მოკლედ,

მიუხედავად ბევრი რამისა, არაჩვეულებრივი ზაფხული მქონდა.

ახლა 100 ნაბიჯით წინ ვარ, ვიდრე ვიყავი. მაგრამ, კიდევ ძალიან ბევრი მაკლია დანიშნულების ადგილამდე.

ამ ზაფხულის განმავლობაში:

შევიძინე ახალი მეგობრები მთელი მსოფლიოდან;

მივიღე შთაბეჭდილებების ზღვა!

დავტკბი ბერლინით;

კრიალა ოსლოთი;

ტელემარკის ბუნებითა და ღირსშესანიშნაობებით (ეს ნორვეგიის ერთ-ერთი საკვანძო რეგიონია);

სტოკჰოლმით;

უკვე არსებობს პატარა სტარტაპი – ნეიმოვირნა http://www.neimovirna.com.ua/, თავისი ფეისბუქით (და თხოვნაა დავაშეაროთ)))) ჰო, ამ ბრენდის და მისი დედიკო ბრენდის შესახებ მალე გაიგებთ 🙂

ანას ცოტა არ იყოს, წარმოდგენა შეექმნა მომავლის შესახებ…

კიდევ, შევხვდი და “ვესაუბრე” სტივენ ტაილერს;

მივიღე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები;

თითქმის დავამთავრე უნივერსიტეტი (1 გამოცდაღა დამრჩა)!

გავიუმჯობესე ნორვეგიული ენა;

გერმანულიც;

და, უკვე მეათე დღეა გატაცებული ვარ ერთი სულიერით…

ჰოდა, ამ დღეებში მივყვები და ნელ-ნელა მოგიყვებით ყველაფერს.

თანაც, ზაფხული მეორე ფაზაში შევიდა, კოდური სახელწოდებით – “თავისუფალი დრო გამოგიჩნდა, აბა შენ იცი, მაქსიმალურად გამოიყენე”!

მოკლედ, მინდოდა მეთქვა, რომ ცოცხალი ვარ, მომენატრეთ და დრო არ მქონდა რამე დამეწერა…

Advertisements

მე – ახალგაზრდა?

Image

21 წლის ვარ, 2 კვირაში 22 ის პერსპექტივით.

ამ პოსტის დაწერა არ ვიცი რამ გადამაწყვეტინა. ალბათ უცებ დამარტყა თავში, რომ არასოდეს, არასოდეს მგონებია ჩემი თავი ახალგაზრდა.

მახსოვს 18ის რომ ვიყავი ერთ 17 წლის მომღერალს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ის რა ახალგზარდა იყო, მე კი… ეჰ… მაშინაც უცებ “ჩამარტყა”, რომ ისიც თითქმის ჩემხელა იყო, რომ მარტო 18ის ვიყავი.

აი ხო, რა არის ასაკი? მარტო რიცხვები? ჩვენ? ის რაც თავში გვიყრია? რას ნიშნავს 21? და რა იქნება 22? იმიტომ, რომ მახსოვს ჩემი მეჩვიდმეტე დაბადების დღე, მაქვს ჩანაწერი, სადაც ვღელავ, რომ “უკვე” 20 ის გავხდები, ან, “სადაცაა, 21 მომადგება.”

ისე, როგორ უნდა იქცეოდეს ახალგაზრდა ადამიანი? ალბათ, ასე ხომ?

  1.  ბევრს უნდა ერთობოდეს;
  2. შეცდომებს უშვებდეს;
  3. ბევრ შეცდომას……
  4. ბევრი არაფერი უნდა ადარდებდეს;
  5. ასუხისმგებლობის გრძნობა ნაწილობრივ მაინც დახშული უნდა ჰქონდეს;
  6. ცხოვრებას იმედებით და ვარდისფერი სათვალით უყურებდეს;
  7. იყოს მხიარული, გიჟი, ცანცარა;
  8. აღელვებდეს პოეზია, მუსიკა თუ რომანტიული კომედიები, მოკლედ, იყოს დიდი რომანტიკოსი.
  9. წინ არ იყურებოდეს, დღევანდელი დღით ცხოვრობდეს.
  10. ფიქრობდეს, რომ ახალგაზრდაა, ეს ყველაზე მაგარი დროა და სულ ასე იქნება.
  11. ფიქრობდეს, რომ დრო ნელა გადის. ეს თითქმის იგივეა, რაც წინა პუნქტი.

Image

მიუხედავად იმისა, რომ გიჟობა და ჭკუამხიარულობა არ მესწავლება, (რაღაც მომენტებში განსაკუთრებით:)), არც გულცივი მეთქმის და იმედებიც ბლომად მაქვს, ბევრი რამ მაკლია, რაც ახალგაზრდა ადამიანს, ალბათ, უნდა ჰქონდეს.

აი, როგორი ვარ:

  1. დიდ დროს ვატარებ მარტო. იშვიათად გავდივარ გასართობად. მსუბუქი სიამოვნებს მიღებითაც ვკმაყოფილდები, როგორიცაა ტკბილი ძილი, კითხვა, სასუსნავები, ფილმები… სამოგზაუროდაც სულ მარტო ვიყავი და ეს პირველად მაშინ გავიზარე, როცა აქ დაბრუნებულს მკითხეს მარტოს თუ არ მომეწყინა ბოდიალი. სულ ერთი ციდათიც კი – არა! მაგრამ, მერე მივხვდი, რომ უცნაური იყო. არავინ მჭირდება სალაქლაქოდ, მაგრამ, მიყვარს ლაპარაკი.

2. მინდა ყველაზე მე ვიზრუნო და არა პირიქით. მინდა ყველა უზრუნველვყო: დედაჩემი, ჩემი და, პატარა ბიძაშვილი, მთელი სამეგობრო, სანათესაო თუ პლანეტა.  
Continue reading “მე – ახალგაზრდა?”

What I Love #1

1487368_698060783548180_1711873428_nვის გიყვართ ჩემსავით არქიტექტურა, ინტერიერის/ექსტერიერის/ლანდშაფტის დიზაინები?

ჩემსავით – ძალიან ცოტას 🙂

ხოდა მეც ეტაპობრივად გაგიზიარებთ ჩემს უზარმაზარ კოლექციას ♥ ♥

(იხ. სრული პოსტი) Continue reading “What I Love #1”

აი, ეს წამი

image

ახლა საკუთარ ოთახში ვზივარ, თვალში ფერადი, ღია ფერის კედლები მხვდება. ეს ჩემი ფიზიკური ადგილსამყოფელია, ჩემი გეოგრაფიული სივრცე.
კიდევ ვხედავ საკუთარ თმას, ცხვირის მცირე ნაწილს, თითებს, რომლებითაც პლანშეტზე ტექსტს ვკრეფ და საბანგადაფარებულ მუხლებს.
17 თებერვალი გათენდა. განუმეორებელი დღე, რადგან ყოველი დღე რაღაც დოზით განუმეორებელია. 2014 წლის 17 თებერვალი აღარ დადგება. ჩვენს წელთაღრიცხვაში მაინც.
დედამიწამ კიდევ ერთხელ დაარტყა მზეს საპატიო წრე, პლანეტის დასავლეთ ნახევარსფერო საზიზღარი ორშაბათის დადგომისთვის ემზადება. აქ კი უკვე გათენდა.
სადღაც ჩანჩქრები გრუხუნებენ, ტყეებში ჩიტების (და მაიმუნებისაც 🙂 გნიასი და ჟივილ-ხივილი ისმის, სადღაც ლავა თუხთუხებს, არწივი დაფრინავს, ფოთოლი ვარდება, ტომის ბელადი კოცონს ანთებს,  ჩვენ კი დედამიწის პატარა ადგილას ვართ შეყრილები და ჩვეულებრივი, კაპიტალისტური დღისთვის ვემზადებით. ვინ როგორ.
დღეს ათასობით ბავშვი დაიბადება და ათასობით ადამიანი გულამოსკვნილი იტირებს, მილიონობით ცხოველი ინადირებს და მილიონობით ტელეფონი იწკრიალებს…
მაინც როგორი მოკლეა დღეები. არაფერი არაა ერთი დღე, როცა  ერთი ადამიანი ხარ. რაც არ უნდა გააკეთო, მაინც უფრო მეტი შეგეძლო. ყველაფერი კი მაინც ძალიან ცოტაა, თუ შენი გადაწყვეტილება ან ქმედება ტალღის პრინციპით არ გადაეცემა სხვებს.

ამას ვწერ და ჩამესმის ის გამაყრუებელი ხმაური, რომელსაც დედამიწა გამოსცემს, მთელი სიცხადით ვგრძნობ საიდანღაც ჩამოყრილი ჰომოსაპიენსების არსებობას, ნაბიჯებს, სიცილს, ლაპარაკს, სიარულს, მუშაობას, დასვენებას, სიხარულს, დაღლას, სევდას, სირბილს, ძილს, სიმღერას, გულისცემას.

მხოლოდ ეს წამი არსებობს და სულ ასე იქნება.
და ისიც წარსულია.
მომავალი კი ის მომენტია, რომელიც გვაწყობს. ჩემთვის მომავალი ის წუთია, როცა გავიფიქრებ, რომ ყველაფერი მაქვს, რაც მინდოდა.
5 წამის შემდეგაც მომავალია, მაგრამ ის არ მაწყობს და არაფრად ვაგდებ.

მე ერთი რაღაც ვიცი. ესაა კონტაქტი საკუთარ თავთან. და მხოლოდ ასე დაიჭერთ იმ წამს, ახლა რომ გრუხუნებს, თქვენთან ერთად თუ მის გარეშე.

მილიარდობით ადამიანი სუნთქავს, დადის, ჩქარობს თუ ნეტარებით იზმორება.
მაგრამ ცოტა თუ გრძნობს იმას, როგორ დადიან მანქანები, ცოტა თუ აქცევს ყურადღებას ფეხის თითოეულ ნაბიჯს, სუნთქვას, საკუთარი ცხვირის წვერს თუ იმ ფიზიკურ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება.  წარმოიდგინე, რომ ფილმის პერსონაჟი ხარ, მაგრამ ფილმს ფონად შენი სხეულის ხმა ადევს.

გათენდა ის დღე, რომელიც ამტკიცებს, რომ ყველაფერი მოსწრებადი და შესაძლებელია, რადგან აქ ვართ, ამ დედამიწაზე,  არაამქვეყნიური გონი გვაქვს და რადგან ვიღაც სრულად ტკბება სიცოცხლით, ე.ი. ეს ჩვენც შეგვიძლია, ეს ჩვენც უნდა გავაკეთოთ.
ქვეყნიერება მხოლოდ ამ წამს არსებობს და თითოეულ წამს თავიდან იქმნება, რადგან წამზე უფრო ხანგრძლივი არაფერი გამოგონილა.

დღეს კი, ვეცდები, იმაზე უკეთესი გავხდე, ვიდრე ვარ. გავუმჯობესდე, გავძლიერდე და იმ წამს, როცა შესაძლებლობის წინაშე ვიდგები, თავაწეული შევხვდე. ესაა დღეს ჩემი გეგმა.

დილა მშვიდობისა!
image

image

image

image

image

image

image

მამის გაკვეთილები

image

მამა დავკარგე.

ჩემთვის უძვირფასესი ადამიანი აღარ დამიძახებს ბუხუნა ხმით სახელს , ვეღარ მეტყვის “მამა გენაცვალოსო”, ვეღარ მომიყვება თავის არანორმალურ  ისტორიებს….

ან ჩამოთვლას რა აზრი აქვს, რა შეავსებს იმ უზარმაზარ ხვრელს, ჩემი ზომიერად ფერხორციანი მამიკო რომ ავსებდა.

ჩვენ მამა-შვილზე მეტად მეგობრები გვეთქმოდა. სანამ ხანმოკლე სიცოცხლეს გამოესალმებოდა, მამამ მთელი რიგი გაკვეთილები ჩამიტარა. აბა, როგორ არ უნდა მოგიყვეთ!

მამამ მასწავლა, რომ ადამიანს შეუძლია იყოს უჭკვიანესი, უსაზღვროდ განვითარებული და ნაკითხი. პირადი მაგალითით.

მასწავლა, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვუღალატოთ ადამიანობას, მის შემთხვევაში, “კაცობას” და განურჩევლად ყველასთან მართლები უნდა ვიყოთ. როგორ ბანალურად ჟღერს და როგორ აგიხსნათ რას ვგულისხმობ!
ალბათ, ყველაზე მეტად იმას ვგულისხმობ, რომ ადამიანებს ბევრი შანსი უნდა მივცეთ, გვერდით დავიყენოთ და მიუხედავად ჩვენი თანამდებობისა, აღმა თუ დაღმასვლისა, არ მივატოვოთ. მამას არცერთი მეგობარი არ დაუკარგავს.

ყველაზე გამორჩეულად ერთი გაკვეთილი მახსოვს – ის, რომ თუ არ გვიმართლებს, ან არც ისე მაღალი თანამდებობა გვიჭირავს, “დაბალი დონის” რამეები არ უნდა გავაკეთოთ. თუ წინ ვიყურებით, “კლასი” არ უნდა დავკარგოთ. მაგალითად, ყავა არ მოუდუღო უფროსსო, დამარიგა, თორემ სულ იქ დარჩები მერეო. არც მე მიკადრებია ჩემი თანამშრომლებისთვის, იმიტომ, რომ ჩემს შვილებს წარმოვიდგენ მათ ადგილასო.

ჩამიტარა მეგობრობის მასტერკლასი. მამაჩემის
სამეგობრო წრე ამ ფენომენის საუკეთესო შემთხვევაა;

მასწავლა, რომ არაფრად უნდა ჩავაგდოთ პარტიული ხალხი და არც არავისი უნდა გვეშინოდეს. ერთხელ, ერთ-ერთ დაწესებულებაში სააკაშვილის პორტრეტზე რაღაც სითხის აღმოჩენით შეშფოთებული ხალხი “დაამშვიდა”, რომ პორტრეტს, სავარაუდოდ, მირონი სდიოდა. რამდენი ერთი გავიხსენო…

მასწავლა, რომ მუშაობისას, თუ საჭიროა, სტოპზე უნდა გყავდეს ყველა, სიმკაცრე უნდა გამოიჩინო, ყველაფერი პირადად უნდა აკონტროლო, გამოიანგარიშო და არავის ენდო;

მასწავლა, რომ თავდაჯერებული უნდა ვიყო;

კიდევ, გემოვნების ფასი;

ბუნაგობანას თამაში;

დამოუკიდებლობის ფასი;

ის, რომ “Hangover” ზე მაგარი თავგადასავლებიც არსებობს და უმეტესობა ალკოჰოლს უკავშირდება;

გარდა თაფლისფერი თვალებისა, ძილის სიყვარულიც მამიკოსგან მერგო;

ლექციების და გაკვეთილების გახალტურებისკენ მიდრეკილებაც;

თავისუფლების უზომო სიყვარულიც და დამოუკიდებლობაც.

სხვა ვინ დააძინებდა 2 კვირის ბავშვს ჩაქაფულის რეცეპტით, ვინ ეტყოდა ჩემს დას, რომ კარგი ხმა აქვს და ვინ შეუტევდა ტაქსისტს “სწრაფად წადი, მეჩქარება, შაბათის შოუ იწყებაო”.

არ ვიცი, რამდენად გამომივიდა გაკვეთილების გადმოცემა, მაგრამ, აბა როგორ არ დამეწერა, რომ ყველაზე ნიჭიერი, მხიარული, ლამაზი და ფუნჩულა მამიკო მყავდა მთელ დუნიაზე.

მე კი, ისღა დამრჩენია, ისეთი ვიყო, მამა რომ იამაყებდა.

image

სანამ ვენიდან ჩამოვიდოდი

images

რაღაც არ გიპოვიათ და ძალიან არ გაგხარებიათ?!!

მე ვიპოვე ჩანაწერი, ვენის აეროპორტში რომ გავაკეთე და აღარ მახსოვდა!

Continue reading “სანამ ვენიდან ჩამოვიდოდი”

რა მასწავლა “ქალწულმა” ბრენსონმა

wpid-XSiSs8av83k.jpg

დღეს შესანიშნავი დღე გამითენდა – გავეცანი რიჩარდ ბრენსონის წიგნს ”screw, do it”!
გირჩევთ თავადაც გაეცნოთ, მე კი საკუთარ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ.

ბრენსონი უდიდესი იმპერიის – ვირჯინ ეარლაინსის, ხმის ჩამწერი სტუდიის ვირჯინ რექორდსის, რკინიგზის ვირჯინ ლედის და ა.შ. დამფუძნებელ- მმართველია. ბიზნესში გამოუცდელმა თავის კომპანიას “ვირჯინ” უწოდა, დღეს კი საკუთარი რეალითი შოუ აქვს, კუნძულიც და სავსე ცხოვრებით ცხოვრობს. თუმცა, ეს რა მოსატანია, როცა მისი პირადი მაგალითით და აზროვნების წესით შეიძლება ჩვენც ბევრი ვისწავლოთ.

ესაა ადამიანი, რომელმაც 5 წლის ასაკში ისწავლა ცურვა, რომ დეიდასთვის 10 შილინგი მოეგო, 16 წლის ასაკში მიატოვა სკოლა, რომ ჟურნალი გამოეცა, შემდეგ მუსიკალური მაღაზიები გახსნა, მერე ხმის ჩამწერ სტუდიებზე გადავიდა და ა.შ.
ბავშვობაში საშობაო ნაძვის ხეების გახარებაც სცადა, რეკორდიც დაუმყარებია და ერთხელ დააპატიმრეს კიდევაც. ნამდვილი ბუნტისთავია, და მის რეალით შოუსაც ასე ქვია -ბუნტისთავი მილიონერი.

მე კი უმთავრესს გაგიზიარებთ, იმ გაკვეთილებს, რომლებიც საკუთარ ოთახში მივიღე.

1. არასოდეს გაეტიროთ წარსულს. განვლილს ვეღარაფერი შეცვლის, წარსულზე ფიქრი და სინანული კი მხოლოდ რამდენიმე მოვლენაზე მიგვაჯაჭვებს. რიჩარდიც, წესით, იმ იახტას უნდა მისტიროდეს, რომელიც საკუთარი დაჟინების გამო დაკარგული ეგონა – ეს ხომ მან სთხოვა მენავეს შტორმის მიუხედავად გაეცურა. იახტა დაიკარგა, სანამ რიჩარდი და მისი ცოლი სანაპიროსკენ მიცურავდნენ დახმარების სათხოვნელად. მოგვიანებით რიჩარდმა გააანალიზა, რომ გემის გაუმართაობა მისი ბრალი არ იყო, ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო და არც ბევრი უდარდია. წლების შემდეგ კი შეიტყო, რომ მთელი ეკიპაჟი თავს მშვენივრად გრძნობდა. კიდევ კარგი წლები ვაებასა და ”გაუჩინარებული” იახტის უშედეგო ძიებაში არ გაატარა. გემმა თავს მშვენივრად უშველა, სანამ ჩვენი წყვილი აბობოქრებულ ტალღებს მკერდით მიაპობდა.

2. მთავარია მივიღოთ სიამოვნება იმისგან, რასაც ვაკეთებთ!
რიჩარდი მთელი სულითა და გულითაა ჩართული იმაში, რასაც ხელს კიდებს და კარგად ერთობა კიდევაც. ამიტომაც არ აპირებს სიბერის გატარებას წყნარად, მამაპაპისეულ მამულში. 
Continue reading “რა მასწავლა “ქალწულმა” ბრენსონმა”

ოპტიმიზმი + 2

ჯობს ერთ რაღაცას თავის დროზე შევეგუოთ: უმეტესწილად (ზედმეტად უმეტესწილად), ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც ვგეგმავთ. ყველაფერს ვგეგმავ და ოდესმე ყველაფერი მიხდება, ოღონდ არა იმ გზით, რომელიც მე გამოვიგონე. ანას პერსონალური რეჟისორი ჰყავს! რა საამაყოა!!! 9764-092843_L

მამიდასთან სტუმრობა ძალიან მიყვარს. ცხელ ყავასთან და ნაირ-ნაირ ტკბილეულობასთან ერთად იმდენ საინტერესო ამბავს მიყვება ხოლმე, რომ გაგიჟება შეიძლება 🙂 არაფერს იგონებს და არც იტყუება, ამიტომ მეც ერთ, მამიდას მიერ მოყოლილ ამბავს მოგიყვებით, ოღონდ გადამოწმებას ნუ მთხოვთ, ინტერნეტში ვერ მივაგენი.

როდესაც (რუსი?) ექიმები პაციენტთან ჰიპნოზის მეთოდს იყენებდნენ, სრული ცნობისმოყვარეობის გამო ეკითხებოდნენ, თუ რას გააკეთებდნენ მომავალში, ვთქვათ, მომავალი 1 კვირის განმავლობაში. (ახლო მომავალში, რომ გადამოწმება შეძლებოდათ).

წარმოიდგინეთ, წინასწარ ყველა პაციენტმა იცოდა სად იქნებოდა და რას გააკეთებდა, ვთქვათ, 3 დღის შემდეგ!!  Continue reading “ოპტიმიზმი + 2”

2013 წლის საუკეთესო ნაწილი

2013 წელს ყველაზე, ყველაზე კარგი ის მოხდა, რომ ვიმოგზაურე! მქონდა ბედნიერება მენახა ვენა, ბუდაპეშტი, სლოვაკეთის მთები და ბარები, გამეცნო უამრავი ადამიანი და თავი ძალიან, ძალიან ბედნიერად მეგრძნო!

საუკეთესო მომენტების სათავეში კლასიკური მუსიკის ფონზე ვენით ტკბობაა. სიწყნარე, სითბო, ულამაზესი შენობები, ქუჩები, ბაღები, სასახლეები, მუზეუმები, ყვავილები, ღიმილიანი სახეები და ვენური ვალსები. 🙂 IMG_5409დილით იმ შეგრძნებით გაღვიძება, რომ რაღაც ახალი უნდა ნახო და ძალიან მაგარი დღე გელის! ძალიან სუფთაა ვენა, ლამაზი, კარგად დაგეგმარებული და წყნარი. მოკლედ, ნამდვილი ქალაქია და არა ქალაქის უნიჭო იმიტაცია, რომელშიც ვცხოვრობთ. სიამოვნებით შეგიძლია იმგზავრო საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც. IMG_5215 მეტროში საერთოდ ვერ გრძნობ ხმაურს და არც ქანაობ. ჰო, სტუდენტური ბარათები აუცილებლად წაიღეთ თუ გაგაჩნიათ.  აქაურობისგან განსხვავებით, იქ ნამდვილად მიიღებთ ფასდაკლებებს მუზეუმებში და ალბათ სხვა ადგილებშიც. Continue reading “2013 წლის საუკეთესო ნაწილი”

ჩემი Impress იები

Image

5 იანვარი.

გაოცდები იმდენად ერთფეროვანი და არაფრისმომცემი, მართლაც, მომაკვდინებელია ის დღე, როცა ახალს არაფერს ქმნი. არც ფრაზას აქვს მნიშვნელობა, და ცხოვრებაც ისეთი შორეული ჩანს, როცა რეალურად ცხოვრება ამ წამის გ ა ნ მ ა ვ ლ ო ბ ა შ ი მიმდინარეობს. ასეთი დღეები უბრალოდ რეაქციებს და პროცესებს ანელებს შენში. თუნდაც 0.00001 % ით. და გკლავს.

გადავწყვიტე, ბლოგზე გამოვფინო ის სახეები და შთაბეჭდილებები, რომლებსაც ყოველ დღე აღვრიცხავ.

შთაბეჭდილებები. ნაწილი 1

22 ნოემბერი.  და თემა გენდერზე. ჩემთვის ძალიან გაცვეთილი, ამრეზამდე მისული თემა. გენდერს რომ ვიგებ მინდა მაგრად დავიჯღანო ხოლმე.

რაც ყველაზე მთავარია, ჯგუფელი მამრი მიყვებოდა როგორ გაასაზიზღრა თავის თემაში გოგოები, როგორი სუსტები და სულელები არიან, თან, საყვარლები, და რა ადვილად შეუძლია ნებისმიერ ბიჭს 2იოდე კომპლიმენტის წყალობით გაალღვოს ნებისმიერი “რკენეს ლედე”. რამდენიმ მაგალითიც მოიყვანა პირადი გამოცდილებიდან.

მივხვდი, როგორი სამკურნალოა კაცობრიობა.

მოდით, რა, გოგოებო, გამოვიდეთ “კატისებრთა ოჯახიდან”!!! ბიჭს ისე უნდა ვუყურებდეთ, როგორც კაცი უყურებს „მაგარ ნაშას“, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ბიჭზე გადავირიეთ ისეთი მაგარია.  Continue reading “ჩემი Impress იები”

ჩემი დიდი, ციცაბო, თოვლიანი მთა

ორშაბათი დილა: ორგანაიზერი, ყავა, სარკე,  უნივერსიტეტი, სახლი,  ტელევიზორი ჩართულია, სწავლა, მერე თუ თავი მაქვს რამე საინტერესოს გაკეთება, ძილი…….

” არასოდეს ვწყვეტთ ყვირილს. ჩვენ ჩვენს საწყისებს ვუბრუნდებით”

როცა მეგობრებს ვეუბნები, რომ საკუთარ თავს ადამიანად აღარ აღვიქვამ, ჰგონიათ, რომ საკუთარ თავს რამეს ვუშავებ, რომ დეპრესიული ვარ, თავს ვიტანჯავ… ისე, პირიქით ხდება.  ხშირად აღფრთოვანებული და გაოცებული ვარ,  ვგრძნობ, რომ ჩემი თავი უკიდეგანო  გალაქტიკაა, ისევე, როგორც მთელი გარემოცვა, მე ერთი ღვთაებრივი ტვინის ნაწილი ვარ, რომ, სადაც კოსმოსში ვმოძრაობ და ვუმჯობესდები ახალი აზრის მისაღებად, და ეს ყველაფერი ერთი წამია, რომელიც,  ლოგიკურად ვიცი რომ დამთავრდება, მაგრამ კიდევ უფრო ღრმად მწამს, რომ ჩემი შემთხვევა რაღაც განსაკუთრებულია და უბრალოდ შეუძლებელია დამთავრდეს… შენ მოვლენა ხარ, ადამიანი, რომელიც კლდეზე ცოცხალი სამყაროს ჩრდილების მაყურებლებს ეუბნები, რომ ნამდვილი სანახაობა გამოქვაბულის გარეთაა. ქვეყნიერება ახლა და აქ არის, ჩვენს თვალწინ, ამ წამს, ადამიანები კი სადაც შორს ეძებენ… ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა.

არადა, როგორ ვიკარგებით… ღმერთმა უწყის, რამდენ რაღაცას გახვევენ თავს. ტვინი წაიღეს ლოზუნგებით: გავიუმჯობესოთ საკუარი თავი, ჩაებით ჩვენს ტრენინგში და გახდით წარმატებული, დახუჭეთ თვალები და… დაინახავთ მზეს, იშოვეთ მილიარდი, ჯერ ეს არ გააკეთოთ, სადმე დაიწყეთ მოხალისეობით, ეს ისეთი რთულია, ამისათვის მილიარდი წელი და 12000000 საათი დაგჭირდებათ, მართეთ დანარჩენები, დაზოგე წელიწადში 2 კვირა მოწევისათვის თავის დანებების ხარჯზე, მოახდინეთ შთაბეჭილება….

სასაცილოა.

სხვათა შორის, აღმოვაჩინე, რომ რთული არაფერია. ისევე, როგორც ცნება “ახალგაზრდობა” ესეც საკუთარი უმოქმედობის გასამართლებლადაა მოგონილი.

პრობლემა თქვენში კი არა, დილეტანტთა გარემოშია. “თუ იცი, რომ ნიჭიერი ხარ, თავი დილეტანტებს ხელში არ უნდა ჩაუგდო” – თქვა ჩემმა ემიმ.

წარმოიდგინეთ, რომ ყველაფერი გაქვთ და მართლა გექნებათ. სისულელეების გამო ნუ დაგეცემათ თვითშეფასება. წარმოიდგინეთ რა იდეალურია იყო ადამიანი! და თუ ვიღაცას თუ არ მოეწონეთ გასაუბრებაზე, არ ნიშნავს, რომ თქვენს თავს რაღაც ვერაა. იმასაც გეტყვით, რომ გასაუბრებათა “წარმატების გასაღები” აღმოვაჩინე – რაც შეიძლება სწრაფად და დამაჯერებლად ილაპარაკეთ, “ძალიან წარმატებულად” 🙂

კინაღამ მეც შევუერთდი დაკომპლექსებულთა “მილიონნიან” რიგებს. მომინდა ნაკლებად მორცხვი ვყოფილიყავი და ბიბლიოთეკიდან წიგნი გამოვიტანე სახელწოდებით: “თვითპრეზენტაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში” . როცა აღმოვაჩინე,  რომ დიდი იდიოტობაა, თავი ამერიკული ფილმის მარტოსული პერსონაჟი მეგონა, წიგნის მაღაზიის იმპერიაში უბედურათვის განკუთვნილ უზარმაზარ თაროებს რომ ათვალიერებს და იმ წიგნს იღებს, რომელზეც ყველაზე დეპრესიული წარწერაა. გადავწყვიტე მსგავსი რაღაც არასოდეს გავაკეთო, არც წიგნებს წავიკითხავ და არც რომელიმე ფსიქოლოგიურ ტრენინგს შევუერთდები. ადამიანი ერთდროულად შეიძლება იყოს აქტიური და მორცხვი, დაბნეული და ორგანიზებული, მორიდებული და თავდაჯერებული. არა, ნამდვილად ცუდად მაქვს საქმე. ის მამშვიდებს, რომ ეს სიტყვები ერთმანეთის ანტონიმები არაა, მრავალფროვანი ხასიათი კი იმის გარანტიაა, რომ არასოდეს მოიწყენ საკუთარი თავის სეირის ცქერით, მაგალითად, თუ მთელმა სამყარომ გაიგო როგორ თქვა ლექტორმა, რომ სხვა აუდიტორიაში უნდა მიხვიდე მეორე ლექციაზე, სასწაულის ძალით შენ ვერ გაიგებ და 2 ქულას დაკარგავ… ეს უნდა გამოსცადო! (ან, არა, იყოს…)

ვიბნევით. ყველანი ვიბნევით. ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვცხოვრობთ. 1 დღე, მეორე. ირევი, მარტო ხარ, გესმის ამბები, რომლებიც ან ხდება, ან არა, აღარ იცი რაზე იფიქრო, გინდა ყველაფერს დაეწიო და გაიგო რა ხდება, იფიქრო ქვეყნიერებაზე და შეასრულო საშინაო დავალებები,  გესმის სიტყვები: განვითარება, ინვესტიცია, პიროვნული გაუმჯობესება, ტრენინგი,  სესია, იყავი უკეთესი, აირჩიე ბალი, წარმატებული, აქტიური, მოხალისე, გამოცდილება… და ყველა იბნევა. მერე სხვადასხვა ფრაზებში “გამოიჭერენ” წარმატები დევიზებს და სოციალურ ქსელში ალაიქებენ შემდეგი შინაარსის ფრაზებს:

“just do what must be done”

“don’t let anyone ever make you feel like you don’t deserve what you want”

“how to be happy – believe in yourself” ა.შ.

არაა საჭირო ყველაფრის გამეჯმენტება, ეს ფანტაზიას დააქვეითებს. მთელი აზრი კი გაოცების, აღფრთოვანების, ფანტაზიის უნარის შენარჩუნებაშია… არაა საჭირო მილიარდობით წიგნი, თუ როგორ მოვიქცეთ ორშაბათ დილით.

საუკეთესო საშუალებაა კომპიუტერის გამორთვა, მარტო დარჩენა.

თქვენ თვითონ დაიწყოთ საკუთარი წიგნის წერა, საკუთარ თავზე, რა გინდათ, რას და რატომ აკეთებთ, რა გამოძრავებთ და რას მიაღწევთ, ერთად მოუყრით თავს თქვენ მიერ მოპოვებულ თითოეულ სიბრძნესა თუ “ოქროს ფრზას”. ასე უფრო მარტივი და დალაგებული იქნება.

მინდოდა დამეწერა დაბნეულ და დაკარგულ ადამიანებზე, რომლებიც მოთმინებით ელოდებიან როდის ეწევიან ბედნიერებას, ილუზიაში, ვირტუალურ სამყაროში იძირებიან ისე, რომ ოცნებებს არ იხდენენ…

არადა სად მოგვეცემა ასეთი მეორე შანსი…

ხელოვანები, “მოკვდავები”, გაფრენა & სტანდარტები


ბოლოს ანტონ ჩეხოვის ,,შავი ბერი” წავიკითხე.

დავფიქრდი – რა ჯობია – იყო ნორმალურობის ფარგლებში განზრახ მოქცეული და ამის გამო უბედური გენიოსი  თუ ცოტათი ,,აფრენდე” და თავს უბედნიერესად გრძნობდე?.. – ეს მოთხრობის გმირს ეხება, კოვრინს, მე კი გენიოსობისგან ცოტა შორს ვდგავარ…

და მინც, რა არის ის სტანდარტი, რომელშიც ისე უნდა ჩაჯდე, რომ საზოგადოების ორგანული ნაწილი და თან, ამავდროულად, ბედნიერი იყო? თუ განსხვავებულად აზროვნებ, თუ შენს ფანტაზიას, ინტერესთა სფეროებსა და სურვილებს საზღვარი არ აქვს?.. სად უნდა დამთავრდეს ჰალუცინაციები? საბოლოოდ, რამდენის უფლება უნდა მისცე საკუთარ თავს?..

ალბათ, გააჩნია ვინ ხარ, ან, საერთოდაც, არ აქვს მნიშვნელობა…

ყველაფერი თავდაჯერებიდან იწყება.

თქვენ, ადამიანებს, უდიდესი, ბრწყინვალე მომავალი გელით. რაც ბევრია დედამიწაზე შენნაირი, მით სწრაფად აცხადდება ეს მომავალი. უთქვენოდ, უმაღლესი საწყისის მსახურთ გარეშე, შეგნებულად და თავისუფლად რომ ცხოვრობთ, კაცობრიობა აღარ იქნებოდა: ბუნებრივად რომ განვითარებულიყო, კიდევ დიდხანს მოუწევდა თავისი მიწიერი ცხოვრების დასასრულის ლოდინი. თქვენ ხომ რამდენიმე ათასი წლით ადრე შეიყვანთ მას მარადიული სიმართლის სამეფოში – და ესაა თქვენი უდიდესი დამსახურება. თქვენ ღვთის ლოცვა-კურთხევას განასახიერებთ, ადამიანებზე რომ გარდამოვიდა…

…შენი ჯანმრთელობა იდეას შესწირე მსხერპლად ….

…ჩემო მეგობარო, ჯანმრთელი მხოლოდ საშუალო, ჯოგის ადამიანები არიან. მოსაზრებანი ნერვიულ საუკუნეზე, გადაღლილობაზე და ა.შ. სერიოზულად მხოლოდ მათ აღელვებთ, ვინც ცხოვრების მიზანს აწმყოში ხედავს, ანუ ჯოგის ადამიანებს…

…ამაღლებული განწყობილება, ექსტაზი-ყოველივ ის, რაც წინასწარმტყველებს, პოეტებს, იდეისათვის მოწამეთ გამოარჩევთ ჩვეულებრივი ადამიანებისაგან, მიუღებელია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის… თუ გინდა ჯანმრთელი და ნორმალური იყო, წადი ჯოგში.

“ჯოგი” მეხამუშა. საზოგადოება, ადამიანების ერთობა რატომაა ჯოგი? ძალიან, ძალიან ბევრი რამ აუტანელი და საძულველია ჩემვის, ხშირ შემთხვევაში მართლა უხდება სიტყვა ,,ჯოგი”, მაგრამ მაინც არასწორია. ჯოგში მოიაზრებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც… ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობენ? კი მაგრამ, ისევე ცხოვრობენ, როგორც ნებისმიერი ,,გენიალური ადამიანი”… ძალიან ცოტა განდგომილ ადამიანს ვიცნობ ყოველდიური ცხოვრებისგან, არა, საერთოდ არ ვიცნობ, მარტო ბერები… ბერები არიან გენიალურები?…

ვაპროტესტებ ,,დიდ ადამიანთა” ქცევას. სიმარტოვე საჭიროა, მუზა, გარემოც საჭიროა, მაგრამ, თუ ასეთი გარემო არ გააჩნია შემოქმედს, ეს გარშემომყოფების ბრალი სულაც არაა.

ციტატა ბესიკ ხარანაულის ლექსიდან ,,ვაჟა-ფშაველა ცხენით მიდის ჩარგლიდან თბილისში და გზად თავის ცოლს ებაასება”

– კი, ეგრე არის, სულ უბრალოდ, უმიზეზოდ ვღიზიანდები,

კი, სწორი არის, ნერვიული გავხდი, სასტიკი…

…განა მე ვერ ვგრძნობ, თუ როგორი სასაცილო ვარ,

დაშლილ გუთანში შებმულ ხარებს თავს რომ დავჭყივი,

და ლამის არის, ჩემიცა და ქვეყნის ცოდვაც მათ დავაბრალო…

…გახსოვს, რომ ვიჯექ და რომ ვწერდი სახეამწვარი

და ახალუხის კალთაზე რომ ცოცხი მოგიხვდა,

რა ამბავი დაგაწიე, ხომ გახსოვს, მაშინ?…

…სამაგიეროდ, არასოდეს დაივიწყებენ,

როგორ ვიბრძოდი ჩემი ხალხის მომავლისათვის

და ოდნავადაც არავის არ გაახსენდება,

ღამით სახლიდან რომ გაგყარეთ და ზვინში რომ გაგათევინეთ…

ლექსი ლექსია, ის ნამდვილ ვაჟას (იმედია) არ აღწერს, მაგრამ, ფაქტია, ეს ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ავტორის ნამუშევარია. დანამდვილებით ვიცი, ხშირად მართლაც ასე გამოიყურება შემოქმედთა და “რიგით მოკვდავთა” თანაცხოვრება.

სადაა მეორე მხარის ბედნიერება, თუ შემოქმედი ცას სწვდება სიხარულით?..

სახლისაკენ მხიარული და ბედნიერი დაბრუნდა… იყო რჩეული, ემსახურო მარადიულ სიმარლეს, იდგე მათ გვერდით, ვინც რამდენიმე ათასი წლით ადრე გახდის ცათა სასუფევლის ღირსს კაცობრიობას ანუ აარიდებს ხალხს ბრძოლის, ცოდვისა და განცდების რამდენიმე ზედმეტ ათასწლეულს…

…გაურკვეველ სიხარულს, მთელს მის არსებას რომ ავსებდა, იოკებდა, შემდეგ ისევ გაიარ-გამოიარა და სამუშაოს მიუჯდა. რაღაც გიგანტური უნდოდა, უსაზღვრო, გამაოგნებელი…

მოკლედ, გარკვეული დროის შემდეგ თავად დაასკვნა, რომ გაგიჟდა და ცოლს ნება მისცა მისთვის ემკურნალათ. აღელვებამ, სულიერმა აღტყინებამ გადაუარა და თავი უბედურად იგრძნო. რა თქმა უნდა, ,,დამნაშავე” ცოლს მიადგა, დატანჯა და გააუბედურა, თვითონაც მოარულ შხამად გადაიქცა. ისევე, როგორც ვაჟას “გველისმჭამელი” მინდია.

არ აქვს მნიშვნელობა რას წარმოადგენ. “asshole” ობის უფლება არავის აქვს!

თუ ზებუნებრივი ბერი მარტო მან ნახა, ნიშნავს, რომ ავადაა და ჰალუცინაციები დაეწყო.

-მაგრამ მე ხომ კარგად ვარ, არავის არაფერს ვუშავებ; ანუ ჩემს ჰალუცინაციებში ცუდი არაფერია” – გაიფიქრა და თავი კარგად იგრძნო.

ზუსტად!

ბედნიერებას ნება უნდა მისცე მთლიანად მოგიცვას, შემოქმედებით სიამოვნებაზე დიდი ნეტარება არ არსებობს.

მარადიული ცხოვრების მიზანი ნეტარებაა!

რა მოხდა, თუ ჰალუცინაციები გაქვს, ან, თუ სულ სადღაც დაფრინავ და თუნდაც შენთვის იცინი?

ეს წვრილმანია. ნამდვილი ბედნიერება გადამდებია. ნაწამოების გმირიც უბედნიერესი იყო, ყველაფერს სიცოცხლეს ჰფენდა, ყველას ამხნევებდა… ბედნიერება კი იმიტომ წაერთვა, რომ შეეშინდა…

რატომ არ დამიჯერე. მაშინ რომ დაგეჯერებინა, გენიოსი ვარო, ამ ორ წელს ასე სევდიანად და მწირად არ გაატარებდი.

ჰობსის ნათქვამის არ იყოს, ჩვენ მხოლოდ ჩვენ საკუთარ ცხოვრებას ვგრძნობთ, მაგრამ:

-ჩვენ ქვეყნის პატრონები არ ვართ, შვილო! ქვეყანა მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის! -ეუბნება მამა შვილს

-არ მჯერა!

-ძალიან კარგი! (მხ. ფილმი “Baaria”)

არ არსებობს ჯოგი და სამოთხე.

არსებობენ შემდგარი და შეუმდგარი ადამიანები.

შეუმდგარი ხელოვანები და შემდგარი რიგითი მოკვდავები.

ჰალუცინაცია კი უწყინარი ფანტაზიაა… მერე რა?…

კომპლექსების თეორია

უკვე დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ ადამიანის ხასიათს დიდწილად მისი გარეგნობა განაპირობებს. გარეგნობა გარკვეულ სტანდარტებშია მოქცეული, სტანდარტებთან სიახლოვის ხარისხი მეტ კომპლექსს ან მეტ თავდაჯერებულობას გვიქადის.

კომპლექსების თეორია-  დაბალანსების პრინციპს ეყრდნობა.

მოკლედ, წარმოიდგინე, სარკეში ხედავ, რომ გაქვს სხვადასხვა ნაკლი. მაგალითად, ვერ იტან შენს ცხვირს. ყოველ ჯერზე, როცა მას ხედავ, ცდილობ მოგეწონოს, ან, ყურადღება მაინც არ გაამახვილო შენს კეხზე. სამაგიეროდ, იცი, რომ ხარ მაღალი, გაქვს ლამაზი თვალები, მომხიბვლელი ღიმილი, სხვ.

იმ დღეს აუცილებლად შეგხვდება ტანმორჩილი ადამიანი, რომელიც ავტომატურად დაიწყებს ფიქრს შენს კეხიან ცხვირზე, სამაგიეროდ, შენც ფიქრობ ზედმეტს მის ზედმეტ წონაზე, სიმაღლეზე,  მას კი ცისფერი თვალები აქვს გამოკვეთილი.

შენ შენი მსგავსი “სელებრითი” გირჩევნია მსოფლიო სილამაზის ეტალონებს.

სრულყოფილი ადამიანები “შენში ვერ ჯდებიან”. ამბობ, რომ არ მოგწონს ისინი, ან, მოგწონს, მაგრამ არ გიყვარს, განსაკუთრებით მკაცრად ექცევი და ზედმეტს ითხოვ მათგან. ცდილობ შეეხო მათ გემოვნებას, ან, თუ კარგად გამოიყურებიან, გაიფიქრო: ,,განსაკუთრებული არაფერი, ისეთები დადიან”…

,,კარგია, მაგრამ უბრალო გარეგნობა აქვს” და ა.შ…

(ყველაზე კარგები რომ განსაკუთრებულად ისჯებიან, ამის მოყოლას არ დავიწყებ.)

რაც უფრო მეტად გაწუხებს შენი კომპლექსი, უფრო გამალებით ცდილობ მის გადაფარვას: შენი ,,თავდაჯერებული”ქცევით, ენაწყლიანობით, იღებ ბევრად მეტ სურათს, ვიდრე სხვები.

საკუთარ თავს ადარებ უამრავ სხვა, ნაკლიან ადამიანს. დასკვნაც სახეზეა: ,,რითი ვარ ვინმეზე ნაკლები?”

სილამაზის კონკურსებს გადახედეთ: კარგ ფიგურას + დიდი ცხვირები, გასასწორებელი კბილები, ა.შ. რა თქმა უნდა, ბევრი ლამაზი მონაწილეც გვხვდება. ამ დროს ეკრანთან მჯდარი ადამიანი ფიქრობს: ძალიან კარგები არიან, მაგრამ… ქალს არ უხდება სიმაღლე, ან, გამარჯვებულის ნიკაპი არ მომწონს, ან, ვერ მეტყველებს, ან, უკეთესი გოგოები დადიან, მილიონჯერ უკეთესები!

დაკომპლექსებულთათვის ყველაზე გავრცელებული ქცევის გზებია:

  1. ,,კაცის ქონება, ჭკუა-გონება”. ძალიან ბევრი ცდილობს მოწონება გონებაგახსნილობით დაიმსახუროს. ძალიან კარგად  ისწავლოს, ყველაზე მეტად იაქტიუროს, რამე ისეთი შეიმეცნოს მთელ დედამიწაზე არავინ რომ არ იცის, ნებისმირ თემაზე საუბარს იწყებს სიტყვებით: ,,მე მიმაჩნია, რომ…”, დაუღალავად ყვება იმაზე, თუ რამდენი აქვს წაკითხული, ან რამდენს მეცადინეობს, არასოდეს იღლება…
  2. იუმორი. ძალიან ბევრი ,,ღრმად შესული” ადამიანი გამოსავალს იუმორში ხედავს. დასცინის ყელაფერს, იცინის ყველაფერზე. ხაზს უსვამს საკუთარ ნაკლს საათში 10ჯერ მაინც, დასცინის მას და ძალიანაც მხიარულობს. საკუთარ თავთან დარჩენილები, როგორც წესი, დაღონებულები და დეპრესიულები არიან. ცოტა ხნის წინ გადაცემაც ვნახე, TLC ზე, უშველებელი მკერდის პატრონი ახალგაზრდა ქალი წლების განმავლობაში ჯამბაზივით იქცეოდა მეგობრების გარემოცვაშიც კი, იცინოდა საკუთარ ნაკლზე, ზედმეტად ბევრს ხუმრობდა, რეალურად კი ძალიან უბედური იყო. გადაცემაში “გაშალა კარტები” ( 🙂 ) და ოპერაციამდე მეგობარს გაუმხილა რაც ხდებოდა მის თავს. ხდება ხოლმე…
  3. აგრესია. პირადად ვიცნობ დაკომპლექსებულ, აგრესიულ ადამიანებს. აგრესიას თან ხელოვნებას ან “მაგარ სწავლას” დაურთავენ ხოლმე. ზუსტად, ყურადღებასაც იპყრობენ, ბევრის გაოცებას ან ,,შეხვევას” ახერხებენ (ძალიან ბევრი ცდილობს მიეკედლოს ასეთ ძლიერ, თავდაჯერებულ პიროვნებას), ყველასათვის თითით საჩვენებლები არიან, მათ სახელსა და გვარს ერთხელ რომ გაიგებ, აღარ დაგავიწყდება. საკუთარი გამოცდილება მარწმუნებს, რომ ეს მიწერილი ხასიათი ძალიან ფასადურია, მის უკან არც ბრჭყვიალა ტვინი იმალება და არც მოცარტის გენია. საუკეთესო შემოქმედები თავმდაბლები არიან! რა თქმა უნდა, არ უარვყოფ, რომ ასეთ ადამიანთა შორის უამრავი ნიჭიერიც იქნება.

კიდევ რამდენის დაწერა შეიძლება…

მოკლედ, ,,ლამაზ სხეულში ლამაზი სული ბუდობსო” ბრძენმა კაცმა თქვა. სიმპათიური ადამიანები ყველაზე გახსნილები, ლაღები და დადებითი პიროვნებები არიან.

დასკვნა:

ტყუილად არ ღირს თავის დატანჯვა. თუ რამე არ მოგწონს, უბრალოდ, პლასტიკურ ქირურგიას მიმართე. ჯანმრთელობას მიხედე და ეცადე ნერვულმა აშლილობამ არ დაგტანჯოს, გარშემომყოფებს მოუფრთხლდი, არავინ დატანჯო,  დადებითი მუხტი გაავრცელე. ზემოთ ჩამოთვლილ გადახრებს ნუ აიკიდებ გარეგნობის გამო (პ.ს. სია არასრულია), საკუთარი, სახასიათო სახე შექმენი… ეცადე, სულ ფორმაში იყო.

ბოლოს, ჩემს ერთ-ერთ საყვარელ გამოთქმას მოვიტან: ,,საქმე იმასთან დაიჭირე, ვისთან ერთადაც ყავას სიამოვნებით დალევდი”…

Love & L’ove (სიყვარული ღორებში)

მოკლედ, ცალი წარბი ზეცისკენ გამექცა და სახე შემეცვალა, რომელიღაც ძალიან გადამღერებულ ფილმში, როცა “კაცმა ქალს ყვავილები მიართვა”.

არც კი ვიცი საიდან დავიყო, ტელევიზორის გამორთვით, წარბების ჩამოქაჩვით, ცინიკური გამომეტყველების მოშორებით თუ ფსიქოლოგთან / ფსიქიატრთან ვიზიტით.

დაახლოებით იგივე დამემართა ჩემი უსაყვარლესი ბებია-ბაბუის პრე შეუღლების ისტორიას რომ ვისმენდი. “აფთიაქში სანამ სასწორზე ვისწავლიდით ფხვნილის აწონვას, ქვიშას ვწონიდით ხოლმე სავარჯიშოდ გოგოები. ვალოდიამ ქვიშაზე მკითხა რა არისო, ვუპასუხე სიყვარულის წამალია მეთქი. ვკითხე თუ გინდა მეთქი. მითხრა კიო”…

სადღაც რაღაც მეტკინა, რაღაც მეხამუშა, პრიმიტიულიც მეჩვენა, მაგრამ ყვლაზე მეტად გული დამწყდა.

ეს ერთი სუფთა, ძველებური, და ბებიაჩემის თქმის არ იყოს, ალალი ისტორიაა. ძველად მისაღები, დღეს კი ჩემში, (და მე პრეტენზია მაქვს რომ რომანტიული ადამიანი ვარ) აგრესია დაბადა – სიყვარულის, სიმღერების, ვარდების, გულების, ბუშტების მიმართ.

გაიხსენეთ 10 სიმღერა, რომელშიც სიყვარული არაა ნახსენები, ნებისმიერ ჟანრში, ნებისმიერი გემოვნებს მსმენელისათვის, დაწყებული ნინო ჩხეიძით, როკ კლასიკით დამთავრებული. “love” ს უმღერიან რეპერები, პოპის წარმომადგენლები, აგრესიულები, ნაზები, სიმღერის კონტექსტისა დ მელოდიის განურჩევლად, კლიპში ჩანს ბიკინიანი, შეღებილი გოგო და მუცელზე 8 კუბიკიანი ბიჭი, არადა მღერიან “ნამდვილ გრძნობებზე” (ეს ორი ერთმანეთს არ გამორიცხავს, მაგრამ კლიპში რა ამაზრზზენია!). Continue reading “Love & L’ove (სიყვარული ღორებში)”