Brainstorming და სტრესის მართვა ( Toefl / TestDaF გამოცდებამდე რჩება….)

management

ჩემთვის დიდი პატივია ვიყო საკუთარი უნივერსიტეტის სტუდენტი 🙂 (თანაც, lifelong). ზუსტად ჩემი ბლოგის შესაფერისი დასაწყისია 🙂

საკუთარ თავს დავუარსე უნივერსიტეტი (ნაკლებს როგორ ვაკადრებ), რომელშიც, დარგების მიხედვით გავაერთიანე ყველაფერი, რაც კი დედამიწის ზურგზე მაინტერესებს და რისი სწავლაც მინდა/მჭირდება, და დღის განმავლობაში საათების რაოდენობაც გამოვყავი. რის ხასიათზეც ვარ, იმის ვიდეოკურსებს ვუყურებ, წავიკითხავ, ა.შ. მოკლედ, კარგი რამეა 🙂

ამ უნივერსიტეტს, გარდა თეორიული დანიშნულებისა, პრაქტიკული მიზნებიც აქვს – შედეგები მაგიდაზე უნდა “დაიდოს”.

ჰოდა, დადგა ჟამი ჩემი უცხო ენათა მიმართულების ფაკულტეტმა ( 🙂 ) ჯაფის ნაყოფი გამოისხას და ენის სერთიფიკატებად გადაიქცეს. სხვა მიმართულებებს ამ პოსტში არ შევეხები 🙂

ა. ინგლისური ენა

სამწუხაროდ, IELTS მომდევნო გამოცდა მხოლოდ თებერვლის ბოლოსაა, შედეგები მარტის დასაწყისში მეცოდინება, რაც არ მაწყობს. ჩემთვის საინტერესო პროგრამების დედლაინები გაცილებით ადრეა.

ჰოდა, ისევ ძველ, ნაცად ტოიფელს მივუბრუნდი. გადავწყვიტე რაც შეიძლება სწრაფად გავიდე ტესტირებაზე, რომ მინიმალური რაოდენობის პროგრამები “გავმაზო” სერთიფიკატის მიღებამდე. იანვრის დასაწყისი გადავწყვიტე.

გამოცდამდე რჩება… 20 დღე.

ჰოდა, თუ გასვლაა, გასვლა იყოს –  ძველი ქულა 3 ნიშნა რიცხვამდე უნდა გავიუმჯობესო! -_- ჩელენჯ აქსეფთიდ.

ეხლა გადავიდეთ ამ ყველაფერში (კერძოდ, უდროობაში) დადებითი მხარეების აღმოჩენაზე.

1. რეალურად, brainstorming ყველაზე ეფექტური მეთოდია. წინ რომ 2 თვე მქონდეს, შვებით ამოვისუნთქავდი, მაგრამ, საკითხავია რეალურად რამდენი დღის განმავლობაში ვიმეცადინებდი, ან, ამ დღეებში რამდენი საათის განმავლობაში. Continue reading “Brainstorming და სტრესის მართვა ( Toefl / TestDaF გამოცდებამდე რჩება….)”

Advertisements

ცოტ-ცოტა ყველაფერი და ჩემი დედლაინების ნუსხა

რადგან გადავწყვიტე, რომ საკუთარი პროდუქტიულობა და უნარები საჯაროდ გავიუმჯობესო (და რაღაცეების გახალტურების შემთხვევაში თავზე ლაფი საჯაროდ დავისხა 🙂 ), სამართლიანი იქნება ყველა ის მიზანი ჩამოვწერო, რომელთა მიღწევაც გულს სწადია – იმისთვის, რომ ვიამაყო საკუთარი თავით და იმაზე მაგარი გავხდე, ვიდრე დღეს ვარ.

როგორ გამოიყურება ჩემი იდეალი: (როგორც პიროვნება & მისი უნარები)

WARNING – პოსტის ავტორს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა არ აქვს, და, მისდა სამწუხაროდ, არცთუ ცოტა აკლია იდეალურობამდე, წარმოსახვით იდეალურ ხატებამდე. ეეჰ…

  1. ჩემი იდეალი ყველაზე ელეგანტური გოგოა;
  2. ძალიან მამაცი;
  3. განათლებული და ნაკითხი;
  4. კარგად ცეკვავს და ძალიან მოქნილია;
  5. ლაპარაკობს ინგლისურ, გერმანულ, ნორვეგიულ, იაპონურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე და თავში თუ ადგილი დარჩა კიდევ მიამატებს რამდენიმეს. (ჩინურს, კორეულს, იტალიურს, პორტუგალიურს… ამჯერად სხვა არაფერი ახსენდება); რა ზედმეტი მტკიცება იმას უნდა, რომ ყველას არაჩვეულებრივად ფლობს. (ეს გეგმა უკვე “ჩაშვებულია” და წარმატებით მიმდინარეობს. სხვაობები სხვადასხვა ენებს შორის დიდია, მაგრამ ვეცდები 25 წლამდე ყველაზე შემეძლოს წიგნის თავისუფლად წაკითხვა)
  6. ჰირომივით უკრავს პიანინოზე; ნუ კარგი, იყოს ვალენტინა ლისიტსა…
  7. ძალიან მაგრად მღერის (კლასიკა + “ესტრადა”. ცოდვა გამხელილი ჯობს, და ამჟამად პირველი უკეთ გამომდის…)
  8. ყველაზე ლამაზ სიმღერებს წერს;
  9. მუსიკის პროდიუსირებაში ერკვევა და კუსტარულადაც პროფესიონალურ დემოს ამზადებს.
  10. კარგად და საინტერესოდ წერს ძალიან მაგარ რაღაცეებს…
  11. ძალიან მხიარული, ოპტიმისტი, გამტანი და შრომისმოყვარეა (უკვე მშვენიერი ვარ 🙂 )
  12. არაჩვეულებრივად ერკვევა ფინანსებში, ეკონომიკურ ჯადოქრობებში და, რა თქმა უნდა, საკუთრი ბიზნესი აქვს! (coming earlier than expected…)
  13. აქვს ყველაზე მაგარი სტილი, გემოვნება და კარგად კერავს. (ამჟამად კი შემიძლია შემთხვევით საკუთარი თითები მივაკერო ერთმანეთს)
  14. შეუძლია მანქანის მართვა – ახლა კი საჭეზე ფიქრიც მაშინებს. მეტადრე, ცხოველების უნებლიე დაშავება, ავარიის გამოწვევა და ასეთი ამბები. საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი მგონია, რომ ან ვიღაცას ვეჯახებით (ჩაფიქრებულ, მაქსიმალურზე “აწეული” მუსიკით დამტკბარ და უკიდეგანობაში მზირალ ქვეითს, რომელიც ავტობუსის გაჩერებაზე კი არა, გაჩერებასთან მიმდებარე ტრასაზე დგას. სულ მგონია, რომ სახეში სარკე მოხვდება, ან ოფიციალურად დავეჯახებით. არცთუ უსაფუძვლოდ….) ან ჩვენ გვეჯახება ვიღაც (ისე, დამუხრუჭებისა და გინებების რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, მეტად საფუძვლიანი შიშები მაქვს). მოკლედ, ჩემს სათუთ არსს არ ძალუძს ამხელა ტრამვას გაუძლოს, თბილისის საგზაო მოძრაობა რომ ქვია… (ჰ) მაგრამ, მაინც ჩემი სასწავლია.
  15. კარგი კულინარია – სწრაფად ამზადებს მსოფლიოს სხვადასხვა სამზარეულოს კუთვნილ უგემრიელეს, ვეგეტარიანულ კერძებს! მოკლედ, მინდა შეფივით ვირტუოზი მზარეული ვიყო. ამჟამად კი ნამდვილად ასეთი ვარ – ოღონდ დამბლადაცემული. შემიძლია შემოგთავაზოთ დამწვარი კვერცხი, დამწვარი კარტოფილი, მაკარონი (რომელსაც სულ რაღაც აკლია და არ ვიცი რა), უფორმო მჭადები, ჩაცომებული პიცა და ა.შ. ჩემს ყველა წარუმატებელ ექსპერიმენტს ნუ ჩამომათვლევინებთ. მართლა ვწუხვარ.
  16. იდეების გენერატორია. კარგი, სწორი და მაგარი იდეების განმახორციელებელი! რომელიც ყველაფერს შეიძლება ეხებოდეს.
  17. დარწმუნებული ვარ, აქ კიდევ უნდა ეწეროს რაღაცეები…

ასე განსაჯეთ, ეჭვი არ მეპარება, რომ ყველას შეგვიძლია ისეთები ვიყოთ, როგორებიც გვინდა, არც რამე სირთულეა ამაში. ყველაფერი იმაზე რთულად ჟღერს, ვიდრე სინამდვილეშია.

ეს იდეალი რას ფლობს, რას აკეთებს და რას გააკეთებს, სხვა საქმეა. რა ენაღვლება, იდეალურია…

წინა პოსტში დავწერე, რომ მინდა ძალიან სწრაფად გავაკეთო თუ მოვიშორო რაღაცეები.

ამ პოსტის მეორე ნაწილში დედლაინებს და უახლოეს საქმეებს ჩამოვთვლი, პერიოდულად კი მოგაწვდით სხვადასხვა რესურსს და ინფორმაციას სხვდასხვა პუნქტის შესახებ.

  • 25 აპრილი – საბაკალავრო ნაშრომის დასრულების დღე; (ეს დიდი-დიდი 30 აპრილამდე შეიძლება გადაიწიოს)
  • 4 მაისი – მოვიშორო უნივერსიტეტის საგნები (დაჩქარებული წესით გავიარო სრული პროგრამა, გარკვეულ საგნებში მაინც – მაკროეკონომიკა, ნორვეგიული, და ყველაფერი ის, რის მომავალ რიდერებზეც ხელი მიმიწვდება)
  • გერმანული ავქაჩო მყარ ბ2.2 მდე. დედლაინი – 1 ივნისი.
  • 1 თვეში შპაგატში ჩავჯდე – 8 მაისამდე;
  • რადგან ივნისის შუა რიცხვებში ქვეყნის საზღვრებს გარეთ “გასვლითი” გამოცდები მაქვს, საჭიროა 20 მაისამდე ყველაფერში ძალიან მყარად ვგრძნობდე თავს. (სულიერი სიმშვიდისა და ფსიქიკური წონასწორობისთვის) ეს სულ რაღაც 1 თვეა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საბაკალავრო ნაშრომის წერა საზიზღარი და გაწელილი პროცესია. გამოცდები 6 ნაწილისგან შედგება.
  • მაისის ბოლომდე (31) ბიზნესის ქართულ ნაწილს უნდა მივხედო. ეს ბევრი არაა.
  • 10 ივნისამდე უნდა ვისწავლო 5 გემრიელი კერძის დამზადება მაინც!
  • თმა უნდა შევიღებო და ვარცხნილობა შევცვალო. ეს ყველაზე მარტივი რამეა.
  • ამ ყველაფრის პარალელურად, ზემოთჩამოთვლილი პუნქტების მუსიკალური ნაწილი უნდა გავიუმჯობესო. ეს ხანგრძლივი და მშვენიერი პროცესია, მაგრამ შრომას ნამდვილად მოითხოვს!
  • ვისწავლო ადრე ადგომა! უკვე 3 ჯერ გამომივიდა!

წვრილ-წვრილი და უამრავი ყოველდღიური საქმით თავს როგორ შეგაწყენთ!

აი, ჩემი მნიშვნელოვანი დედლაინების კალენდარი.

 

დიდი გეგმები და ცოტა დრო

ჩემს ID მარათონს გახსნილად ვაცხადებ! თუ ჯერაც არ გამომიცხადებია.

თავისუფლების ფასის მნიშვნელობა ყველამ ვიცით, მაგრამ, როცა საქმე თავად საქმეს და „შედეგების” გადმოლაგებას ეხება, დედლაინები და შეზღუდული დრო ნამდვილად მისწრებაა.

რა ჯობია თავისუფლებას – გადმოიღე წიგნი, ჩაჯექი მეგობრებთან, აიდუღე ჩაი, წერე, იკითხე, იფიქრე, გადაწყვიტე რა გინდა და რა გიყვარს, იოცნებე…

აქვე, წარმოიდგინე 1 კვირაში 5 დედლაინი და ამბები, კიდევ სარბენიც რომ გაქვს, მომდევნო კვირაც რომ მსგავსი გელის და ა.შ….
მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, ასეთი დღეების შემდეგ გაცილებით მეტი თვითკმაყოფილება და შედეგია სახეზე.

პროდუქტიულობა

(მაგრამ, თავისუფლება თუ არ გაქვს, ჩვეულებრივ საქმიან და უაზრო ბიუროკრატად გადაიქცევი, ისეთად, მთლიანი ფოკუსის შესახებ წარმოდგენა რომ არ აქვს. ამ პოსტში ამაზე არ ვილაპარაკებ.)

ჰოდა, ასეთია ჩემი მარათონის იდეა – ავიღებ ბევრ საქმეს და პატარა დროის მონაკვეთს. მინდა ყველაფერი მოვასწრო და რაღაც საქმეებს მთელი მარადისობა არ დავუთმო. მერედა, რამდენი რამეა გასაკეთებელი (და მისაღწევი)!!
დამტკიცებულია, რომ გონებრივი იერიში მუშაობის ყველაზე ეფექტური გზაა. ეს მარტო ინფორმაციის მიღება /ათვისებას არ ეხება.

შედეგებს და რეპორტებს  ჩემს იდ ბლოგზე განვათავსებ.

მოგიწოდებთ ამყვეთ და თქვენს მოკლევადიან დიდ გეგმებს გვერდით „ჰაშტაგი” – #ID ც აუცილებლად მიუთითეთ!

ჰო, ჩემი მარათონის პირველი ნაწილი ეხება იმ საქმეების მოშორებას, რომლებიც ხელს მიშლის ცხოვრების გაგრძელებაში და ზემოთხსენებული თავისუფლების მოპოვებაში. თუ არ გავთავისუფლდი, მთავარზე ვერ გადავალ. Continue reading “დიდი გეგმები და ცოტა დრო”