ვარდება, ტომის ბელადი კოცონს ანთებს,  ჩვენ კი დედამიწის პატარა ადგილას ვართ შეყრილები და ჩვეულებრივი, კაპიტალისტური დღისთვის ვემზადებით. ვინ როგორ.
დღეს ათასობით ბავშვი დაიბადება და ათასობით ადამიანი გულამოსკვნილი იტირებს, მილიონობით ცხოველი ინადირებს და მილიონობით ტელეფონი იწკრიალებს…
მაინც როგორი მოკლეა დღეები. არაფერი არაა ერთი დღე, როცა  ერთი ადამიანი ხარ. რაც არ უნდა გააკეთო, მაინც უფრო მეტი შეგეძლო. ყველაფერი კი მაინც ძალიან ცოტაა, თუ შენი გადაწყვეტილება ან ქმედება ტალღის პრინციპით არ გადაეცემა სხვებს.

ამას ვწერ და ჩამესმის ის გამაყრუებელი ხმაური, რომელსაც დედამიწა გამოსცემს, მთელი სიცხადით ვგრძნობ საიდანღაც ჩამოყრილი ჰომოსაპიენსების არსებობას, ნაბიჯებს, სიცილს, ლაპარაკს, სიარულს, მუშაობას, დასვენებას, სიხარულს, დაღლას, სევდას, სირბილს, ძილს, სიმღერას, გულისცემას.

მხოლოდ ეს წამი არსებობს და სულ ასე იქნება.
და ისიც წარსულია.
მომავალი კი ის მომენტია, რომელიც გვაწყობს. ჩემთვის მომავალი ის წუთია, როცა გავიფიქრებ, რომ ყველაფერი მაქვს, რაც მინდოდა.
5 წამის შემდეგაც მომავალია, მაგრამ ის არ მაწყობს და არაფრად ვაგდებ.

მე ერთი რაღაც ვიცი. ესაა კონტაქტი საკუთარ თავთან. და მხოლოდ ასე დაიჭერთ იმ წამს, ახლა რომ გრუხუნებს, თქვენთან ერთად თუ მის გარეშე.

მილიარდობით ადამიანი სუნთქავს, დადის, ჩქარობს თუ ნეტარებით იზმორება.
მაგრამ ცოტა თუ გრძნობს იმას, როგორ დადიან მანქანები, ცოტა თუ აქცევს ყურადღებას ფეხის თითოეულ ნაბიჯს, სუნთქვას, საკუთარი ცხვირის წვერს თუ იმ ფიზიკურ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება.  წარმოიდგინე, რომ ფილმის პერსონაჟი ხარ, მაგრამ ფილმს ფონად შენი სხეულის ხმა ადევს.

გათენდა ის დღე, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი მოსწრებადი და შესაძლებელია, რადგან აქ ვართ, ამ დედამიწაზე,  არაამქვეყნიური გონი გვაქვს და რადგან ვიღაც სრულად ტკბება სიცოცხლით, ე.ი. ეს ჩვენც შეგვიძლია, ეს ჩვენც უნდა გავაკეთოთ.
ქვეყნიერება მხოლოდ ამ წამს არსებობს და თითოეულ წამს თავიდან იქმნება, რადგან წამზე უფრო ხანგრძლივი არაფერი გამოგონილა.

დღეს კი, ვეცდები, იმაზე უკეთესი გავხდე, ვიდრე ვარ. გავუმჯობესდე, გავძლიერდე და იმ წამს, როცა შესაძლებლობის წინაშე ვიდგები, თავაწეული შევხვდე. ესაა დღეს ჩემი გეგმა.

დილა მშვიდობისა!
image

image

image

image

image

image

image