მე და ჩემი ნაბადი 101

გამოხდა ერთი წელი.

როგორც ჩანს, ბლოგს მკითხველი მოემატა (?), ამიტომ დროა რამე დავწერო.

მოგიყვებით ამ მთისას და იმ ბარისას და ყურადღებას გავამახვილებ საკუთარ თავთან ურთიერთობის 101 ზე: სტოიციზმსა და სხვა პრაქტიკებზე, რომლებიც სიმშვიდეს, სიმყუდროვეს, რწმენასა და კომფორტს გვიქმნიან მიუხედავად იმისა მარტოები ვართ თუ არა, სახლში ვართ თუ გარეთ, კარგად ვართ თუ ცუდად.

ამ მთითა და იმ ბარით დავიწყებ = ძალიან მოკლედ, საკუთარ თავზე მოგიყვებით.

აგერ უკვე 2,5 წელია ბერლინში ვცხოვრობ.  მინიმუმ 1 წელი ალბათ ისევ აქ ვიქნები, მერე მოვიფიქრებ სად წავტანტალდე. ამასობაში დავამთავრე მაგისტრატურა, ბევრი ახალი რამ ვისწავლე, დავღვინდი (23 წლის გონებაგაფანტული გოგო ჩამოვედი და 1 კვირაში 26 წლის გაწონასწორებული ქალი (?) გავხდები).

მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, ალბათ პირველად მაქვს შანსი ყურადღება არ მივაქციო ვიზას, დებილურ სანერვიულო რაღაცეებს და ჩემი დრო, ცხოვრება და ბედ-იღბალი თავად გამოვჭედო. ძალიან ბევრი ნაბიჯი გადამიდგამს იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო, ან სხვა გამოსავალი არ მქონდა. ასე როცა ვიქცევით საბოლოოდ გამოდის ხოლმე, რომ ჩვენი ცხოვრება შემთხვევითობების ჯამია და ყველაფერს გარემოებები განსაზღვრავს, არადა როდის იყო გარემოებები ჩვენ გვერგებოდა, ან ჩვენს სასარგებლოდ მოქმედებდა.

ხოდა ჩვენი იღბალი და ცხოვრება თავად უნდა გავიკაფოთ. მე მივიღებ ამ გადაწყვეტილებას, მე ასე მინდა, მე ასე მიმაჩნია, მოკლედ, საკუთარი თავები ჩვენ უნდა მოვნიშნოთ რუკაზე.

ჯანსაღი რაოდენობის ეგოიზმი არის ხსნა ხორცისა, მერმე სულისა. თუ ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებებს, უკვე სხვების სურვილები და გეგმები წაგვმართავენ.

გარემო

საკუთარი ხმის ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა “ჩამოთრეული” ხარ. საკუთარ ქვეყანაში შეგიძლია ხმა ამოიღო, ის სერვისი მოითხოვო რაც გჭირდება, თუ საჭიროა გაატრაკო, მივარდე და მოვარდე, ხმალი იშიშვლო, მთავრობა ლანძღო და რაც გინდა ის აკეთო. ადამიანურად, კომფორტულად, ხმამაღლა და “ჯიგრულად.” უცხოეთში რაღაც მომენტში აღმოაჩენ, რომ მაღაზიაში ფეხაკრეფით დადიხარ, ცდილობ შეუმჩნეველი, ზრდილი და ღიმილიანი იყო, შეიძლება რაღაც გაინტერესებდეს და კითხვა მოგერიდოს, ან სადმე ვერ დარეკო იმის შიშით რომ შეიძლება რამე ვერ გაიგო, ან ვინმეს ნერვები მოეშალოს იმის გამო, რომ ინგლისურად უფრო გიადვილდება კომუნიკაცია (ვიდრე გერმანულად, ჩემ შემთხვევაში). ერთხელ აღმოაჩენ, რომ ისეთი დასტრესილი ხარ, რომ მობიბინე ხეები გულს არ გიხარებს, ან, სულაც ვერ შენიშნე ახლადაყვავებული ყვავილების სურნელი, რომ სახლებს აღარ ათვალიერებ, ქუჩაში აღარ ცმუკავ, სახლშიც აღარ გემღერება. ამას რაც უფრო სწრაფად დააფიქსირებ, მით უკეთესი. ასეთ დროს იოგას ხალიჩა უნდა აიღო, დაჯდე, ა დან ჰ მდე ყველა კუნთი გაავარჯიშო, ღრმად ჩაისუნთქო, წელში გაიმართო და გარემო მოათვალიერო. ჯერ შენი ტერიტორია უნდა მონიშნო, შენი სახლი: ერთი ნახატი დაკიდო შენი გემოვნებით, ფოტოები, მერე სახატავი მასალა იყიდო, ყვავილები დაალაგო ფანჯრის რაფაზე ან ფარდები შეცვალო. უნდა გაიფიქრო, რომ შენი სახლი შენი ციხე-სიმაგრეა. ყველა, ყველა პრობლემას მოევლება, მთავარია ის საწყისი მინიმუმი იპოვო, რაც აუცილებლად გჭირდება, სადაც არ უნდა წახვიდე. აუცილებლად უნდა იყოს იაფი, მსუბუქი და ყველგან ხელმისაწვდომი. მერე მუსიკა უნდა ჩართო და იცეკვო, გარეთ რომ გახვალ ოდნავ ხმამაღლა უნდა იღიღინო, ბოლოს ნანახ-გაგონილი სასაცილო ისტორიები გაიხსენო და გარემოს დააკვირდე.

jared-sluyter-342881-unsplash.jpg

ჩემი გონება

 

ტვინის კონტროლი თუ ვიცით, ემოციებსაც ვმართავთ, შესაბამისად, რაციონალურ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, უკეთესად ვმოქმედებთ (perform better) და მთლიანობაში, ჩვენი ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება. მოდი და ნუ იტყვი, რომ ტვინის კონტროლი ყველაფრის გასაღები არაა. რამდენჯერ ვყოფილვარ რაღაც აბსტრაქტული სცენარებით დამფრთხალი, დასტრესილი, შრომისუუნარო და ძილისგუდა.

mark-daynes-34970-unsplash.jpg

  1. წარმოიდგინე, რომ ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და გაიღიმე. ნეგატივი ეგრევე პასიურს გვხდის და ყველანაირ ენერგიას გვართმევს. საქმე იმაშია, რომ ტვინი ყველა ჩვენ ქმედებას სერიოზულად მიიჩნევს. თუ გავიღიმებთ (ან თუნდაც კრიჭს შევკრავთ და ღიმილის იმიტაციას შევქმნით), ტვინი გაიფიქრებს, რომ ყველაფერი რიგზეა. რამდენიმე წუთში თავს გაცილებით უკეთესად ვიგრძნობთ.
  2. ფორთოხალი არის მზე. მზისა და სინათლის მნიშვნელობას და როლს ვერ ვაცნობიერებთ (განსაკუთრებით, საქართველოში, მზით განებივრებულები), სიბნელეს და ნაცრისფერ წვიმიან დღეებს თან ახლავს “ის”, რაღაც უიმედობა, უხასიათობა და მოწყენა. თუ ცუდად ხარ, და აუცილებლად ხარ ხოლმე თუ გარეთ ბნელა, ერთი-ორი ფორთოხალი იტკუცე, ან მზიან მხარეში განიავდი.
  3. ივარჯიშე, ბევრი, ბევრი ივარჯიშე. გაოფლიანდი, ირბინე, კუნთები გაიმაგრე და უამრავი ბედნიერების ჰორმონი გამოგეყოფა. თან, ერთი ბონუსი აქვს: ყველანაირი სხვა ქმედება, გონებრივი აქტივობაა თუ დიდი ნაბიჯის გადადგმა, ამაზე გაცილებით ადვილად მოგეჩვენება, თან ვარჯიში დისციპლინას გვინერგავს და გონებრივად გვაკაჟებს. თუ იაფი ფიტნეს დარბაზი არ მოიპოვება, იოგა მატი, YouTube და გარეთ სირბილი საკმარისზე მეტია.
  4. გარეთ გადი და სოციალიზდი. მეგობრებთან ერთად დალიე (პასუხისმგებლობით!), საერთო ინტერესის მქონდე ხალხს შეხვდი (meetup ის შესახებ გსმენია?), სუფთა ჰაერი ჩაყლაპე. ამ პუნქტის ნაწილია მოგზაურობაც. სოციალიზაცია ახანგრძლივებს ცხოვრებას, სხვა კი არაფერი.
  5. მართე შიში. შიშის მართვა არის უმთავრესი. ჯერ ერთი, რამე მოვლენის მიმართ შიში იმ მოვლენის მიმართ დაცვას გვიხსნის, და ხშირად ზუსტად ის გვემართება რისიც გვეშინოდა. აიღე წიგნაკი და ჩამოწერე ყველაფერი, რისი შიშიც გაქვს. ეს შეიძლება იყოს ირაციონალური შიში ან კონკრეტული სცენარის შიში. აი, ახლა, აიღე ფურცელი და ვერტიკალურად ჩამოწერე. დაახლოებით 10 წუთი სჭირდება (ახლა, ამ ბლოგპოსტის ხათრით ახალი სია შევადგინე და დავტესტე) მომდევნო წინადადება არ წაიკითხო. ————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————-ახლა წაშალე ყველაფერი, რაზეც გავლენის მოხდენა არ შეგიძლია. ატომური აფეთქება, ავიაკატასტროფა, შენობიდან ჩამოვარდნილი აგური ან მთვრალი მძღოლის მიერ გამოწვეული ავტოკატასტროფა. დატოვე შიშები, რომლებზეც ზემოქმედება შეგიძლია. გვერდით, გასწვრივ, ჩამოწერე რისი გაკეთება შეგიძლია თავიდან ასარიდებლად. შემდეგი გრაფაა რა გავაკეთოთ თუ მოხდა რისიც გვეშინია და მეოთხე ბოლო გრაფაა როგორ მოვიშოროთ შიში. ჩემი ჩანაწერი ასე გამოიყურებაIMG_20180322_150657.jpgჩვენი შიშებისთვის თვალის გასწორება არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ასეთი მარტივი სქემაც უზარმაზარ შვებას მოგგვრით. მეორე გვერდზე შეგიძლიათ უფრო ჩაუღრმავდეთ თითოეულ პუნქტს, ან, სულაც დროში გაწეროთ, თქვენი გეგმების მიხედვით.
  6. დააიგნორე ყველაფერი, რისი შეცვლაც არ შეგიძლია. სულ ყველაფერი. მე ასეთი და არა ისეთი “ოჯახიშვილი” ვარ, ასე გამოვიყურები, მაღალი ვარ, დაბალი ვარ, იმას არ მოსწონს ჩემნაირები, იმათ არ სჭირდებათ ჩემნაირი კანდიდატურა, ა.შ. don’t give a voice to whatever you can’t change. ვითომ არც არსებობს ის ლიმიტები. სტოიციზმის მაგალითია: შეიძლება მე მონა ვარ, მაგრამ ჩემი გონება თავისუფალია. ვერ შევცვლი ა ს, მაგრამ ბ ხელმეწიფება. გამოიმუშავე პოზიტიური კუთხით აზროვნება, შეჩერდი წუთიერად და შეატრიალე სცენარი. ნებისმიერი ცუდი ამბავი გადააქციე კარგ ამბად. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, საკუთარ ტვინს როგორ ავუხსნით ამა თუ იმ ამბავს. ხელმოცარული სცენარი გადააქციე გამარჯვებულის სცენარად. ალბათ ისე არ მოხდა (x) როგორც მე მინდოდა, ახლა ასე ვარ, მაგრამ, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არც მჭრდებოდა, შემაფერხებდა, ა.შ. მოკლედ, ჩვენ როგორც შევატრიალებთ ამბავს, ტვინიც ისე აღიქვამს. რეალობა არ შეიცვლება, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი, ჩვენი ხედვა შეიცვლება.
  7. დრო. არ დაგავიწყდეს, რომ ყველაფერს ეშველება გაფლანგული დროის გარდა. შეიძლება უცებ ტუზი დაგეცეს, გამდიდრდე, ენერგიასაც მოუვლი მეტ-ნაკლებად, მაგრამ დრო ცხოვრებისთვის ერთადერთია, რაც გაგვაჩნია. მოეშვი სასიცოცხლო ენერგიების დებილობებზე ხარჯვას. you have equal chances to fail in everything. მოლარე-ოპერატორი ხარ თუ პრეზიდენტი, ერთნაირი წარმატებით შეიძლება ორივეგან ჩაფლავდე. ბარემ ის აკეთე რაც გაინტერესებს, საკუთარი დრო მიმართე საკუთარი თავის საამებლად. ბოლოს ყველა დავიხოცებით, არ გკიდია მართლა გარემო(ებები)? (თან ის გარემო, რომელსაც შენი კეთილდღეობა კიდია). “Alexander the Great and his mule driver both died and the same thing happened to both” – Marcus Aurelius. ერთადერთი ვალდებულება ისაა, რომ პასუხისმგებლობა არ მოიხსნა საკუთარ ქმედებებზე. სხვების კეთილდღეობას თუ არ ვნებ, მორჩა, მიხედე საკუთარ თავს.
  8. ყველა სხვაც ადამიანია, რომელიც კეთილი და საყვარელი იბადება. ძალიან ჰიპურად ჟღერს, მაგრამ მიუხედავად “კოსტუმებისა” და თანამდებობისა, ყველას ყველაფერს ურჩევნია სიცილი, მეგობრები, ოჯახი და ის, რომ ვინმეს უყვარდეთ. მოუსმინეთ სხვებს, სხვების ამბებს, ისტორიებს და ისწავლეთ. არაფერი არ ვიცით. იმის გაფიქრება, რომ ვიღაც 40+ წლის მკაცრ სახიანი ხალხი სახლში მიდის, ტასაცმელს იცვლის და ოჯახის წრეში ბუნჩულდება, გულს მითბობს და ცხოვრებას ცოტათი მეტად მაყვარებს. არავინაა ღმერთი, ინფორმაციის მიღებას არაფერი არ უნდა, იმის სწავლას რაც მათ იციან, არაფერი უნდა რამდენიმე რიდერის და რამდენიმე კვირის გარდა. თუ რამე აქვთ ისიც იმიტომ, რომ რეპუტაციის შექმნა იციან საკუთარი თავის გარშემო (რაზეც მოგვიანებით დავწერ). მოკლედ, ყველას ისე მიუდექით, როგორც ადამიანს. იყავით სასიამოვნოები და ყველაზე ოფიციალურ იმეილებს და შეხვედრებსაც კი ადამიანური, პიროვნული ხასიათი შესძინეთ. ასე ყველას უფრო მეტად მოეწონებით, თან თქვენი სტრესის დონე მოიკლებს. andrew-pons-9713-unsplash.jpg

 

სხვა მნიშვნელოვანი გაკვეთილები, რომელთა “მისაკლიკადაც” საკმარისზე დიდი დრო დამჭირდა.

  1. იყავი შეუპოვარი. რამდენიმე დღის წინ ერთი სტატია წავიკითხე, რომელმაც შეუპოვრობაზე, როგორც ძალიან მაგარ თვისებაზე დამაფიქრა. დედააზრი ესაა: რომ იცოდე, რომ შენი 32-ე (რამე ნებისმიერი, მაგალითად, სიმღერა) გახდება ჰიტი, ან მე-60 სტატია მოგიტანთ დიდებას, დაწერდი 60 სტატიას ან გამოუშვებდი 32 სიმღერას? ყველაფერი, ყველაფერი პროცენტული თამაშია, a numbers game, როგორც ამბობენ. არადა მიმწოლობა და შეუდრეკელობა ყველაზე იშვიათი ნიჭი და თვისებაა, შესაბამისად, შეზღუდული რესურსია = დიდი მნიშვნელობის და ფასეული. საერთოდ, გამოიმუშავე რეზისტენტულობა. უმეტესი სიკეთეები ცხოვრებაში ბევრი ცდით მოდის. მაგალითად, კარგი სამსახური, ან ნებისმიერი რამ, რაც ძალიან გინდა. ბევრი ცდიდან ერთი გაამართლებს, ყველა შემთხვევაში. მთავარია მანამდე მისაღწევი უარები დააიგნორო. კარგი ამბავი: ეს დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გაგიადვილდება.
  2. არაფერი არ არის რბოლა. არავის არ ეჯიბრებით. ხშირად “დამპალი კაპიტალიზმი” იმის ილუზიას გვიქმნის, რომ ყველა ჩვენნაირია, ყველა ჩვენი კონკურენტია, ა.შ. გააჩნია რითი ვზომავთ. პროფესიით? კი, ბევრია ჩვენნაირი, ჩვენზე უკეთესები, თანაც, მილიონობით. ეროვნებით? კი, ვმეორდებით. ასაკით? კი. და მაინც, მიუხედავად ამისა, არავის არ ვეჯიბრებით, საერთოდ. როგორც Terry Crews იტყოდა (ჩემდა გასაოცრად, საოცრად საინტერესო ტიპია, შეგიძლიათ აქ მოუსმინოთ), კონკურენცია კრეატიულობის ანტონიმია. მოეშვით კონკურენციაზე ფიქრს (რას ცვლის საერთოდ), გამოიყენეთ წარმოსახვა და იაზრონეთ კონკურენციისგან დამოუკიდებლად, იმიტომ, რომ შენ ერთადერთი ხარ, მხოლოდ ერთია დედამიწაზე შენ.  ცხოვრება კონკურენცია და რბოლა არ არისო, ამ კარგმა კაცმა თქვა. მორბენალი ხომ გარშემო არ იყურება, წინ მირბისო. არა, რბოლა კი არა, მარათონიაო, მთავარია დისტანცია დაფაროო. არა, მარათონიც კი არა, ველზე სირბილიაო. თუ რამის მიღება გინდა, იმ მთის  მიღმაა, უბრალოდ მიხვალ და აიღებ, ესაა და ეს, და სულ ესაა კრეატიულობაო. ნუ ეცდები რაც უკვე არსებობს იმას გაეჯიბრო, შენი ხელწერა გამოიყენეო. –ჰო, შენი კატეგორია შექმენი, უკვე არსებულში კი ნუ დაიწყებ შერკინებასო, ტიმ ფერისმა დასძინა. მიდი და შეეკამათე.
  3. ფოკუსირდი. გონებაში შექმენი ქსელი, რითად 1 მოვლენა მომავალში მეორეს დაუკავშირდება და ასე განვითარდება, მაგრამ ორის მაგივრად ერთით დაიწყე. მე ის ფიზიკური პირი ვარ ყველაფერს რომ ვეკვეთები ხოლმე, მაგრამ მორჩა, მივხვდი რომ არამცთუ ას რამეზე არ უნდა გაიგიჟო თავი, პირიქით, ერთი უნდა დაყო სულ ერთი ციდა, უსაფრთხო, პაწია და ადვილ საფეხურებად. მე ის ადამიანი ვარ, საკუთარი წარმოსახვის ძალა რომ მსრესდა და ყოვლად აღელვებულს და ძალაგამოცლილს მიმაგდებდა. დავაგდებდი ერთ სიტყვას (მაგ: მე გავხდები ესა და ეს, ასეთი და ასეთი) და მერე იმდენად მიხაროდა და ისე არხეინად ვიყავი, ვერაფერიც ვერ გავბატონდი. არა, მოეშვი. აიღე ერთი რამე, რაც გაინტერესებს და მთელი გულით გინდა, დაყავი ას პატარა ნაწილად და ნაბიჯ-ნაბიჯ, დღითი-დღე მიყევი. ესაა სხვაობა უვიც (with a touch of ცანცარა) და ცოტა დამჯდარ-დალაგებულ ადამიანებს შორის.

    თუ არ იცი რომელ პორტს მიეშურები, არცერთი ქარი იქნება ზურგის – Seneca.

 

მოკლედ, გავიმეოროთ:

გავიღიმოთ, ფორთოხალი მივირთვათ, ჩვენი სახლი “მოვნიშნოთ”, ყოველ დღე ვივარჯიშოთ, მეგობრებს ხშირად შევხვდეთ და ყველა ადამიანს სიყვარულით მოვექცეთ, დღიური ვაწარმოოთ აუცილებლად საკუთარი თავის კარგად გასაცნობ-შესაცნობად და საკუთარ შიშებს სერიოზულად მოვეკიდოთ, არ დავისტრესოთ და რაც გვინდა უბრალოდ მივიდეთ და ავიღოთ, ერთი რამე ვაკეთოთ ერთ ჯერზე, შეუპოვრები გავხდეთ, რაც არ გამოგვდის ან არ მოგვწონს დავაიგნოროთ, და უბრალოდ, კეთილად მოვექცეთ საკუთარ თავებს და მისი სიამოვნებისთვის ვიცხოვროთ ტკბილად და ბედნიერად, სხვა არც არავინ გაგვაჩნია.

 

Advertisements

As I began to love myself

აწ ამ წუთიდან ვაპირებ ახალ ეტაპზე გადავიდე, რომელსაც ეწონდება “არ მაინტერესებს, საერთოდ აღარ მაინტერესებს ვინ რას აკეთებს, ვინ როგორ ცხოვრობს,  ვინ რა როგორ მიიღო/რას მიაღწია და რა საშუალებებით, ვისთან იყო, რა ურთიერთობა აქვთ…” და მისთანნი.

მოკლედ, სამყაროს აღქმის ახალ ეტაპზე გადავდივარ, რომელსაც ქვია “მე”

კი, თეორიულად ყველამ ყველაფერი ვიცით, და მაინც, ყოველ დღეს სხვისი თავგადასავლებისა და ნიუსების გაცნობით ვიწყებთ, სხვისი დაწერილი მუსიკის მოსმენით, სხვისი სურათების დათვალიერებით, სხვასთან საუბრით და სხვისი აზრის მოსმენით.

თქვენი არ ვიცი და, მე ამას ბოლოს ვუღებ. Continue reading “As I began to love myself”

15 სისულელე, რომელიც ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს.

ახლა, როცა სერიოზული ცვლილებებისთვის ვემზადები, გადავწყვიტე თვალი გადამევლო გასული წლისთვის და არამარტო, გამეანალიზებინა ჩემი თუ თქვენი შეცდომები, რომ მათი დაშვების ყველა მიზეზი საფუძვლიანად შემესწავლა.

ასე მივედი იმ ყოვლად უსარგებლო mindset ების სიამდე, რომლებსაც გაგიზიარებთ.

მოკლედ ვიტყვი, რომ რთული წელი მქონდა, რომელმაც ძალიან ბევრი რამე მასწავლა. არასდროს ვისურვებდი მსგავსი პერიოდის განმეორებას კიდევ ერთხელ, ამიტომ, ქვემოთ ჩამოთვლილი აზრები, პირადად მე აღარ მომცემს საშუალებას მსგავს მდგომარეობას დავუბრუნდე.

სისულელე N1. არ არის აუცილებელი ყოველ დღე ბედნიერი და მხიარული იყო. სავსებით ჩვეულებრივი და ბუნებრივი ამბავია მოწყენა, სევდა და მსუბუქი დეპრესიაც კი.

მართლა, ისე ხდება, რომ ჩვენს სოციუმში სევდა-დარდი-ჭმუნვა-ჭმუხვნა-დრამატიზმი-უბედურება ნორმადაა ქცეული. ჯანდაბას ეს Mindset ები! (და ნამდვილად გვეყო რაც აქამდე დარდები და უბედურებები გვინახავს). თითოეული დღე თუ რამე სასიამოვნოს კეთებას არ მივუძღვენით, თუ კარგად არ ვიცინეთ, გავერთეთ, ის საქმე არ გავაკეთეთ, რომელიც გვაინტერესებს და გვიყვარს, აბა რა ჯანდაბას ვაკეთებთ მაშინ! Continue reading “15 სისულელე, რომელიც ნორმალურად ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს.”

პოზიტივის და ბედნიერების შესახებ

11134027_10152735687750872_5255522526968780202_o* მე ამ პოსტის წაკითხვა ძალიან გამომადგებოდა. ბანალური არაფერი გეგონოთ 🙂

მოკლედ, ისე მოხდა, რომ გენები, აღზრდაზე მოქმედი ფაქტორები (X პერსონის მაქსიმალისტი ხასიათი, მატერიალიზმი, გარემო, რომელშიც ვიზრდებოდი) ჩემი ხასიათიც და ყველაფერი დანარჩენი ისეთი კომბინაციით განაწილდა, რომ ერთ დიდ პრობლემად ჩამომიყალიბდა, mindset-ად, რომელსაც ქვია დეპრესიისადმი მიდრეკილება (თუმცაღა ამას არასდროს ვაღიარებდი), ზედმეტი პასუხისმგებლობის გრძნობა, ილუზიებში ცხოვრება, მუდმივი უკმაყოფილება მიღწეულით, ან, სრული უგულებელყოფა, მუდმივი სტრესი… მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ბედნიერების დონის მუდმივ დეფიციტს განვიცდი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. მიუხედავად იმისა, რომ Human Metrics არ მეთანხმება, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ინტროვერტიც ვარ. მერე რა, თუ თავს ხალხშიც კომფორტულად ვგრძნობ, დიდხანს მაინც ვერ ვჩერდები და მარტო ყოფნა მირჩევნია.

ბედნიერების დონეზეა დამოკიდებული ყველაფერი. ან ხარ ბედნიერი, ან არა = ან კარგად ცხოვრობ, ან არა.

აქსიომაა, რომ ცუდად ცხოვრება არ შეიძლება.

რა სისულელეა, რატომ უნდა იცხოვრო ცუდად, თუ გაქვს ბედნიერება გენიოსი, ადამიანური გონი გედოს თავში, რაღაც ფენომენი კომპიუტერი, რომელზე საჭირო მოქმედებების განხორციელების შემთხვევაში ყველა პრობლემას “დააფიქსირებ”. ვაღიაროთ, რომ ამას ყველა ვგრძნობთ და ვაცნობიერებთ.

რაღაც მკარნახობს (მეხსიერება), რომ ეს ადრეც დამიწერია: ბედნიერება არის სამყაროს ჩვენეული აღქმა. ჰოდა, მინდა ყველაფერს იმაზე პოზიტიურად აღვიქვამდე, ვიდრე დღეს: რეალობასაც, მომავალსაც, საკუთარ თავსაც, საერთოდ, ყველაფერს.

პოსტის მთავარი ნაწილი ეს არის:

ძალიან სერიოზულად დავფიქრდი yin yang ის პრინციპზე.

ესაა ცუდი – კარგი; მიღება – გაცემა; შავი – თეთრი; შიგნით – გარეთ; წუწუნი – მადლიერება; დაბნეულობა და ორჭოფობა – კონტროლის გრძნობა; ბოროტება/ნეგატივი – სიკეთე; ფიქრი – მოქმედება; ნეგატიური-პოზიტიური ადამიანები, ა.შ.

არ ნიშნავს, რომ შავი ცუდია, მაგრამ მას აუცილებლად დაბალანსება სჭირდება. რაც უფრო მეტია თეთრის წილი, ჩვენც მით უფრო ბედნიერები ვართ!

მოკლედ,  გავაცნობიერე, რომ ცხოვრება Before & After, უბედურ და ბედნიერ ეტაპებად არ იყოფა Continue reading “პოზიტივის და ბედნიერების შესახებ”

პათეტიკა, დრამატიზმი, სიღრმეები და სხვა სისულელეები

sofiko(*ეს პოსტი იმ იშვიათ პოსტებს მიეკუთვნება, რაღაც უცნაურად რომ ვწერ ხოლმე, საკუთარ თავზე და ცოტა გაუგებრად…)

ეხლა თუ არ დავწერე, ამისთვის სხვა დროს ვერ გამოვნახავ. ეხლა, როცა შთაბეჭდილებების ქვეშ ვიმყოფები, როცა საკუთარ თავში დიდი ნაკლი აღმოვაჩინე და გამოსწორება გადავწყვიტე. ჰოდა, როდის ერთხელ იყო რამეს გიმალავდით. ბევრს რომ არ მივედ-მოვედო, საქმე რაშია…

იმაში, რომ მე და, ალბათ ძალიან ბევრ თქვენგანს, მოვლენების მსუბუქად აღქმის კულტურა არ გვაქვს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში პირად ურთიერთობებს ვგულისხმობ, მაგრამ, დიდი ალბათობით, სიმსუბუქისა და ბედნიერების პირდაპირპროპორციულობა ყველაფერზე ვრცელდება.

ეს მენტალიტეტური პათეტიკა და დრამატიზმი ჩვენი თავების და ერის მტერია. უკვე არა ერთხელ, ორჯერ და სამჯერ დამიწერია (გაბრაზებული) პოსტები, რამდენს ვფილოსოფოსობთ, რამდენს მივედ-მოვედებით და როგორ ვინგრევით. Continue reading “პათეტიკა, დრამატიზმი, სიღრმეები და სხვა სისულელეები”

სად არის ბედნიერება?

დღეს ძალიან საინტერესო ლექციას გადავაწყდი – ალექსანდრე ჯეჯელავა – სად არის ბედნიერება?

ოპტიმალური მოდელი

  • არ მივცეთ ჩვენს თავს მოწყენის და აპათიაში ჩავარდნის საშუალება;
  • ახალ საქმეს რომ წამოიწყებ, მოხვდები ღელვაში. მერე მოდის განვითარების სტადია, თუ არ განვითარდები, ვერ მოხვდები “მუღამში”. ეს არის ბედნიერება;
  • ჩვენ გვჭირდება მეტი ადამიანი “მუღამში”;
  • ჩვენ უნდა გამოვთხაროთ ბედნიერება;
  • რეცეპტი – გაეხვიე პროფესიულ “შარში”, აიღე ძალიან რთული ამოცანები, მერე ისწავლე, ისწავლე, ისწავლე, განვითარდი, სანამ არ მიაღწევ “მუღამს”.

დასკვნები:

  • აპათიამ* და მოწყენილობამ**იცის შეჩვევა! (კომფორტის ზონა, ჭაობი, რომელიც ეწინააღმდეგება ბედნიერებას! მდგომარეობა “კარგად ვარ, კმაყოფილი ვარ”)
  • კმაყოფილება ბედნიერება არ არის!
  • თუ ახალ-ახალ, მზარდ სირთულეებს ვერ გაიჩენთ, დაიხოცებით მოწყენილობით;
  • კომფორტის ზონა არის “ქვედა სართული”;
  • ფული: სწორია – “მიაღწია და ბედნიერია და ფულიც იშოვა”, არასწორია – “ფული იშოვა და ბედნიერია”
  • ცხოვრების აწყობა შეუძლებელია. როგორც კი აიწყობ ცხოვრებას, მოდის მოწყენილობა.

*აპათია – ხარ ნაკლებად კვალიფიციური, ასრულებ მარტივ დავალებებს;

**მოწყენილობა – ხარ მაღალკვალიფიციური, ასრულებ მარტივ დავალებებს

უნდა განვითარდე, რომ იყო ბედნიერი – კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში.

ჩემი დიდი, ციცაბო, თოვლიანი მთა

ორშაბათი დილა: ორგანაიზერი, ყავა, სარკე,  უნივერსიტეტი, სახლი,  ტელევიზორი ჩართულია, სწავლა, მერე თუ თავი მაქვს რამე საინტერესოს გაკეთება, ძილი…….

” არასოდეს ვწყვეტთ ყვირილს. ჩვენ ჩვენს საწყისებს ვუბრუნდებით”

როცა მეგობრებს ვეუბნები, რომ საკუთარ თავს ადამიანად აღარ აღვიქვამ, ჰგონიათ, რომ საკუთარ თავს რამეს ვუშავებ, რომ დეპრესიული ვარ, თავს ვიტანჯავ… ისე, პირიქით ხდება.  ხშირად აღფრთოვანებული და გაოცებული ვარ,  ვგრძნობ, რომ ჩემი თავი უკიდეგანო  გალაქტიკაა, ისევე, როგორც მთელი გარემოცვა, მე ერთი ღვთაებრივი ტვინის ნაწილი ვარ, რომ, სადაც კოსმოსში ვმოძრაობ და ვუმჯობესდები ახალი აზრის მისაღებად, და ეს ყველაფერი ერთი წამია, რომელიც,  ლოგიკურად ვიცი რომ დამთავრდება, მაგრამ კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ ჩემი შემთხვევა რაღაც განსაკუთრებულია და უბრალოდ შეუძლებელია დამთავრდეს… შენ მოვლენა ხარ, ადამიანი, რომელიც კლდეზე ცოცხალი სამყაროს ჩრდილების მაყურებლებს ეუბნები, რომ ნამდვილი სანახაობა გამოქვაბულის გარეთაა. ქვეყნიერება ახლა და აქ არის, ჩვენს თვალწინ, ამ წამს, ადამიანები კი სადაც შორს ეძებენ… ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა.

არადა, როგორ ვიკარგებით… ღმერთმა უწყის, რამდენ რაღაცას გახვევენ თავს. ტვინი წაიღეს ლოზუნგებით: გავიუმჯობესოთ საკუარი თავი, ჩაებით ჩვენს ტრენინგში და გახდით წარმატებული, დახუჭეთ თვალები და… დაინახავთ მზეს, იშოვეთ მილიარდი, ჯერ ეს არ გააკეთოთ, სადმე დაიწყეთ მოხალისეობით, ეს ისეთი რთულია, ამისათვის მილიარდი წელი და 12000000 საათი დაგჭირდებათ, მართეთ დანარჩენები, დაზოგე წელიწადში 2 კვირა მოწევისათვის თავის დანებების ხარჯზე, მოახდინეთ შთაბეჭილება….

სასაცილოა.

სხვათა შორის, აღმოვაჩინე, რომ რთული არაფერია. ისევე, როგორც ცნება “ახალგაზრდობა” ესეც საკუთარი უმოქმედობის გასამართლებლადაა მოგონილი.

პრობლემა თქვენში კი არა, დილეტანტთა გარემოშია. “თუ იცი, რომ ნიჭიერი ხარ, თავი დილეტანტებს ხელში არ უნდა ჩაუგდო” – თქვა ჩემმა ემიმ.

წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი გაქვთ და მართლა გექნებათ. სისულელეების გამო ნუ დაგეცემათ თვითშეფასება. წარმოიდგინეთ რა იდეალურია იყო ადამიანი! და თუ ვიღაცას თუ არ მოეწონეთ გასაუბრებაზე, არ ნიშნავს, რომ თქვენს თავს რაღაც ვერაა. იმასაც გეტყვით, რომ გასაუბრებათა “წარმატების გასაღები” აღმოვაჩინე – რაც შეიძლება სწრაფად და დამაჯერებლად ილაპარაკეთ, “ძალიან წარმატებულად” 🙂

კინაღამ მეც შევუერთდი დაკომპლექსებულთა “მილიონნიან” რიგებს. მომინდა ნაკლებად მორცხვი ვყოფილიყავი და ბიბლიოთეკიდან წიგნი გამოვიტანე სახელწოდებით: “თვითპრეზენტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში” . როცა აღმოვაჩინე,  რომ დიდი იდიოტობაა, თავი ამერიკული ფილმის მარტოსული პერსონაჟი მეგონა, წიგნის მაღაზიის იმპერიაში უბედურათვის განკუთვნილ უზარმაზარ თაროებს რომ ათვალიერებს და იმ წიგნს იღებს, რომელზეც ყველაზე დეპრესიული წარწერაა. გადავწყვიტე მსგავსი რაღაც არასოდეს გავაკეთო, არც წიგნებს წავიკითხავ და არც რომელიმე ფსიქოლოგიურ ტრენინგს შევუერთდები. ადამიანი ერთდროულად შეიძლება იყოს აქტიური და მორცხვი, დაბნეული და ორგანიზებული, მორიდებული და თავდაჯერებული. არა, ნამდვილად ცუდად მაქვს საქმე. ის მამშვიდებს, რომ ეს სიტყვები ერთმანეთის ანტონიმები არაა, მრავალფროვანი ხასიათი კი იმის გარანტიაა, რომ არასოდეს მოიწყენ საკუთარი თავის სეირის ცქერით, მაგალითად, თუ მთელმა სამყარომ გაიგო როგორ თქვა ლექტორმა, რომ სხვა აუდიტორიაში უნდა მიხვიდე მეორე ლექციაზე, სასწაულის ძალით შენ ვერ გაიგებ და 2 ქულას დაკარგავ… ეს უნდა გამოსცადო! (ან, არა, იყოს…)

ვიბნევით. ყველანი ვიბნევით. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვცხოვრობთ. 1 დღე, მეორე. ირევი, მარტო ხარ, გესმის ამბები, რომლებიც ან ხდება, ან არა, აღარ იცი რაზე იფიქრო, გინდა ყველაფერს დაეწიო და გაიგო რა ხდება, იფიქრო ქვეყნიერებაზე და შეასრულო საშინაო დავალებები,  გესმის სიტყვები: განვითარება, ინვესტიცია, პიროვნული გაუმჯობესება, ტრენინგი,  სესია, იყავი უკეთესი, აირჩიე ბალი, წარმატებული, აქტიური, მოხალისე, გამოცდილება… და ყველა იბნევა. მერე სხვადასხვა ფრაზებში “გამოიჭერენ” წარმატები დევიზებს და სოციალურ ქსელში ალაიქებენ შემდეგი შინაარსის ფრაზებს:

“just do what must be done”

“don’t let anyone ever make you feel like you don’t deserve what you want”

“how to be happy – believe in yourself” ა.შ.

არაა საჭირო ყველაფრის გამეჯმენტება, ეს ფანტაზიას დააქვეითებს. მთელი აზრი კი გაოცების, აღფრთოვანების, ფანტაზიის უნარის შენარჩუნებაშია… არაა საჭირო მილიარდობით წიგნი, თუ როგორ მოვიქცეთ ორშაბათ დილით.

საუკეთესო საშუალებაა კომპიუტერის გამორთვა, მარტო დარჩენა.

თქვენ თვითონ დაიწყოთ საკუთარი წიგნის წერა, საკუთარ თავზე, რა გინდათ, რას და რატომ აკეთებთ, რა გამოძრავებთ და რას მიაღწევთ, ერთად მოუყრით თავს თქვენ მიერ მოპოვებულ თითოეულ სიბრძნესა თუ “ოქროს ფრზას”. ასე უფრო მარტივი და დალაგებული იქნება.

მინდოდა დამეწერა დაბნეულ და დაკარგულ ადამიანებზე, რომლებიც მოთმინებით ელოდებიან როდის ეწევიან ბედნიერებას, ილუზიაში, ვირტუალურ სამყაროში იძირებიან ისე, რომ ოცნებებს არ იხდენენ…

არადა სად მოგვეცემა ასეთი მეორე შანსი…

ხელოვანები, “მოკვდავები”, გაფრენა & სტანდარტები


ბოლოს ანტონ ჩეხოვის ,,შავი ბერი” წავიკითხე.

დავფიქრდი – რა ჯობია – იყო ნორმალურობის ფარგლებში განზრახ მოქცეული და ამის გამო უბედური გენიოსი  თუ ცოტათი ,,აფრენდე” და თავს უბედნიერესად გრძნობდე?.. – ეს მოთხრობის გმირს ეხება, კოვრინს, მე კი გენიოსობისგან ცოტა შორს ვდგავარ…

და მინც, რა არის ის სტანდარტი, რომელშიც ისე უნდა ჩაჯდე, რომ საზოგადოების ორგანული ნაწილი და თან, ამავდროულად, ბედნიერი იყო? თუ განსხვავებულად აზროვნებ, თუ შენს ფანტაზიას, ინტერესთა სფეროებსა და სურვილებს საზღვარი არ აქვს?.. სად უნდა დამთავრდეს ჰალუცინაციები? საბოლოოდ, რამდენის უფლება უნდა მისცე საკუთარ თავს?..

ალბათ, გააჩნია ვინ ხარ, ან, საერთოდაც, არ აქვს მნიშვნელობა…

ყველაფერი თავდაჯერებიდან იწყება.

თქვენ, ადამიანებს, უდიდესი, ბრწყინვალე მომავალი გელით. რაც ბევრია დედამიწაზე შენნაირი, მით სწრაფად აცხადდება ეს მომავალი. უთქვენოდ, უმაღლესი საწყისის მსახურთ გარეშე, შეგნებულად და თავისუფლად რომ ცხოვრობთ, კაცობრიობა აღარ იქნებოდა: ბუნებრივად რომ განვითარებულიყო, კიდევ დიდხანს მოუწევდა თავისი მიწიერი ცხოვრების დასასრულის ლოდინი. თქვენ ხომ რამდენიმე ათასი წლით ადრე შეიყვანთ მას მარადიული სიმართლის სამეფოში – და ესაა თქვენი უდიდესი დამსახურება. თქვენ ღვთის ლოცვა-კურთხევას განასახიერებთ, ადამიანებზე რომ გარდამოვიდა…

…შენი ჯანმრთელობა იდეას შესწირე მსხერპლად ….

…ჩემო მეგობარო, ჯანმრთელი მხოლოდ საშუალო, ჯოგის ადამიანები არიან. მოსაზრებანი ნერვიულ საუკუნეზე, გადაღლილობაზე და ა.შ. სერიოზულად მხოლოდ მათ აღელვებთ, ვინც ცხოვრების მიზანს აწმყოში ხედავს, ანუ ჯოგის ადამიანებს…

…ამაღლებული განწყობილება, ექსტაზი-ყოველივ ის, რაც წინასწარმტყველებს, პოეტებს, იდეისათვის მოწამეთ გამოარჩევთ ჩვეულებრივი ადამიანებისაგან, მიუღებელია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის… თუ გინდა ჯანმრთელი და ნორმალური იყო, წადი ჯოგში.

“ჯოგი” მეხამუშა. საზოგადოება, ადამიანების ერთობა რატომაა ჯოგი? ძალიან, ძალიან ბევრი რამ აუტანელი და საძულველია ჩემვის, ხშირ შემთხვევაში მართლა უხდება სიტყვა ,,ჯოგი”, მაგრამ მაინც არასწორია. ჯოგში მოიაზრებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც… ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობენ? კი მაგრამ, ისევე ცხოვრობენ, როგორც ნებისმიერი ,,გენიალური ადამიანი”… ძალიან ცოტა განდგომილ ადამიანს ვიცნობ ყოველდიური ცხოვრებისგან, არა, საერთოდ არ ვიცნობ, მარტო ბერები… ბერები არიან გენიალურები?…

ვაპროტესტებ ,,დიდ ადამიანთა” ქცევას. სიმარტოვე საჭიროა, მუზა, გარემოც საჭიროა, მაგრამ, თუ ასეთი გარემო არ გააჩნია შემოქმედს, ეს გარშემომყოფების ბრალი სულაც არაა.

ციტატა ბესიკ ხარანაულის ლექსიდან ,,ვაჟა-ფშაველა ცხენით მიდის ჩარგლიდან თბილისში და გზად თავის ცოლს ებაასება”

– კი, ეგრე არის, სულ უბრალოდ, უმიზეზოდ ვღიზიანდები,

კი, სწორი არის, ნერვიული გავხდი, სასტიკი…

…განა მე ვერ ვგრძნობ, თუ როგორი სასაცილო ვარ,

დაშლილ გუთანში შებმულ ხარებს თავს რომ დავჭყივი,

და ლამის არის, ჩემიცა და ქვეყნის ცოდვაც მათ დავაბრალო…

…გახსოვს, რომ ვიჯექ და რომ ვწერდი სახეამწვარი

და ახალუხის კალთაზე რომ ცოცხი მოგიხვდა,

რა ამბავი დაგაწიე, ხომ გახსოვს, მაშინ?…

…სამაგიეროდ, არასოდეს დაივიწყებენ,

როგორ ვიბრძოდი ჩემი ხალხის მომავლისათვის

და ოდნავადაც არავის არ გაახსენდება,

ღამით სახლიდან რომ გაგყარეთ და ზვინში რომ გაგათევინეთ…

ლექსი ლექსია, ის ნამდვილ ვაჟას (იმედია) არ აღწერს, მაგრამ, ფაქტია, ეს ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ავტორის ნამუშევარია. დანამდვილებით ვიცი, ხშირად მართლაც ასე გამოიყურება შემოქმედთა და “რიგით მოკვდავთა” თანაცხოვრება.

სადაა მეორე მხარის ბედნიერება, თუ შემოქმედი ცას სწვდება სიხარულით?..

სახლისაკენ მხიარული და ბედნიერი დაბრუნდა… იყო რჩეული, ემსახურო მარადიულ სიმარლეს, იდგე მათ გვერდით, ვინც რამდენიმე ათასი წლით ადრე გახდის ცათა სასუფევლის ღირსს კაცობრიობას ანუ აარიდებს ხალხს ბრძოლის, ცოდვისა და განცდების რამდენიმე ზედმეტ ათასწლეულს…

…გაურკვეველ სიხარულს, მთელს მის არსებას რომ ავსებდა, იოკებდა, შემდეგ ისევ გაიარ-გამოიარა და სამუშაოს მიუჯდა. რაღაც გიგანტური უნდოდა, უსაზღვრო, გამაოგნებელი…

მოკლედ, გარკვეული დროის შემდეგ თავად დაასკვნა, რომ გაგიჟდა და ცოლს ნება მისცა მისთვის ემკურნალათ. აღელვებამ, სულიერმა აღტყინებამ გადაუარა და თავი უბედურად იგრძნო. რა თქმა უნდა, ,,დამნაშავე” ცოლს მიადგა, დატანჯა და გააუბედურა, თვითონაც მოარულ შხამად გადაიქცა. ისევე, როგორც ვაჟას “გველისმჭამელი” მინდია.

არ აქვს მნიშვნელობა რას წარმოადგენ. “asshole” ობის უფლება არავის აქვს!

თუ ზებუნებრივი ბერი მარტო მან ნახა, ნიშნავს, რომ ავადაა და ჰალუცინაციები დაეწყო.

-მაგრამ მე ხომ კარგად ვარ, არავის არაფერს ვუშავებ; ანუ ჩემს ჰალუცინაციებში ცუდი არაფერია” – გაიფიქრა და თავი კარგად იგრძნო.

ზუსტად!

ბედნიერებას ნება უნდა მისცე მთლიანად მოგიცვას, შემოქმედებით სიამოვნებაზე დიდი ნეტარება არ არსებობს.

მარადიული ცხოვრების მიზანი ნეტარებაა!

რა მოხდა, თუ ჰალუცინაციები გაქვს, ან, თუ სულ სადღაც დაფრინავ და თუნდაც შენთვის იცინი?

ეს წვრილმანია. ნამდვილი ბედნიერება გადამდებია. ნაწამოების გმირიც უბედნიერესი იყო, ყველაფერს სიცოცხლეს ჰფენდა, ყველას ამხნევებდა… ბედნიერება კი იმიტომ წაერთვა, რომ შეეშინდა…

რატომ არ დამიჯერე. მაშინ რომ დაგეჯერებინა, გენიოსი ვარო, ამ ორ წელს ასე სევდიანად და მწირად არ გაატარებდი.

ჰობსის ნათქვამის არ იყოს, ჩვენ მხოლოდ ჩვენ საკუთარ ცხოვრებას ვგრძნობთ, მაგრამ:

-ჩვენ ქვეყნის პატრონები არ ვართ, შვილო! ქვეყანა მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის! -ეუბნება მამა შვილს

-არ მჯერა!

-ძალიან კარგი! (მხ. ფილმი “Baaria”)

არ არსებობს ჯოგი და სამოთხე.

არსებობენ შემდგარი და შეუმდგარი ადამიანები.

შეუმდგარი ხელოვანები და შემდგარი რიგითი მოკვდავები.

ჰალუცინაცია კი უწყინარი ფანტაზიაა… მერე რა?…