პოზიტივის და ბედნიერების შესახებ

11134027_10152735687750872_5255522526968780202_o* მე ამ პოსტის წაკითხვა ძალიან გამომადგებოდა. ბანალური არაფერი გეგონოთ 🙂

მოკლედ, ისე მოხდა, რომ გენები, აღზრდაზე მოქმედი ფაქტორები (X პერსონის მაქსიმალისტი ხასიათი, მატერიალიზმი, გარემო, რომელშიც ვიზრდებოდი) ჩემი ხასიათიც და ყველაფერი დანარჩენი ისეთი კომბინაციით განაწილდა, რომ ერთ დიდ პრობლემად ჩამომიყალიბდა, mindset-ად, რომელსაც ქვია დეპრესიისადმი მიდრეკილება (თუმცაღა ამას არასდროს ვაღიარებდი), ზედმეტი პასუხისმგებლობის გრძნობა, ილუზიებში ცხოვრება, მუდმივი უკმაყოფილება მიღწეულით, ან, სრული უგულებელყოფა, მუდმივი სტრესი… მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბედნიერების დონის მუდმივ დეფიციტს განვიცდი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მიუხედავად იმისა, რომ Human Metrics არ მეთანხმება, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ინტროვერტიც ვარ. მერე რა, თუ თავს ხალხშიც კომფორტულად ვგრძნობ, დიდხანს მაინც ვერ ვჩერდები და მარტო ყოფნა მირჩევნია.

ბედნიერების დონეზეა დამოკიდებული ყველაფერი. ან ხარ ბედნიერი, ან არა = ან კარგად ცხოვრობ, ან არა.

აქსიომაა, რომ ცუდად ცხოვრება არ შეიძლება.

რა სისულელეა, რატომ უნდა იცხოვრო ცუდად, თუ გაქვს ბედნიერება გენიოსი, ადამიანური გონი გედოს თავში, რაღაც ფენომენი კომპიუტერი, რომელზე საჭირო მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში ყველა პრობლემას “დააფიქსირებ”. ვაღიაროთ, რომ ამას ყველა ვგრძნობთ და ვაცნობიერებთ.

რაღაც მკარნახობს (მეხსიერება), რომ ეს ადრეც დამიწერია: ბედნიერება არის სამყაროს ჩვენეული აღქმა. ჰოდა, მინდა ყველაფერს იმაზე პოზიტიურად აღვიქვამდე, ვიდრე დღეს: რეალობასაც, მომავალსაც, საკუთარ თავსაც, საერთოდ, ყველაფერს.

პოსტის მთავარი ნაწილი ეს არის:

ძალიან სერიოზულად დავფიქრდი yin yang ის პრინციპზე.

ესაა ცუდი – კარგი; მიღება – გაცემა; შავი – თეთრი; შიგნით – გარეთ; წუწუნი – მადლიერება; დაბნეულობა და ორჭოფობა – კონტროლის გრძნობა; ბოროტება/ნეგატივი – სიკეთე; ფიქრი – მოქმედება; ნეგატიური-პოზიტიური ადამიანები, ა.შ.

არ ნიშნავს, რომ შავი ცუდია, მაგრამ მას აუცილებლად დაბალანსება სჭირდება. რაც უფრო მეტია თეთრის წილი, ჩვენც მით უფრო ბედნიერები ვართ!

მოკლედ,  გავაცნობიერე, რომ ცხოვრება Before & After, უბედურ და ბედნიერ ეტაპებად არ იყოფა Continue reading “პოზიტივის და ბედნიერების შესახებ”

Advertisements

8 ხრიკი პროდუქტიულობის გასაზრდელად

tips (6)ახლა თავის მოსაფხანად არ მცალია.

ამიტომაც შემოვირბინე ბლოგზე დროის გასაწელად და სუპერ მოსაბეზრებელი საქმის გადასავადებლად.

მოსაყოლი კი, იცოცხლეთ, ბევრი მაქვს დაგროვილი.

დღეს პროდუქტიულობის გამზრდელი ხერხების შესახებ მოგიყვებით, მე რომ ვიყენებ. საკუთარ თავსაც გავახსენებ, როგორ უნდა ავიწიო და იქნებ მოვუღო იმ ბოლო, გრძელ და სულელურ “თასქს”, მე რომ მიდევს ცხვირწინ.

1. დილა

ყველაფერი დილით იწყება. აი, როგორი უნდა იყოს დილა (“რომ გლეხისათვის ყოველი სამუშაო და უქმე დღე ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცეს :)” )

ა. ღამესვე ჩამოწერეთ რისი გაკეთება გინდათ;

ბ. გონების თვალით წარმოიდგინეთ რის შემდეგ რას გააკეთებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

გ. ძილის წინ ფურცლიდან იკითხეთ, კომპიუტერი/სხვა მოწყობილობა არ დაგაძინებთ;

დ. რაც შეიძლება გვიან აიღეთ ხელში ტელეფონი, დილას ეკრანიან ტექნიკას მოერიდეთ.

ე. ჯობია რადიოს უსმინოთ, ვიდრე ტელევიზორი ჩართოთ.

ვ. მაღვიძარა არ “დაასნუზოთ”!

ზ. უსიამოვნო რამეებზე არ იფიქროთ.

თ. ივარჯიშეთ! თუნდაც ცოტა ხნით!

აი, პოსტი 1

პოსტი 2

ვარჯიში არამარტო “ტანის დასაყენებლადაა” კარგი. ეს უდიდესი სტიმულია გონებისათვის, შეინარჩუნოთ თვითდისციპლინა. თუ მაგრად ივარჯიშებთ, მაშინ ნებისმიერი გონებრივი სამუშაო გამოგივათ. არ ჩააგდოთ არცერთი დღე! ეს საკუთარ თავთან, მესა და გონებასთან ურთიერთობის კულტურაა.

ი. უპირველესად, თავიდან მოიშორეთ ყველაზე რთული საქმეები. რაც ყველაზე მეტად არ გინდათ, ის გააკეთეთ. გახსოვდეთ – დაღლა და წვალება მეორე წუთს არ გემახსოვრებათ. მერე რა, ცოტათი დაიტანჯებით, სამაგიეროდ, მოგვიანებით, საკუთარ თავს მადლობას შესწირავთ 🙂

2. დრო დაუთმეთ საკუთარ თავთან ურთიერთობას.

პირადი სივრცის არსებობა აუცილებელია. ურთიერთობა გაქვთ საკუთარ თავთან? შიფრავთ იმ აზრებსა და იდეებს, რაც მოგდით? რაღაც მიმართულებას აძლევთ თქვენს ფიქრებს და ენერგიას? ამ კითხვებზე პასუხი დადებითი უნდა იყოს, თუ არადა, მაშინ როგორ მუშაობთ საკუთარ თავზე?

თუ არ მუშაობთ, მაშინ როგორ უმჯობესდებით?

და თუ არ უმჯობესდებით, აბა რას აკეთებთ? O_O

წარმოსახვა და აზრები პოტენციური ფიზიკური სამყაროს სურათია. იდეები მოგდით, თქვენ მათი მატერიალიზება და რეალობაში იმპლემენტაცია გევალებათ.  ჩამოწერეთ რისი გაკეთება გინდათ, ჩაწერეთ პერსონალური ვიდეოები, ა.შ.

3. ითამაშეთ თამაში – 30 დოლარი

აი, ეს თამაში. ცოპყრაითი ჩემგან 🙂

4. გადაწყვიტეთ რა შედეგების “დადება” გინდათ და ამისთვის დედლაინები დანიშნეთ

იქნება ეს სერთიფიკატები, გაფორმებული ხელშეკრულება, არ ვიცი, რაღაც ხელშესახები შედეგი, რომლის მიღწევაც გინდათ.

თქვენი საქმიანობა არ  ითვლება, სანამ მას მაგიდაზე არ იხილავთ.

5. თვითგანათლება

მე დავაარსე “უნივერსიტეტი”, რომლის სტუდენტობა სიკვდილამდე მიწერია. მინდა ვფლობდე 5 ენას, ან კარგად ვერკვეოდე… რავიცი, მათემატიკაში, მაინტერესებს ნეიროლოგია ან მინდა ერთ დღეს ხატია ბუნიათიშვილივით ვუკრავდე? ჰოდა, ამისათვის უნდა ვსწავლობდე. აუცილებელი ხომ არაა რომელიმე აუდიტორიაში ვიჯდე და კოლოქვიუმების წინა ღამეს თვალებს ვითხრიდე?! თითქმის ყველაფერს ინტერნეტით ან თქვენითაც ისწავლით.

აი, ჩემი უნივერსიტეტის ფაკულტეტების ჩამონათვალი. იმას ვაკეთებ და იმ ვიდეოლექციებს ვუყურებ, რომლის ხასიათზეც ვარ ხოლმე.

1. Linguistics (English, German, Norwegian, French, Russian, Japanese)

2. Business administration (Entrepreneurship, Practical leadership, Finances and Economics, Management, PR, Math)

3. Arts (A. Music, Composing, Singing, Piano, Music theory, Music production*

B. Fine art & design (Drawing, Sketching)

C. Storytelling and writing

4. Social sciences (Sustainable development, History, Peace studies)

ა.შ. ა.შ. ა.შ. ა.შ. ა.შ.

6. დაიწყეთ

რაც და როგორც არ უნდა გეზარებოდეთ, სასიხარულო ამბავი მაქვს თქვენთვის!

არსებობს ასეთი ფენომენი “ZEIGARNIK EFFECT”, რაც იმას ნიშნავს, რომ გონების მოთხოვნილებაა დაამთავროს დაწყებული საქმე. არ გქონიათ შემთხვევა, რომ რამის კეთებას ვერ ამთავრებთ, გინდათ ბოლომდე მიყვანოთ საქმე, რაც არ უნდა დებილობა იყოს?… ეგაა ჩვენი მეგობარი “ZEIGARNIK”. ასე, რომ, თქვენ მხოლოდ დაწყება გევალებათ. 1, 2, 3….

7. პროგრესის მონიშვნა

ჩაინიშნეთ რომელი საათიდან რომელ საათამდე რა გააკეთეთ, აღნიშნეთ პროგრესი. პატარა დედლაინებიც ჩაასკუპეთ და ყოველი ჩანაწერი პატარა (ან დიდ) სიხარულს მოგანიჭებთ.

8. ერთ რამეზე იმუშავეთ

Multitasking არ ამართლებს…

აი, კიდევ პატარა დახმარებები ჩემი მეგობარი “ENTREPRENEUR” ისგან. (ფეისბუქზეც დაალაიქეთ)

სულ “ZEIGARNIK EFFECT” ის ბრალია ამხელა პოსტი რომ გამომივიდა. აბა, დროებით!

Continue reading “8 ხრიკი პროდუქტიულობის გასაზრდელად”

აი, ეს წამი

image

ახლა საკუთარ ოთახში ვზივარ, თვალში ფერადი, ღია ფერის კედლები მხვდება. ეს ჩემი ფიზიკური ადგილსამყოფელია, ჩემი გეოგრაფიული სივრცე.
კიდევ ვხედავ საკუთარ თმას, ცხვირის მცირე ნაწილს, თითებს, რომლებითაც პლანშეტზე ტექსტს ვკრეფ და საბანგადაფარებულ მუხლებს.
17 თებერვალი გათენდა. განუმეორებელი დღე, რადგან ყოველი დღე რაღაც დოზით განუმეორებელია. 2014 წლის 17 თებერვალი აღარ დადგება. ჩვენს წელთაღრიცხვაში მაინც.
დედამიწამ კიდევ ერთხელ დაარტყა მზეს საპატიო წრე, პლანეტის დასავლეთ ნახევარსფერო საზიზღარი ორშაბათის დადგომისთვის ემზადება. აქ კი უკვე გათენდა.
სადღაც ჩანჩქრები გრუხუნებენ, ტყეებში ჩიტების (და მაიმუნებისაც 🙂 გნიასი და ჟივილ-ხივილი ისმის, სადღაც ლავა თუხთუხებს, არწივი დაფრინავს, ფოთოლი ვარდება, ტომის ბელადი კოცონს ანთებს,  ჩვენ კი დედამიწის პატარა ადგილას ვართ შეყრილები და ჩვეულებრივი, კაპიტალისტური დღისთვის ვემზადებით. ვინ როგორ.
დღეს ათასობით ბავშვი დაიბადება და ათასობით ადამიანი გულამოსკვნილი იტირებს, მილიონობით ცხოველი ინადირებს და მილიონობით ტელეფონი იწკრიალებს…
მაინც როგორი მოკლეა დღეები. არაფერი არაა ერთი დღე, როცა  ერთი ადამიანი ხარ. რაც არ უნდა გააკეთო, მაინც უფრო მეტი შეგეძლო. ყველაფერი კი მაინც ძალიან ცოტაა, თუ შენი გადაწყვეტილება ან ქმედება ტალღის პრინციპით არ გადაეცემა სხვებს.

ამას ვწერ და ჩამესმის ის გამაყრუებელი ხმაური, რომელსაც დედამიწა გამოსცემს, მთელი სიცხადით ვგრძნობ საიდანღაც ჩამოყრილი ჰომოსაპიენსების არსებობას, ნაბიჯებს, სიცილს, ლაპარაკს, სიარულს, მუშაობას, დასვენებას, სიხარულს, დაღლას, სევდას, სირბილს, ძილს, სიმღერას, გულისცემას.

მხოლოდ ეს წამი არსებობს და სულ ასე იქნება.
და ისიც წარსულია.
მომავალი კი ის მომენტია, რომელიც გვაწყობს. ჩემთვის მომავალი ის წუთია, როცა გავიფიქრებ, რომ ყველაფერი მაქვს, რაც მინდოდა.
5 წამის შემდეგაც მომავალია, მაგრამ ის არ მაწყობს და არაფრად ვაგდებ.

მე ერთი რაღაც ვიცი. ესაა კონტაქტი საკუთარ თავთან. და მხოლოდ ასე დაიჭერთ იმ წამს, ახლა რომ გრუხუნებს, თქვენთან ერთად თუ მის გარეშე.

მილიარდობით ადამიანი სუნთქავს, დადის, ჩქარობს თუ ნეტარებით იზმორება.
მაგრამ ცოტა თუ გრძნობს იმას, როგორ დადიან მანქანები, ცოტა თუ აქცევს ყურადღებას ფეხის თითოეულ ნაბიჯს, სუნთქვას, საკუთარი ცხვირის წვერს თუ იმ ფიზიკურ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება.  წარმოიდგინე, რომ ფილმის პერსონაჟი ხარ, მაგრამ ფილმს ფონად შენი სხეულის ხმა ადევს.

გათენდა ის დღე, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი მოსწრებადი და შესაძლებელია, რადგან აქ ვართ, ამ დედამიწაზე,  არაამქვეყნიური გონი გვაქვს და რადგან ვიღაც სრულად ტკბება სიცოცხლით, ე.ი. ეს ჩვენც შეგვიძლია, ეს ჩვენც უნდა გავაკეთოთ.
ქვეყნიერება მხოლოდ ამ წამს არსებობს და თითოეულ წამს თავიდან იქმნება, რადგან წამზე უფრო ხანგრძლივი არაფერი გამოგონილა.

დღეს კი, ვეცდები, იმაზე უკეთესი გავხდე, ვიდრე ვარ. გავუმჯობესდე, გავძლიერდე და იმ წამს, როცა შესაძლებლობის წინაშე ვიდგები, თავაწეული შევხვდე. ესაა დღეს ჩემი გეგმა.

დილა მშვიდობისა!
image

image

image

image

image

image

image

საღამოდან… დილამდე

Image

ერთმანეთს ვუყურებდით, მაგრამ ვერაფერს ვხედავდით. რაღაც სისულელეებს ვაკვირდებოდით, ჩვეულებრივ საგნებში სიახლის პოვნას ვცდილობდით. გვინდოდა  გაგვეხუმრა,  ერთად გვეცინა, ერთმანეთი გაგვემხნევებინა, მაგრამ ამას არავინ აკეთებდა. მხოლოდ ერთი რამ გვჭირდებოდა. ეს უდარდელობა და ტვინის გათიშვა იყო. ვიღაცის უკბილო ხუმრობაზე ზოგი მთელი ხმით როხროხებდა, ზოგს კი უბრალოდ ეღიმებოდა. გაუხეშებულ ხელებს ვაკვირდებოდი.

ღმერთმა უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა, ვიდრე ოდესმე ჰქონია, უფრო დიდი ადგილი დაიკავა გონებაში, ვიდრე ოდესმე. ვფიქრობდი ყველაფერზე ერთად: ჩაშავებულ კედლებზე, ელექტროგაყვანილობაზე, ობობებზე, კოღოებზე, რომლებიც უხვად იყვნენ, ღმერთზე, წინაპრებზე, ლეგენდებზე, სხვა სამყაროში ცხოვრებაზე, გადარჩენის გზებზე და, ამავდროულად, ყველა კადრს ყველა ფილმიდან ერთდროულად ვხედავდი. თავბრუ მეხვეოდა ფიქრისგან, გონება კი ისეთი წვრილმანებისაკენ მექაჩებოდა, როგორიცაა გაშავებული ფრჩხილები და მაგიდის ნაკაწრები. ყველა საგანი საინტერესო გახდა, თუმცა მხოლოდ ერთ რამეზე მინდოდა ფიქრი. გონების მოკრებას ტყუილად ვცდილობდი.

ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ყრუ და ძლიერ ტკივილს ვგრძნობდი. რკინის ცივი ხელი, არა, ცივი შანთი შიგნეულობას მთელი ძალით მიტრიალებდა,  გულს მიციებდა და მთელი ძალით მიფრიალებდა. მერე უზარმაზარი ლოდი მეცემოდა და ქვესკნელში ჩავყავდი. როგორ მინდოდა ყველაფერი რაღაც სასწაულის ძალით გაჩერებულიყო, ან, სხვაგან ვყოფილიყავი! რა უნდა ყოფილიყო ამაზე უარესი! როდის გავაგრძელებდი ჩვეულებრივად ცხოვრებას! ყველაფერი მენატრებოდა, სიმშვიდე – ყველაზე მეტად.

დათრობა მინდოდა, მაგრამ არ შეიძლებოდა. არც ტირილი შემეძლო სხვების თვალწინ. ამის სურვილიც არ მქონდა.

ვცდილობდი ისევ ღმერთზე მეფიქრა. ეს ერთადერთი რამ იყო, რასაც შეეძლო ერთი წამით დავემშვიდებინე.

ღმერთის მწამდა, ოდესღაც, და ძალიან მინდოდა გონებაში ის არგუმენტები აღმედგინა, რომლებიც გამახსენებდნენ რატომ დავდიოდი ხოლმე ეკლესიაში. ერთადერთი რამ მოვიფიქრე- მაშინ ამდენი ბერ-მონაზონი გიჟი ხომ არაა ცხოვრება არარსებულ რაღაცას მიუძღვნას. ჩემზე მეტი რომ უფიქრიათ, ფაქტია, მე რაღაზე მეჭყლიტა ტვინი. თან ამდენი სასწაულიო, ისაო, ესაო… ამდენი ქრისტიანი დებილი ხომ არ იყო ტყუილისთვის გაეწირა თავი.  ლოგიკურად ჟღერდა. დავმშვიდდი. მერე ისევ ობობას დავუწყე ყურება და ამან ისე გამიტაცა, რომ ცოტა ხნით ყველაფერი დამავიწყა.

ძალიან მალე ისევ ვიგრძენი ბიძგი სკამის ქვეშ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მე მეხებოდა, რადგან ყველა ისევ ძველებურად გახევებული იჯდა,  ან, ლაზღანდარობდა.

გულზე ისევ უმძიმესი რაღაც დამეცა. ხელითაც კი ვგრძნობდი იმ ადგილს, რომელიც, ეს წამია, კორპუსმა ჩაიტანა. ზუსტად: მკერდთან, შუაში.

მუცელი ამეწვა. მხოლოდ საკუთარი გულისცემა მესმოდა, ძალიან, ძალიან ხმამაღლა. გიჟივით მიფეთქავდა. ყურები მიგუგუნებდა, ყველაფერი გაშავდა და დატრიალდა. თვლა დავიწყე. ღმერთი ხომ მიშველის მეთქი, გავიფიქრე, და ჩემი არგუმენტი გამახსენდა. ეს კარგად უნდა დავიმახსოვრო. სიზმრისა და რეალობის ზღვარზე ვიყავი. ზუსტად შუაში.

წინ დაღეჭილი პასტა იდო, ავდექი და მარცხენა ხელზე, მაჯაზე დავიწერე: „ბერი“.

მერე ქვას მივაჩერდი.

მე რომ ის ქვა ვიყო, ვერაფერს ვიგრძნობდი, არც არაფერი მეტკინებოდა, არც შემეშინდებოდა. სადღაც ქვასავით რომ შემეძლოს მიგდება, ახლა ამ დღეში არ ვიქნებოდი.

მინდოდა ვყოფილიყავი კედელი, ის ობობა, ქვა, ან რამე, ნებისმიერი ნივთი. საერთოდ, რათ მინდოდა ეს დავიდარაბა.

გული ისევ შემეკუმშა. პირში მეტალის გემო მქონდა, არანორმალურად მწყუროდა. გარეთ გასვლა მაინც დამეზარა. საშინლად მომერია ძილი. გასაშლელი საწოლიდან საბანი ავიღე და მეორე საწოლზე გადავათრიე. მაგრად შემოვიხვიე და თავი შიგ ჩავრგე. ზუსტად ისე ვგრძნობდი თავს, როგორც გამთენიისას, შუა ძილიდან შემთხვევით გაღვიძებული.

ვფიქრობდი შეწყვეტილ სიზმარზე, ათასი სიტყვა ერთად მესხმოდა თავს. თავი დამიმძიმდა, ჩემი ენა თავისით ტრიალებდა და იმ ათასი სიტყვიდან ყველას ზედმიწევნით იმეორებდა, მაგრამ, ვგრძნობდი, რომ არ ვლაპარაკობდი და არც ჩემი ხმა ესმოდა ვინმეს. გვერდი ვიცვალე. უცებ გამოვფხიზლდი და თვალები მაგრად გავახილე. ეს რა შარში ვარ გახვეული! არ მჯერა! რა დროს ძილია!

დავფიქრდი. გამახსენდა, რომ მნიშვნელოვანი არავინ ვიყავი და მაინც ვერაფერს შევცვლიდი. ვცადე სასიამოვნო რამეზე მეფიქრა. იმაზე, რომ გადარჩენის დიდი შანსი მქონდა, კიდევ, სალომე გამახსენდა. ამაზე ფიქრი არ მინდოდა. რომ გადავრჩები, მერე მივხედავ მეთქი, ვიფიქრე. არც ოჯახი მინდოდა ახლა და არც არაფერი. ერთი შავი გამოქვაბული მისწრება იქნებოდა.

გამოქვებულის სიშავემ ჩამითრია. მესმოდა ყველაფერი, ყველა სიტყვა, მაგრამ ძალიან, ძალიან ღრმად მეძინა. მხოლოდ ზოგჯერ ვიცვლიდი პოზას გულგახეთქილი. რისი მეშინოდა არ მახსოვდა, მაგრამ ის კი იყო, რომ ძალიან ხშირად ვოხრავდი.

უთენია ავდექით ყველა. თავიდან არ მინდოდა გაღვიძება, მაგრამ ერთ წამში გამახსნდა რაც მელოდა და ძალიან სწრაფად წამოვჯექი. უცებ ყველაფერი სისულელედ მომეჩვენა. რა უნდა იყოს საშიში, მარტო ხომ არ ვარ, კაი რა! ასეთებისთვის გაუძლია ხალხს და ასეთები გადაუტანია?!

გარეთ გავედი. ყველაფერი არნახულად ლამაზი იყო, ტკივილამდე ლამაზი.

მზე ამოდიოდა. ყველა ფერი ოქროსფერში გადადიოდა. იმაზე სასიამოვნოდ გრილოდა, ვიდრე ოდესმე. სულ ყველაფრისგან გავთავისუფლდი. არც არაფრის მეშინოდა. გავიზმორე და გული სიამოვნებისგან ამიჩქარდა. ყველა ერთმანეთს ვუღიმოდით. ზოგი ღიღინებდა კიდეც.

ერთი მორიგი სამხედრო დავალების შესასრულებლად მივდიოდით.

ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა.